იაზონ ტუმანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაზონ ტუმანოვი (დ. 2 ოქტომბერი, 1883 — გ. 22 ოქტომბერი, 1955) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავადი იაზონ ტუმანოვი დაიბადა 1883 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში. შთამომავლობით სამხედრო იყო. გენერალ–ლეიტენანტები იყვნენ მისი პაპა — ალექსანდრე გიორგის ძე და მამა, კონსტანტინე ტუმანოვი. საზღვაო ოფიცერი იყო მისი ძმაც, II რანგის კაპიტანი ვლადიმერ ტუმანოვი (1889–1920), რომელიც თეთრგვარდიელების მხარეს იბრძოდა და ბოლშევიკებმა მოკლეს ტაგანროგის ყურეში.

1901-1917 წლებში იაზონ ტუმანოვი მსახურობდა რუსეთის სამხედრო ფლოტში. გაიარა საზღვაო ოფიცრის კარიერის ყველა საფეხური. 1904 წელს დაამთავრა კადეტთა საზღვაო კორპუსი, სანაღმო საქმისა და საარტილერიო დამატებითი მოკლევადიანი კურსი და 1913 წელს - ნიკოლოზის საზღვაო აკადემია.

1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილეა. კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ მიჩმანის წოდებით მიავლინეს რუსეთის მეორე წყნარი ოკეანის ესკადრის ჯავშნოსან „არწივის“ ეკიპაჟის შემადგენლობაში. 1905 წლის მაისში, საარტილერიო დაბომბვის დროს იაზონი დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევით და ეკიპაჟთან ერთად მოხვდა იაპონელთა ტყვეობაში. 1906 წელს, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ვახტის უფროსად ნაღმოსან კრეისერზე, 1907 წლის თებერვლიდან საესკადრო ნაღმოსან „ უსურიელის“ შტურმანი იყო. 1907–1908 წლების საზაფხულო კამპანიის დროს მსახურობდა პეტერგოფის საზღვაო დაცვის N2 კატერის მეთაურად. 1908 წლის 27 აპრილს გადაიყვანეს კრონშტადტის პორტის შტაბის განკარგულებაში. 1910 წელს დანიშნეს რევიზორად კასპიის ფლოტილიის საკანონერო გემზე – „ყარსი“. 1911–1913 წლებში ხმელთაშუა ზღვაში ლაშქრობის დროს ეკავა საკანონერო გემის ვახტის უფროსის პოსტი.

1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იაზონ ტუმანოვი უფროსი ლეიტენანტის (1914) ჩინით მიავლინეს შავი ზღვის ფლოტში, მსახურობდა საესკადრო ნაღმოსან „კაპიტან–ლეიტენანტ ბარანოვზე“, შემდეგ მეთაურობდა ნაღმოსან „სიცოცხლისუნარიანს“. 1916 წლის 30 დეკემბერს მიენიჭა II რანგის კაპიტნის საზღვაო წოდება. ასრულებდა შავი ზღვის ფლოტის შტაბის ოპერატიული ნაწილის უფროსი ფლაგ–ოფიცრის მოვალეობას. საბრძოლო დამსახურებისთვის დაჯილდოვდა მრავალი მედლითა და ორდენით: წმ. სტანისლავის II ხარისხის მახვილებითა და ბაფთით; წმ. სტანისლავის III ხარისხის მახვილებითა და ბაფთით; წმ. ანას III ხარისხის მახვილებითა და ბაფთით; წმ. ვლადიმერის IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით.

1917 წლის აგვისტოში თავადი ტუმანოვი დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა დამხმარე კრეისერ „იმპერატორ ტრაიანეს“ მეთაურად. სამოქალაქო ომის დროს,1918 წლის აგვისტომდე ამიერკავკასიაში მეთაურობდა სომხეთის რესპუბლიკის დაცვის ფლოტილიას (გოქჩის ტბაზე), 1918 წლის მიწურულს სარდლობდა ასტრახანის სამხარეო მთავრობის ვოლგა-კასპიის ფლოტილიას. 1919 წლის იანვრიდან მსახურობდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამდინარო ძალების ერთ-ერთი დივიზიონის ფლაგკაპიტნად, შემდეგ შავი ზღვის ფლოტის სამმართველოს შტაბის უფროსთან დავალებათა შტაბოფიცრად. 1919 წლის ივნისიდან, ასევე, მსახურობდა შავი ზღვის პორტების სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსად. 1920 წლის 28 მარტს, გენერალ ვრანგელის ბრძანებულებით ტუმანოვს მიენიჭა I რანგის საზღვაო კაპიტნის წოდება და დაინიშნა ხომალდ „რუსეთის“ კომენდანტად, რომლითაც, ამავე წლის ნოემბერში ევაკუირებულ იქნა ყირიმიდან კონსტანტინოპოლში. მოგვიანებით გადავიდა იუგოსლავიაში, სერბეთში, 1924 წელს ურუგვაიში, 1925 წელს კი – პარაგვაიში.

იაზონ ტუმანოვი ფლობდა სამდინარო და საოკეანო ფლოტების შემადგენლობაში მიღებულ სამხედრო მოქმედებათა შესაშურ გამოცდილებას. პარაგვაიში იგი მიიწვიეს სამდინარო ფლოტის ჩამოსაყალიბებლად თეთრების გენერალ ივანე ბელიაევი|ივანე ბელიაევისა და კავალერისტ ალექსანდრ ერნის რეკომენდაციით, რომლებიც პარაგვაელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში ეხმარებოდნენ. ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონში ჩასული ტუმანოვი მოწიწებით მიიღეს, ქალაქის პრესტიჟულ გარეუბანში მამული აჩუქეს და კარგი ხელფასიც დაუნიშნეს. ქვეყნის გეოგრაფიის შესწავლისას მან დაადგინა, რომ პარაგვაის ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონდა. მდინარე პარანა კი, რომელიც ქვეყანას შუაზე კვეთს, ნაოსნობისთვის გამოსადეგი იყო. ამავე მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ოლქი - გრან-ჩაკო ბოლივიასა და პარაგვაის შორის დავის საგანს წარმოადგენდა და ორივე ქვეყანა საომრად ემზადებოდა. ბოლივიაში, ძირითადად, გერმანელ ოფიცრობას ეპატიჟებოდნენ, პარაგვაიში კი რუს თეთრგვარდიელებსა და ბრიტანელებს.

თავდაპირველად ტუმანოვმა კადრების მომზადებაზე იზრუნა. მან დაიწყო სამსახური სამხედრო ტექნიკოსად და ასწავლიდა კადეტთა საზღვაო სასწავლებელში. 1928 წლის ბოლოდან სამხედრო დაპირისპირების დაწყებისთანავე დაინიშნა სამდინარო ძალების სარდლის მრჩევლად. გაემგზავრა ფრონტის ხაზზე, სადაც უწევდა საკონსულტაციო დახმარებას პარაგვაელ მეზღვაურებს. ძირითად მის ამოცანას წარმოადგენდა რიო-ვერდეს (მწვანე მდინარის) შესწავლა ჯარებისთვის ტვირთების გადაზიდვის მიზნით.

1932 წლის 15 ივნისს, დილის 4 საათზე დაწყებული ჩაკოს ომი, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ მომდევნო წლის 10 მაისს გამოცხადდა, თავიდან ბოლივიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. პარაგვაის არმიამ მდინარე პარანამდე დაიხია და სწორედ მაშინ ჩაება ბრძოლაში იაზონ ტუმანოვის შექმნილ-გაწვრთნილი სამხედრო-სამდინარო ფლოტი. ეს კი უკვე პარაგვაელთა უპირატესობა იყო, რამდენადაც მათი მოწინააღმდეგეები არ ელოდნენ, თუ სახმელეთო სახელმწიფოს ესოდენ ძლიერი და მობილური სამდინარო ფლოტი ეყოლებოდა. მეზღვაურთა წარმატებით გულმოცემული პარაგვაელი ქვეითები შეტევაზე გადავიდნენ და ბოლივიელებს უკან დახევაც მალე აიძულეს. პარაგვაის არმიამ მთელ ფრონტზე შეუტია ბოლივიელებს და ორ-სამ კვირაში გამარჯვებასაც მიაღწია.

საბრძოლო დამსახურებისთვის თავად ტუმანოვს 1932 წელს მიენიჭა პარაგვაის II რანგის კაპიტნის წოდება (ჩაპიტან დე ფრეგატა) და დაინიშნა ფლოტის პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად. შემდგომ მიენიჭა პარაგვაის ფლოტის I რანგის კაპიტნის წოდება (ჩაპიტან დე ფრეგატა პრინციპე) და სამსახურის გასაგრძელებლად ფლოტში დარჩა, სადაც ეკავა სამხედრო პრეფექტურის (ფლოტის მმართველობის ორგანო) მრჩევლის თანამდებობა. მოგვიანებით, პარაგვაის პრეზიდენტმა ეუსებიო აიალამ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

იაზონ ტუმანოვი აქტიურად მონაწილეობდა რუსული კოლონიის ცხოვრებაშიც. 1949 წლიდან ცხოვრობდა ასუნსიონში, 1939–1954 იყო რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურის ვლადიმერ კირილეს ძის წარმომადგენელი. 1949 წლის 20 იანვარს გაწევრიანდა ამერიკაში მყოფ ყოფილ რუს საზღვაო ოფიცერთა საისტორიო კომისიაში. 1939-1954 წლებში მონაწილეობდა ასუნსიონის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობაში, იბეჭდებოდა საზღვაო ემიგრანტულ გამოცემებში, იყო „რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ საპატიო ვიცე-თავმჯდომარე, ამერიკაში რუსეთის საიმპერატორო ფლოტის ოფიცერთა საზოგადოების ისტორიული კომისიის წევრი. ავტორია რუსულად გამოცემული წიგნისა „მიჩმანები ომში“ (1930 წელი). იაზონ ტუმანოვი გარდაიცვალა ყელის კიბოთი 1955 წლის 20 ოქტომბერს ასუნსიონში და იქვე დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე მას მიაცილებდნენ არა მხოლოდ რუსული კოლონიის წარმომადგენლები, არამედ პარაგვაელი მეზღვაურებიც, რომლებიც არ ივიწყებენ მის დამსახურებას „მეორე სამშობლოს“ წინაშე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]