თხელკედლიანი კონსტრუქციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თხელკედლიანი კონსტრუქციებისამშენებლო კონსტრუქციები, რომლებსაც ერთი ზომა (სისქე) სხვა 2 ზომასთან შედარებით გაცილებით მცირე აქვთ (თხელი გარსები, გუმბათები, ნაკეცები, აგრეთვე, როგორც ელემენტებისაგან, შედგენილი რთული კონსტრუქციები). თხელკედლიანი კონსტრუქციების შესაქმნელად იყენებენ ნულოვანი, გაუსის ორმაგი სიმრუდის ან ნებისმიერი მოხაზულობის ზედაპირებს.

თხელკედლიანი კონსტრუქციები სეისმომედეგი, მსუბუქი და მაღალი სიმტკიცისაა, ხელსაყრელია დიდმალიანი სათავსების გადასახურად. ამის გამო ისინი ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში (საქართველოშიც) სხვადასხვა სივრცული კონსტრუქციის, შეაფრებული ფილების, ასაწყობი გარსების, ე. წ. „დარბაზის“ ტიპის გადახურვისა და სხვათა სახით. თხელკედლიანი კონსტრუქციებს ამზადებენ ლითონის, რკინაბეტონის, აგურის, ხის, პლასტმასისა და სხვა მასალისაგან, რომლებიც სხვა ფაქტორებთან ერთად ანიჭებენ მათ იზოტროპულ ან ანიზოტროპულ და დრეკად, დრეკად-პლასტიკურ ან პლასტიკურ თვისებებს.

თხელკედლიან კონსტრუქციებს იყენებენ აგრეთვე სპეციალურ ნაგებობებში (მაგ., თხევადი და ფხვიერი მასალის შესანახი სათავსების ასაგებად), საავიაციო და რაკეტულ ტექნიკაში, გემთმშენებლობაში, კოსმონავტიკაში (კოსმოსური ხომალდის კორპუსის ასაგებად) და ა. შ. თხელკედლიანი კონსტრუქციების მუშაობის პრინციპი სივრცითია. მაგ., გარსზე მოქმედ დატვირთვას ძირითადად აწონასწორებს ზედაპირის სიბრტყეში მოქმედი მემბრანული ანუ ტანგენციალური ძალვები, ხოლო ბრტყელი სისტემებისათვის დამახასიათებელი მღუნავი ძალვების გავლენა მცირეა. თხელკედლიანი კონსტრუქციებს გაიანგარიშებენ გარსთა მომენტური ან უმომენტო თეორიის თანახმად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქელაძე მ., გარსთა თეორიის საფუძვლები, თბ. 1974;
  • Векуа Н. Н., Теория тонких и пологих оболочек переменной толщины, Новосиб., 1964;
  • Власов В. З., Избр. труды, т. 1, М., 1962;
  • Ониашвили О. Д., Некоторые динамические задачи теории оболочек, М., 1957