თურღაის ფლორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭაობის კვიპაროზი

თურღაის ფლორა — კომპლექსი პალეოგენური ზომიერად თბილი ფართოფოთლოვანი ფოთოლმცვივანი მცენარეებისა, რომლებიც გავრცელებული იყო ჩრდილოეთ აზიაში, ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. სახელწოდება წარმოდგება თურღაის ღარტაფისაგან (ყაზახეთი), სადაც 1929 წელს საბჭოთა პალეობოტანიკოსმა აფრიკან კრიშტოფოვიჩმა ოლიგოცენურ ნალექებში აღწერა ამ ფლორისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი მცენარეული კომპლექსის ნაშთები: ჭაობის კვიპაროზი, მეტასექვოია, ალვის ხე, წაბლი, წიფელი, თელა, არყის ხე, მურყანი, ძელქვა, კომპტონია, თხილი, კაკლის ხე, ნეკერჩხალი, კორპის ხე და სხვ. თურღაის ფლორა თანდათან გავრცელდა აზიიდან ევროპაში და გააფართოვა თავისი არეალი იმ დროისათვის ევროპაში გაბატონებული პოლტავური ფლორის ხარჯზე, მიოცენ-პლიოცენში ჩაანაცვლა იგი, თუმცა ამ ფლორის ზოგიერთი ელემენტი მაინც შეინარჩუნა. თურღაის ფლორის ცალკეული წარმომადგენელი (წიფელი, წაბლი, ნეკერჩხალი და სხვ.) დღემდე შემორჩა, როგორც ევროპის, ისევე კავკასიის ფლორას. მისი თანამედროვე ანალოგია ჩრდილოეთ ჩინეთის, იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთი სანაპიროს ფართოფოთლოვანი ტყეების ფლორა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩოჩიევა კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 28.