თურქმენული ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურქმენული ლიტერატურალიტერატურა თურქმენულ ენაზე. თურქმენეთის კულტურა ძველი სპარსულენოვანი და მოსული თურქულენოვანი ტომების, ძირითადად ოღუზების, შერევის შედეგად აღმოცენდა. მასში შერწყმულია ორი ნკადი — თურქმენული და ირანული, ამიტომაც ხალხური და ძველი ლიტერატურის ძეგლები საერთო აქვს თურქმენ და სხვა (ტაჯიკ, სპარსელ, უზბეკ, აზერბაიჯანელ, თურქ) ხალხებს.

თურქმენეთის ხალხურმა სიტყვიერებამ შეინარჩუნა ინდო-ირანული და თურქული საწყისები. ხალხრური შემოქმედების ეპიკური ჟანრებიდან განვითარებულია დასთანი. საგმირო დასთანები თურქულ (ოღუზურ) თემატიკაზეა აგებული. უძველესია IX—XV საუკუნეებში შექმნილი და XVI საუკუნეში შეგროვილი თქმულებები — „დედე გორგუდის წიგნი“. დიდი პოპულარობით სარგებლობს ეპოსი „ქოროღლუ“. რომანტიკული დასთანები წარმოადგენენ ავტორთა მიერ ცნობილი აღმოსავლური სიუჟეტების გადამუშავებას (მაგ., „ლეილი და მაჯნუნი“, „იუსუფ და ზულეიხა“, და სხვ.). სპეციფიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირობების გამო თურქმენული ლიტერატურა, ფოლკლორის მსგავსად, XX საუკუნის 20-იან წლებამდე ზეპირად ვრცელდებოდა, რაც ლიტერატურული თხზულებების გახალხურებისა და სინკრეტიზმის მიზეზი გახდა.

სელჩუკთა სამხედრო ლაშქრობების შედეგად დასავლეთ მიწებზე დასახლებულ თურქმენთაგან მრავალი ცნობილი ფილოსოფოსი და პოეტი გამოვიდა. ასეთები არიან ადრინდელი სელჩუკური პოეზიის წარმომადგენლები მცირე აზიაში, რომლებიც წერდნენ სპარსულ ენაზე (ჩელები ჰუსამედინი და სხვ.). აღსანიშნავია პოეტ-სულთნების ჯალალედინ მალიქ-შაჰისა (გ. 1092) და მისი ვაჟის სანჯარის (1086–1157) შემოქმედება. მოგვიანებით თემურიდთა (1370—1507) და დიდი მოგოლების კარზე ინდოეთში (1526–1858) სპარსულ ენაზე წერდნენ წარმოშობით თურქმენი ჰილალი ჩაღათაი (XVI საუკუნე), ბაირამ-ხან ხანხანანი (წერდა თურქულ ენაზეც) და მისი ვაჟი რაჰიმ-ხანი (XVII საუკუნე), მირზა ბარხუდარ თურქმენი (XVII საუკუნე), და სხვ. შუა აზიის თურქულენოვანი ლიტიტერატურა ვითარდებოდა XI საუკუნიდან, როცა ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი ენობრივი და ეროვნული დიფერენციაცია. ყველა თურქულენოვანი ხალხის საუნჯეა მაჰმუდ ქაშგარის (XI საუკუნე), იუსუფ ბალასაღუნის (XI საუკუნე), სუფიური პოეზიის პირვე წარმომადგენლის აჰმედ იასავის (გ. 1166) თხზულებები, აგრეთვე XII საუკუნის პოეტის ალის დასთანი „ყისაი იუსუფი“, XV საუკუნის სუფი პოეტის ვეფაის თხზულებები, რომლებშიც პოპულარული საფუძვლები ფორმით არის გადმოცემული ისლამის საფუძვლები, მორალის ნორმები და ა. შ. XVIII საუკუნის შუა ხანებამდე თურქმენეთის ლიტერატურაში ჭარბობდა დიდაქტიკური პოეზია, რომელიც გამოხატავდა ისლამურ-სუფიურ დოგმატიკას. ამ ლიტერატურის ენა, შუა აზიურ-თურქული (ჩაღათაური), დაშორებული იყო სალაპარაკო თურქმენულ ენას. ამ ენაზე წერდა პოეტი აზადი (1700–1760).

XVIII საუკუნის II ნახევარში ახალმა სოციალურმა პირობებმა და დამპყრობლებთან ბრძოლამ განაპირობა სამოქალაქო პატრიოტული პოეზიის შექმნა. გაჩნდა პოლემიკური ლექსები, ეპისტოლური ფორმა — პოეტების მიმოწერა სხვადასხვა, მათ შორის სამეცნიერო და ყოფით თემაზე. აღსანიშნავია პოლემიკა მაქთიმყულისა (XVIII საუკუნე) და დურდი-შაჰირს შორის და სხვ. პოეტური მიმოწერის ტრადიცია შემორჩენილი იყო XX საუკუნეშიც. მაგ., მიმოწერა ათა სალიჰსა (1908–64) და დურდი გილიჩს (1886–1950) შორის. XVIII საუკუნეში პოეტებმა პოეზიის ენა სალაპარაკოს დაუახლოვეს. თურქმენეთის ლიტერატურის ახალი მიმართულების ფუძემდებელია მაქთიმყული. მან, პირველმა თურქმენულ ლიტერატურაში, გამოიყენა თურქულენოვანი ხალხების ფოლკლორისათვის დამახასიათებელი სილაბური ოთხტაეპიანი ლექსი „გოშგი“, წერდა არუზის საზომითაც. მშობლიური ლიტერატურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პოეტებმა ანდალიბმა (1712–1780), შაბენდემ (1720–1800), შეიდაიმ (1730–1800), მაღრუფიმ (1735–1805), სეიდიმ (1775–1836), ზელილიმ (1795–1850) და სხვ.

XIX საუკუნეში პოეზიის ძირითადი ჟანრია ლირიკა. აღსანიშნავია მოლანეფესის (1810–1862), აბდუსათარ ყაზის (დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია), ღალიბის (1766–1848), ქათიბის (1803–1881) და სხვათა შემოქმედება, პოეტ მამედველი ქემინეს (1770–1840) სოციალური სატირები. რუსეთთან შეერთების შემდეგ სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ სახალხო პროტესტის გამომხატველნი არიან ქემინეს მიმდევრები: პოეტები ბაირამ შაჰირი (1871–1948), ქორმოლა (1872–1934), მოლამურღი (1879–1930), დურდი გილიჩი და სხვ. საბჭოთა თურქმენ მწერალთა თხზულებებში აისახა მნიშვნელოვანი მოვლენები: რეფორმების შედეგად გამწვავებული კლასობრივი ბრძოლა, ეროვნული განცალკევება, თურქმენეთის რესპუბლიკის დაარსება (ყარაჯა ბურუნოვის ლექსი „საჭიროა მუშაობა“, 1925; მოლამურთის ლექსი „მიწაწყალი თქვენია“, 1926 და სხვ.). ახალმა თაობამ (ათა სალიჰი, ბერდი ქერბაბაევი, ამანდურდი ალამიშევი, შალი ქექილოვი) გააფართოვა ლიტერატურის თემატიკა.

20-იან წლებში ჩაისახა რეალისტური პროზა. პროზის განვითარებას ხელი შეუწყო რუსული კლასიკური და საბჭოთა ლიტერატურის თარგმნამ. აღსანიშნავია იაკუბ ნასირლის (1899–1958) და ბ. ქერბაბაევის მოთხრობები. ჩაისახა დრამატურგია (ათა კაუშუთოვი, 1903–1953.

30-იან წლებში შეიქმნა რომანები ისტორიულ-რევოლუციურ თემაზე (ხიდირ დერიაევი, დ. 1905; ბ. ქერბაბაევი, ა. ქექილოვი, 1912–1974). მეორე მსოფლიო ომის წლებში წამყვანი თემა გახდა საბჭოთა მეომრების მამაცობა. ამ მხრივ აღსანიშნავია პ. ნურბერდიევის (1909–1972) პოემა „პატრიოტი მოხუცი“ (1941); ბ. ქერბაბაევის მოთხრობა „ყურბან დურდი“ (1942); ყარა სეითლიევის (1915–1971), ბერდი სოლთანიაზოვის (დ. 1908) თხზულებები.

50-იანი წლების ლიტერატურის თემაა მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენა, სოციალისტური მშენებლობა, ხალხთა მეგობრობა, ინტერნაციონალიზმი. აღსანიშნავია ათა ათაჯანოვის (დ. 1922), მემედ სეიდოვის (დ. 1925) და სხვათა შემოქმედება.

60-იან წლებში, განსაკუთრებით 70-იანი წლების დასაწყისში, შეიქმნა მნიშვნელოვანი დიდტანიანი თხზულებები: გილიჩ ყულიევის (დ. 1915) რომანი „შავი ქარავანი“ (1971), ბექი სეითაქოვის (დ. 1915) რომან-ეპოპეა „ძმები“ (წგნ, 1–3, 1960–1970) და სხვ. განვითარდა გრამატიკა და ლიტერატურათმცოდნეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кор-оглы Х., Туркменская литература, М., 1972;