თუთის მავნებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თუთის მავნებლებიმწერები, რომლებიც აზიანებენ თუთის ნარგაობებს საქართველოში. ამ მავნებელ მწერთა ფაუნას დაახლოებით 115 სახეობა შეადგენს, მათგან ფართოდაა გავრცელებული თუთის ჭიჭინობელა, რომელიც მოდებულია დასავლეთ საქართველოს როგორც დაბლობ, ისე მთისწინა რაიონებში ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე. მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეაბრეშუმეობას. გადააქვს თუთის მიკოპლაზმური დაავადება - ხუჭუჭა წვრილფოთლიანობა I და II თაობის ნიმფისა და იმაგოს ფაზებში, დაავადება არ გადადის გადამტანის კვერცხებით. თუთის ჭიჭინობელას სასიცოცხლო ციკლი უშუალოდ დაკავშირებულია თუთის ხესთან, რომელზეც იკვებება, ვითარდება და მრავლდება. იშვიათად ბინადრობს ბადრიჯანზე. საქართველოს პირობებში იძლევა 3-4 თაობას. იზამთრებს კვერცხის ფაზაში ახალგაზრდა ერთწლიანი ტოტების პარენქიმაში.

ბრძოლის ღონისძიებანი: მოზამთრე კვერცხებზე 4%-იანი ზეთის ემულსიისა და 0,2%-იანი ფოსფამიდის კომბინირებული ნაზავის შესხურება ადრე გაზაფხულზე. თუთისა და ხეხილის ნარგაობებს აზიანებს აგრეთვე თუთის ფარიანა - მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. მდედრის სხეული (სიგრძე 0,8-1 მმ) დაფარულია თეთრი ფარით, მამრი ფრთიანია, ამ მავნებლის სამშობლოა ამერიკა, საიდანაც სარგავ მცენარეებთან ერთად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. ყოფილ სსრკ-ში პირველად აფხაზეთში აღმოჩნდა, მაგრამ არ გავრცელებულა და ყოფილ სსრკ-ში მავნებელ მწერად არაა ცნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე დ., თულაშვილი ნ., ჰაჯიბეილი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 7.