თრომბოზი
თრომბოზი (ლათ. thrombōsis < ძვ. ბერძნ. θρόμβος [thrombos] — „შენადედი“) — თრომბის წარმოქმნის პროცესი გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. თრომბოზის მიზეზებია: სისხლძარღვის შიგნითა კედლის (ენდოთელიუმის) პათოლოგიური ცვლილებები — დაზიანება ინფექციის, ინტოქსიკაციის და სხვათა შედეგად, ათეროსკლეროზი, ანთებითი პროცესი (თრომბოფლებიტი, თრომბარტერიიტი), გულის სარქვლების ანთება (მაგალითად, ენდოკარდიტი), სისხლის თვისებების შეცვლა, კერძოდ, სისხლის შედედებისა და სიბლანტის, გაძლიერება, სისხლის ნაკადის შენელება, რაც სისხლძარღვთა პათოლოგიურ გაგანიერებითაა გამოწვეული. თრომბოზის შედეგად სიისხლის მიმოქცევა ირღვევა იმ მიდამოში, რომელსაც დაზიანებული სისხლძარღვი ამარაგებს. მაგალითად, გულის გვირგვინოვანი არტერიების თრომბოზი იწვევს გულის კუნთის ინფარქტს, ტვინის არტერიებისა – დარბილებასა და ინსულტს, ხოლო კიდურების მსხვილი არტერიების თრომბოზი შეიძლება განგრენის მიზეზი გახდეს. ვენის სანათურში თრომბოზის შედდეგად ვითარდება ვენური შეგუბება. სისხლის ნელი დინების გამო თრომბოზი უფრო ხშირია ვენებში, ვიდრე არტერიებში.
მკურნალობა: ანტიკოაგულაციური, ფიბრინოლიზური და სპაზმოლიზური საშუალებანი თრომბის მოცილება ქირურგიული გზით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მჭედლიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 700.