თრელის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თრელიგორები

თრელის სამაროვანი — ადრინდელი ბრინჯაო-ფეოდალური ხანის ძეგლი დიღმის მასივში, საქართველოს სამხრეთ გზის გასწვრივ, თრელიგორების ნასახლარის სამხრეთ ბორცვების აღმოსავლეთიდან (ხელმძღვანელობდა 1969-1985 წლებში რ. აბრამიშვილი, 1985 წლიდან მ. აბრამიშვილი). გათხრილია ორასამდე სამარხი.

თრელის სამარხოვანი წარმოადგენს თრელიგორებსა და მის მახლობლად არსებული დასახლების ერთ-ერთ სასაფლაოს. აქაურ მოსახლეობას ეკუთვნოდა აგრეთვე საფურცვლის, ჩალიპირაგორების, ვაშლიჯვრისა და დიღმის მასივის ტერიტორიაზე არსებული სხვა სამარხოვნები. თრელის სამარხოვანის ყველაზე ადრეული სამარხები მტკვარ-არაქსის კულტურის სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. მათ შორის უძველესია ძვ. წ II ნახევრის ორმოსამარხები. III ათასწლეულის პირველი ნახევრიდან თრელის სამარხოვანზე ჩნდება ქვის წრეებით გარშემორტყმული ქვაყრილიანი ორმოსამარხები. ამ ტიპის სამარხები გაბატონებულია გვიანი ბრინჯაოს ხანის ჩათვლით. ძვ. წ III ათასწლეულის I ნახევარში ერთ-ერთ სამარხში დადასტურებულია მიცვალებულზე წითელი საღებავის (ჟანგმიწის) დაყრა. თრელის სამარხზე მტკვარ-არაქსის კულტურის ბოლო პერიოდს განეკუთვნება ღრმა დასაკრძალავორმოიანი ყორღანული სამარხი თრელის სამარხოვანის მტკვარ-არაქსის კულტურული სამარხების ინვენტარი მხოლოდ კერამიკული ნაწარმითაა წარმოდგენილი. თიხის ჭურჭელი ხელით არ არის ნაძერწი. მათგან ადრეულები მორუხო-მოწითალოდაა გამომწვარი, ხოლო ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ბოლო საფეხურების კერამიკა კი შავპრიალაზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანია. შუა ბრინჯაოს ხანის ინჰუმაციურ სამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია თავით ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ. ამავე ხანის ბოლოს (ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის შუა ხანები) დადასტურებულია კრემაციაც. ერთ შემთხვევაში თვით სამარხიცაა დამწვარი. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში ორივე სქესის მიცვალებულები მარჯვენა გვერდზე არიან დაკრძალული. გვიან ბრინჯაოს ხანიდან რკინის ფართო ათვისების ხანის ჩათვლით (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში — ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში). მიცვალებულებს კრძალავდნენ თავით ჩრდილოეთისკენ. ამ პერიოდიდან დაწყებული მამაკაცები დამარხულია მარჯვენა გვერდზე, ხოლო ქალები — მარცხენაზე.

თრელის სამარხოვანის შუა ბრინჯაოს ხანის სამარხების თიხის ჭურჭლის დიდი ნაწილი უკვე ჩარხზეა დამზადებული, ლეგაშავპრიალა ზედაპირიდანაა და ვარდისფერი ან რუხი შიდაპირი აქვს. ზედაპირი შემკულია გეომეტრიული ორნამენტით, რომელიც შესრულებულია ამოღარვის საშუალებით და ტვიფრით. ამ დროიდან გვხვდება ასევე გაპრიალებით შემკული თიხის ჭურჭელი. გვიან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის სამარხებში კი გვხვდება მქისე თიხის ჭურჭელი, რომლის ტანი ჩარხის საშუალებით დატანილი კონცენტრული ღარებითაა დაფარული. კერამიკის გარდა გვხვდება ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი, ბრინჯაოს პირამიდისებურთავიანი საკინძები, სარდიონისა და პასტის მძივები, მსხვილფეხა საქონლის თავ-ფეხის ძვლები და სხვა. თრელის სამარხოვანის ამ პერიოდის სამარხები განსხვავდება ე.წ თრიალეთური კულტურის შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებისაგან და, ინარჩუნებს თავის ლოკალურ თავისებულებას, მსგავსებას პოულობს ცენტრალური კავკასიის (ზემო იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი, ჩრდილო-დასავლეთით სომხეთი) შუა ბრინჯაოს ხანის ბოლო საფეხურისა და გვიან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის სამარხებთან. თრელის სამარხოვანის ამ პერიოდის სამარხებში დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება, რომელიც სამარხში თავ-ფეხის ჩატანებაში გამოიხატებოდა, და ამავე სამარხებში აღმოჩენილ კანთაროსის ფორმის თიხის სასმისები ადასტურებს, რომ თბილისი სამხრეთ კავკასიის იმ რეგიონს განეკუთვნებოდა, რომლის მოსახლეობასაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მცირე აზია-ეგეოსურ სამყაროსთან. გვიან ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე, ძვ. წ. XV–XIII საუკუნეებში თრიალეთის სამაროვანში შედის ლჭაშენ-წითელგორის არქეოლოგიური კულტურის წრეში, რომელიც ძირითადად გავრცელებულია თბილისში, აღმოსავლეთ კახეთისა და აზერბაიჯანის უკიდურეს დასავლეთით რეგიონებში, ხოლო სამხრეთით — ქვემო ქართლსა და სომხეთშო. აღნიშნული კულტრული ძეგლები, როგორც ჩანს, გენეტიკურად უკავშირდება შუა ბრინჯაოს ხანის ეგრეთ წოდებულ თრიალეთურ კუტურას. ძვ. წ. XIV საუკუნის ბოლოდან თრელის სამარხოვანზე გავრცელდა ეგრეთ წოდებული სამთავრული კულტურა. შეიცვალა სამარხთა ტიპი (ძირითადად გვხვდება ქვაყრილიანი ორმოსამარხები) და ინვენტარი. ძვ. წ. XIII–XI საუკუნეებში ქვის წრეები მხოლოდ წარჩინებულ მეომართა სამარხებს შემოუყვება. აღნიშნული დროიდან, რკინის ფართა ათვისების ხანის ჩათვლის თრიალეთის სამარხოვანზე ვრცელდება სამთავრეული კერამიკა, რისთვისაც დამახასიათებელია ზოომორფულყურიანი ჭურჭელი. ძირითადად სამთავროს ანალოგიურია სხვა ინვენტარიც — იარაღი, მძივ-სამკაული და სხვა. თრიალეთის სამაროვანზე რკინის ფართო ათვისების ხანაში ჩნდება დასაკრძალავდარბაზიანი სამარხები (ფართობი 70 მ²) , რომლებიც თავისი კონსტრუქციით (ჯარგვალი), დაკრძალვის წეს-ჩვეულებით (მიცვალებულის კრემაცია, თვით სამარხის დაწვა, ადამიანების მსხვერპლად შეწირვა), ინვენტარით და სიმდიდრით (ასზე მეტი თიხის ჭურჭელი, რამდენიმე ბრინჯაოსა და რკინის ნივთი, ოქროს მძივები და სხვა). მკვეთრად განსხვავდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამ პერიოდის ძეგლებისაგან და მსგავსებას აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ დასავლეთ ირანის თანადროულ ძეგლებთან. თრიალეთის სამაროვანის დასაკრძალავდარბაზიანი სამარხები ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევრით და XII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. თრიალეთის სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე და თვით თრელიგორების ბორცვების აღმართულ ფერდობებზე გაითხარა ანტიკური ხანის სამარხები. აღმოჩნდა ელინისტური ხანის (ძვ. წ III–I საუკუნეებში) ქვევრსამარხები და რომაული პერიოდის (ახალი წელთაღრიცხვით I–III საუკუნეებში) ორმოსამარხები. განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა III საუკუნის II ნახევარი. წარჩინებული მეომრის სამარხი. მიცვალებულისათვის, მდიდრული ინვენტარის გარდა, ჩაუყოლებიათ — ცხენი და ძაღლი. ფეოდალური ხანის ქვაყუთები აღმოჩნდა თრელიგორების უკიდურესი სამარხი. ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე და მის თხემზეც. ეს სამარხები უმეტესწილად უინვენტაროა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბრამიშვილი მ., თბილისი I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978;