ქართული ხალხური დედოფალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თოჯინა)
Jump to navigation Jump to search

ქართული ხალხური დედოფალები — (თოჯინები) ადამიანთა მიმსგავსებით გაკეთებული თოჯინები. მრავალი საუკუნის მანძილზე მათ მაგიური წეს-ჩვეულების შესრულებისას იყენებდნენ. რაჭაში ბზობის კვირას ბავშვების მსვლელობა იმართებოდა, ეწოდებოდა „დედოფლობანა“. ერთ-ერთ ბავშვს ხელში დედოფალა ეჭირა, დანარჩენები სიმღერით ჩამოივლიდნენ მეზობლის სახლ-კარს, დალოცავდნენ მათ და სანაცვლოდ კვერცხებს აძლევდნენ.დედოფალებს სამეურნეო დანიშნულებაც ჰქონდა. ბოსტანში ფრინველების შესაშინებლად იყენებდნენ ე.წ. "საფრთხოლის" (საფრთხობელა), ქართლში მოხსენებულია, როგორც "ბოსტნის დედოფალა", კახეთში - "ბოსტნის კუკი". მათ დიასახლისები ნათესის მოვლა-პატრონობას ეხვეწებოდნენ. ცნობილი იყო ე.წ. "სურდოს დედოფალა", რომელსაც აკეთებდნენ "ბატონების", "ყივანახველას" და სხვა დაავადებების დროს.გადაჯვარედინებულ ჯოხებზე ღილს აკერებდნენ, ზედ გადააკრავდნენ თეთრს ქსოვილს; შავი ძაფით ამოქარგავდნენ თვალ-წარბს, ხოლო თავზე ახურავდნენ რკოს ქუდს. კალთაზე დაკერებულ ჯიბეში ჩაუდებდნენ შაქარს, დედოფალას შორს გადააგდებდნენ. ასე "გაისტუმრებდნენ " ხოლმე ავადმყოფობას. სათამაშო დედოფალათა განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს მოძრავი დედოფალები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ VII საუკუნეში უკვე არსებობდა „კუკების თამაში“ (თოჯინების თამაში). თუშეთში, კახეთში, სამეგრელოსა და ხევსურეთში კუკა-მარიონეტების თეატრის არსებობაც არის დამოწმებული. მთიულეთში თოჯინებს „ძიძი-ქალებს“ უწოდებდნენ, სვანეთში-„მოშპარდალ“. მათაც ან ჯოხისგან აკეთებდნენ, ან - მატყლისგან. ზოგ მათგანს სახსრებში ზონარი ჰქონდა გამობმული, რისი გამოწევითაც ამოძრავებდნენ დედოფალებს. დედოფალებს ნაირნაირი სახელწოდება გააჩნდა: "თოჯა-გოგო", „ტიკინა“, „გუგა“, „კუკნა“, „კუკი“, „ძონძი-კუკი“, „თოჯა-ბიჭი“, „შვილიკა“ და სხვ. თოჯინის სვანური სახელწოდება „დალ“, რომელიც იქაური ნადირობის ქალღმერთის სახელია, მოწმობს იმაზე, რომ დედოფალები თავდაპირველად ღვთაებათა გამოსახულებას წარმოადგენდნენ.


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო ღოღობერიძე - "ქართული ხალხური დედოფალების კატალოგი",გამომცემლობა "მეცნიერება", 1968