შინაარსზე გადასვლა

თოშმუჰამმად ქორი-ნიოზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოშმუჰამმად ქორი-ნიოზი
განათლება მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე(ები) ოიშახონ ურაზაევა
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი

თოშმუჰამმად ქორი-ნიოზი (უზბეკური კირილიცით: Тошмуҳаммад Ниёзович Қори-Ниёзий; რუს. Ташмухамед Ниязович Кары-Ниязов; Tashmukhamed Niyazovich Kary-Niyazov; 2 სექტემბერი 1897 (ძველი სტილით — 21 აგვისტო 1897)17 მარტი 1970) — უზბეკი მათემატიკოსი და ისტორიკოსი, რომელიც იყო უზბეკეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი.

ქორი-ნიოზი დაიბადა ხუჯანდში 2 სექტემბერი 1897-ს (ძველი სტილით — 21 აგვისტო), მეწაღის ოჯახში. თავდაპირველი განათლება მიიღო მაკტაბში, თუმცა მასწავლებლის მხრიდან ძალადობის გამო იქ ერთ წელზე ნაკლები დაჰყო. მოგვიანებით ოჯახი გადავიდა სკობელევში (დღევანდელი ფერგანა), სადაც ქორი-ნიოზიმ სწავლა რუსულ სკოლაში გააგრძელა და 1910-იანი წლების შუაში შესანიშნავი ნიშნებით დაამთავრა.[] 1917 წელს იგი გახდა მასწავლებელი მისივე დაარსებულ სკოლაში კოკანდში, რომელიც მალე რეგიონულ სასწავლებლად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, როგორც მოხალისე, ხელმძღვანელობდა სკობელევის რაიონის სკოლებს, შემდეგ კი 1920–1925 წლებში კოკანდში უზბეკეთის პედაგოგიური კოლეჯის დირექტორი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ დაამთავრა ტაშკენტში ცენტრალური აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; სადისერტაციო ნაშრომი უზბეკურად დაიცვა.[1][2][3]

მისი მეუღლე, ოიშახონი, რომელზეც 1920 წელს მუსლიმური წესით იქორწინა, უზბეკეთის სსრ-ში ერთ-ერთ პირველ ქალ მასწავლებლად ითვლებოდა. იგი ხშირად აძლევდა რჩევებს მეუღლეს ფილოლოგიურ საქმიანობაში, მათ შორის — უზბეკური ლექსიკონების შედგენაში, რომლებზეც ისინი ერთობლივად მუშაობდნენ.[2]

საკუთარი უნივერსიტეტში სწავლის დროს მას დაევალა რთული მათემატიკური კურსების (მაგალითად, ანალიტიკური გეომეტრიის) სწავლება უზბეკურ ენაზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც განაგრძობდა უმაღლესი მათემატიკის სწავლება-კითხვას უზბეკურად; 1931 წელს გახდა პირველი უზბეკი, რომელმაც პროფესორის წოდება მიიღო. იმავე წელს შევიდა კომუნისტურ პარტიაში.[4] 1931–1933 წლებში უნივერსიტეტის რექტორი იყო, თუმცა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი მხოლოდ 1939 წელს მიიღო.

შემდგომში იყო უზბეკეთის სსრ-ის კომიტეტის (მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება) თავმჯდომარის მოადგილე და მონაწილეობდა უზბეკური ანბანის კირილიცაზე გადასვლის პროცესში. იგი მნიშვნელოვან დროს უთმობდა თანამედროვე უზბეკეთის ტერიტორიაზე მეცნიერების ისტორიის, კულტურისა და ძველი აკადემიური ტრადიციების კვლევას, განსაკუთრებული ყურადღებით — ასტრონომიასა და არქეოლოგიას; ამ კვლევების ფარგლებში კითხულობდა არაბულ ხელნაწერებსაც. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად იკავებდა სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობას; იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს I და II მოწვევების დეპუტატი. მას ეკუთვნის სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის — უზბეკურ ენაზე შექმნილი პირველი მათემატიკური სახელმძღვანელოები, აგრეთვე წერილები უზბეკეთის კულტურისა და საზოგადოების საკითხებზე.[5][6][7][8]

1941 წლის ივნისში ქორი-ნიოზიმ, მიხეილ გერასიმოვთან ერთად, ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ექსპედიციას, რომელმაც სამარყანდში შეისწავლა თემურის საფლავი. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, საფლავზე არსებული წარწერა კატასტროფას უქადდა მას, ვინც სამარხს გახსნიდა; ხოლო გახსნიდან მალევე ნაცისტურმა გერმანიამ დაიწყო სსრკ-ზე თავდასხმა. მოგვიანებით, როცა ნეშტი 1942 წელს მუსლიმური წესით ხელახლა დაკრძალეს, უზბეკეთში ზოგიერთმა საბჭოთა გამარჯვება სტალინგრადის ბრძოლაში სწორედ ამ ხელახლა დაკრძალვას დაუკავშირა.[1][9][10]

სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, მისი ერთადერთი ვაჟი, შავქათი, მოხალისედ გაემგზავრა ფრონტზე წითელი არმიის შემადგენლობაში. მათემატიკაში მისი მომზადების გამო იგი არტილერიის სკოლაში გაამწესეს. ომის შემდეგ შავქათმა დაამთავრა ფ. ე. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო აკადემია და, მამის მსგავსად, მათემატიკის სფეროში განაგრძო საქმიანობა, თუმცა სპეციალიზაციად აირჩია ბალისტიკა და სარაკეტო ტექნოლოგიები.[2]

როდესაც 1943 წელს დაარსდა უზბეკეთის სსრ მეცნიერებათა აკადემია, ქორი-ნიოზი გახდა მისი პირველი პრეზიდენტი და პოსტს 1947 წლამდე იკავებდა.[11]

ომისშემდგომი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს ქორი-ნიოზი გახდა ტაშკენტის ინჟინრებისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის პროფესორი. ნაშრომისთვის „ულუღბეკის ასტრონომიული სკოლა“ დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. 1954 წელს გახდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წევრი, 1967 წელს — საერთაშორისო მეცნიერების ისტორიის აკადემიის კორესპონდენტი წევრი, ხოლო იმავე წლის 1 სექტემბერის მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება — უზბეკეთის სსრ-ში აკადემიური სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის. იგი ასევე იყო უზბეკური სამეცნიერო ჟურნალის Fan va turmush მთავარი რედაქტორი და უზბეკეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საქმიანობის ფარგლებში იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: ავღანეთში, ბულგარეთში, ინდოეთში, იტალიასა და იაპონიაში. გარდაიცვალა 17 მარტი 1970-ს და დაკრძალულია ჩიგათოის სასაფლაოზე.[1][6][7]

ჯილდოები და წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. წყაროები განსხვავდება, დაამთავრა თუ არა სკოლა 1915-ში თუ 1916-ში.
  1. 1 2 3 4 5 Karimov, Timur. Кары-Ниязов Ташмухамед Ниязович. ციტირების თარიღი: 2022-06-01
  2. 1 2 3 "Родоначальник современной науки Узбекистана…". Ко дню рождения Ташмухаммада Ниязовича Кары-Ниязова – Kultura.uz. ციტირების თარიღი: 2022-11-11
  3. (1971) Вопросы истории естествознания и техники (ru). Nauka. 
  4. (1968) Prominent Personalities in the USSR. (en). Scarecrow Press. 
  5. „Речь депутата Т.Н. Кары-Ниязов“. Pravda Vostoka (რუსული) (112 (6724)). 9 June 1945. p. 2.
  6. 1 2 „Тошмуҳаммад Ниёзович Қори-Ниёзий“ [Toshmuhammad Niyozovich Qori-Niyoziy]. Sovet Uzbekistoni. 18 March 1970. p. 3.
  7. 1 2 ҚОРИ-НИЁЗИЙ OʻzME. Q-harfi Birinchi jild. Toshkent, 2000-2005-yillar
  8. „Юбилей Узбекского ученого“. Ogonyok (21): 9. 1949.
  9. Gur Emir Mausoleum in Samarkand. ციტირების თარიღი: 2022-11-11
  10. McChesney, R. D. (2021-05-25). Four Central Asian Shrines: A Socio-Political History of Architecture (en). BRILL. ISBN 978-90-04-45959-5. 
  11. (1978) Ўзбекистонда ижтимоий фанлар (uz). Izd-vo "Fan", გვ. 28–30. 
  12. „Указ Президиума Верховного Совета СССР О награждении орденами и медалями работников высшей школы“ [Decree of the Presidium of the Supreme Soviet of the USSR On awarding orders and medals to employees of higher education] (PDF). Izvestiya (რუსული) (264). 5 November 1944. p. 1.
  13. „С наградой вас, люди трудовой доблести!“. Pravda Vostoka (რუსული) (51). 3 March 1965. p. 3.
  14. 1 2 „СССР Олий Совети Президиумининг Фармони Ўзбекистон ССР Фанлар Академиясининг академиги Т.Н. Қориниёзовга Социалистик Меҳнат Қаҳрамони унвони бериш тўғрисида“ [Decree of the Presidium of the Supreme Soviet of the USSR on awarding the title of Hero of Socialist Labor to Academician of the Academy of Sciences of the Uzbek SSR T.N. Qori-niyazov]. Sovet Oʻzbekistoni (უზბეკური) (206). 2 September 1967. p. 1.
  15. „Указ Президиума Верховного Совета СССР О награждении орденами и медалями работников Среднеазиатского Государственного Университета“. Pravda Vostoka (რუსული) (20). 27 January 1946. p. 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2025. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი 2025.
  16. „Указ Президиума Верховного Совета СССР О награждении орденами и медалями работников промышленности, сельского науки, культуры и искусства Узбекской ССР“ [Decree of the Presidium of the Supreme Soviet of the USSR On awarding orders and medals to workers in industry, rural science, culture and art of the Uzbek SSR]. Pravda Vostoka (რუსული) (23). 29 January 1950. p. 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2024. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი 2025.
  17. „М. История науки и техники“ [M. History of Science and Technology]. Pravda Vostoka (რუსული) (63). 14 March 1952. p. 2.
  18. „Мукофотлар муборак!“ [Congratulations on the awards!]. Sovet Oʻzbekistoni (უზბეკური) (90). 17 April 1970. p. 1.
  19. „О награждении посмертно деятелей науки и искусства, внесших огромный вклад в развитие науки и культуры Узбекистана“. Narodnoe slovo (უზბეკური) (172). 24 August 2002. p. 1.