თორის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თორის სასახლეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორის ძველი ნასოფლარი მაღლობზეა. მას აქვს ლამაზი მდებარეობა.

ვახუშტი ბატონიშვილი თორის შესახებ გვამცნობს: „სადგერს ზეით, დასავლით, არს დაბა თორი“. დევი ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ნადარბაზევი შესაძლოა სწავლულ ბატონიშვილთან მოხსენიებული ნადაბური იყოს.

თორის ნასოფლარი წარმოადგენს ნანგრევს, დარჩენილია მხოლოდ შენობათა საძირკველები და ზოგიერთი კედლის ნაწილები. შენობა ნაგებია, კლდის დიდი ლოდებით მშრალად. აღნიშნული სახლები დარბაზული ტიპისაა და ჰქონიათ სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებიც. ეს დიდი ნამოსახლარი შემოზღუდული იყო ციხე-გალავნით. გალავანი აშენებულია ქვითკირით.

მისი სათავსოების გეგმის მიხედვით შუაში უნდა ყოფილიყო ციხე-კოშკი, მის გარშემო კი სხვადასხვა ნაგებობები და სათავსოები. გალავნის შიგნით კარის ეკლესიის ნანგრევიც არის.

ამ ციხე-დარბაზის გარშემო ოთხი ნასახლარია, რომელიც სავარაუდოდ დაბა თორის უბნები უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ აქედან ორ უბანში ეკლესიაც ყოფილა.

თორის ძველი ნასოფლარი დღეისათვის სათიბად არის გამოყენებული, აღმოსავლეთ-სამხრეთით მას ჩამოუდის ხევ-თორულა, რომელიც მოედინება კოდიანის მთიდან და საკოჭაოსთან ერთის შავ-წყალს.

თორის სასახლეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგი მაკალათია, ბორჯომის ხეობა, თბ. 1957., გვ.34
  • თამაზ გოგოლაძე, ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ. 2014., გვ.128-129

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]