შინაარსზე გადასვლა

თომას ანდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომას ანდერსონი
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1832(1832-02-26)[1]
დაბ. ადგილი ედინბურგი
გარდ. თარიღი 26 ოქტომბერი, 1870(1870-10-26)[1] (38 წლის)
გარდ. ადგილი ედინბურგი
დასაფლავებულია დინის სასაფლაო[1]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბოტანიკოსი, ექიმი და ბოტანიკური კოლექციონერი[2] [3]
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი

თომას ანდერსონი (ინგლ. Thomas Anderson; დ. 26 თებერვალი, 1832, ედინბურგი — გ. 26 ოქტომბერი, 1870, ედინბურგი) — შოტლანდიელი ბოტანიკოსი, აკანთისებრთა (Acanthaceae) ოჯახის ფლორის სპეციალისტი.

თომას ანდერსონი დაიბადა ედინბურგში 1832 წლის 26 თებერვალს. სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტში, რომელიც 1853 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხით დაამთავრა. 1854 წელს ჩაირიცხა ბენგალის სამედიცინო სამსახურში და გაემგზავრა კალკუტაში. სიპაების აჯანყების დროს იმყოფებოდა დელიში, ხოლო 1858 წელს კალკუტაში დაბრუნდა. 1859 წელს ავადმყოფობის გამო რამდენიმე თვით ინგლისში დაბრუნდა, სადაც გამოსცა წიგნი „Flora adenensis“, თუმცა 1860 წელს კვლავ კალკუტაში ჩავიდა. მალე იგი ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად დაინიშნა, სადაც ამ თანამდებობაზე თომას ტომსონი შეცვალა.

ანდერსონმა ინდოეთში იპეკაკუანა და ხინის ხე შემოიტანა (ინტროდუქცია მოახდინა) და ამ უკანასკნელის კულტივაციის შესახებ უამრავი სტატია გამოსცა. 1864 წელს ანდერსონმა დააარსა სატყეო დეპარტამენტი, თუმცა ორი წლის შემდეგ იძულებული გახდა იგი დაეტოვებინა. 1868 წელს ავადმყოფობის გამო კვლავ ინგლისში დაბრუნდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და ინდოეთიდან ჩამოტანილი ჰერბარიუმის ნიმუშების დამუშავება დაიწყო მონოგრაფიის გამოსაცემად, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო. 1870 წლის 26 ოქტომბერს თომას ანდერსონი ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.

ანდერსონის პატივსაცემად მცენარეთა ერთ-ერთ გვარს ეწოდა სახელი Thomandersia.

  • Britten, J. Anderson, Thomas (1832—1870) // Dictionary of National Biography. — 1885—1900. — Vol. 1. — P. 392.
  • Stafleu F. A., Cowan R. S. Taxonomic Literature : [англ.]. — Ed. 2. — Utrecht, 1976. — Vol. I: A—G. — P. 45. — 1136 p. — ISBN 90-313-0225-2. — doi:10.5962/bhl.title.48631.
  1. 1 2 3 Find a Grave — 1996.
  2. Bionomia — 2018.
  3. Bionomia — 2018.