თლიის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თლიის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XII—VII სს.) არქეოლოგური ძეგლი სოფელ თლიის ტერიტორიაზე (ჯავის მუნიციპალიტეტი). მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1889 წელს (ხ. კანუკოვი), 1890 (ვ. დოლბეჟევი, ფ. ჰეგერი), 1891 (პ. უვაროვა). 1955 წლიდან მიმდინარეობს სისტემატური გათხრები (ბ. ტეხოვი). ორმოსამარხებსა და ქვის სამარხებში მიცვალებულები ჩასვენებული იყვნენ მარჯვენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ ბრინჯაოს ნაწარმი: იარაღი (ცულები, სატევრები, შუბისპირები), სამკაული (აბზინდები, ბალთები, მშვილდსაკინძები, საკისრე რკოლები, სამაჯურები, დუგმები, ღილები, მძივები და სხვა), ჭურჭელი (სიტულები, თასები, ტოლჩები); მცირე რაოდენობით რკინის ნივთები (აკინაკი, სატევარი, მოხრილი დანები, შუბისპირები, მშვილდ-საკინძები); სარდიონის, მინისა და პასტის მძივები; თიხის ჭურჭელი მცირე რაოდენობით. ნივთიერების მნიშვნელოვანი ნაწილი შემკულია ცხოველური (ირემი, ცხენი, ძაღლი, გველი, თევზი) და გეომეტრიული (სვასტიკა, „მალტური“ ჯვარი, სხივიანი წრეები და სხვა.) ორნამენტით, ზოგი კი მოხატულია ურარტული და სკეთური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი სტილით. თლიის სამაროვანზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა დასავლეთ საქართველოსა და ყობანის სამაროვნის ნივთების მსგავსია. თლიის სამაროვანი კოლხური კულტურის გავლენის სფეროს განეკუთვნება.

მოსახლეობა, რომელსაც თლიის სამაროვანი ეკუთვნოდა, გვაროვნული წყობილების საფეხურზე მდგარა. აღმოჩენილი მასალის მიხედვით ჩანს, რომ სამაროვნის არსებობის ბოლო საუკუნეებში გაძლიერებულა გვაროვნული წყობილების დაშლის პროცესი. მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, განვითარებული ყოფილა ბრინჯაოს მეტალურგია. რკინის ფართო წარმოებაზე გადასვლა მხოლოდ ძვ. წ. VII საუკუნეში დაიწყო. თლიის სამაროვნის მასალა დაცულია მოსკოვის ისტორიის მუზეუმში, სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და ვენაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971;
  • ფანცხავა ლ., ქსე. ტ. 4, გვ. 687, თბ., 1979