შინაარსზე გადასვლა

თინთაჯელის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თინთაჯელის ციხესიმაგრის ნანგრევები.
ქანდაკება Gallos, რომელსაც ხშირად მეფე ართურის ქანდაკებად მოიხსენიებენ.

თინთაჯელის ციხესიმაგრე (ინგლ. Tintagel Castle, კორნ. Kastel Dintagel) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ბრიტანეთში, თინთაჯელის კუნძულის ნახევარკუნძულზე, სოფელ თინთაჯელის (ტრევენა) მიმდებარედ, ჩრდილოეთ კორნუოლში. თინთაჯელის ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ რომაულ-ბრიტანულ პერიოდში არსებობდა, რასაც ადასტურებს ნახევარკუნძულზე ამ პერიოდით დათარიღებული არტეფაქტების აღმოჩენა - თუმცა, რომაული ეპოქის არცერთი ნაგებობის ნაშთი აღმოჩნეილი არ ყოფილა. ამ ტერიტორიაზე დასახლების განვითარება თარიღდება ადრეული შუა საუკუნეებით, როდესაც დუმნონიის მეფეებმა ეს ადგილი სეზონურ რეზიდენციად შეარჩიეს. ციტადელი XIII საუკუნეში კორნუოლის პირველმა გრაფმა, რიჩარდმა ააშენა. მოგვიანებით ის დაინგრა და გაპარტახდა. თინთაჯელის ციხესიმაგრესთან დაკავშირებულია მეფე ართურის ჩასახვისა და დაბადების, ასევე ტრისტანი და იზოლდას ლეგენდები. ციხესიმაგრის მახლობლად მდებარეობს ასევე მერლინის გამოქვაბული.

არქეოლოგიური გათხრები ამ ტერიტორიაზე XIX საუკუნეში დაიწყო, მას შემდეგ რაც რიჩარდის ციხე ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. 1930-იან წლებში გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რიჩარდის ციტადელზე გაცილებით ადრეული განვითარებული დასახლების კვალი, რომელსაც გვიან რომაულ პერიოდში სავაჭრო კავშირები ჰქონდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან. 2016 და 2017 წლებში თინთაჯელის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ჩატარებული ორი ექსპედიციის შედეგად გამოვლინდა V ან VI საუკუნის დასაწყისის სასახლის კონტურები, ესპანეთიდან და ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთიდან შემოტანილი არტეფაქტებისა და ნივთების კვალი. კორნუოლის არქეოლოგიური განყოფილება თინთაჯელის ტერიტორიაზე ხუთწლიანი გათხრების პროექტს აწარმოებდა, რისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება 2021 წელს იყო მოსალოდნელი.[1][2]

2018 და 2019 წლებში თინთაჯელის არქეოლოგიური გათხრების შესახებ მომზადდა ორი სატელევიზიო გადაცემა, ერთი ბრიტანული BBC-ის,[3] ხოლო მეორე - ამერიკული PBS-ის მიერ.[4]

თინთაჯელის ციხესიმაგრე გადაჯაჭვულია მეფე ართურის სახელთან და ლეგენდებთან. პირველი თქმულებები XII საუკუნეში ჩაიწერა, როდესაც ჯეფრი მონმაუთელმა თინთაჯელი არტურის ჩასახვის ადგილად დაასახელა ბრიტანეთის ისტორიის მითოლოგიურ ნაშრომში „Historia Regum Britanniae“. ჯეფრის გადმოცემით, მეფე ართურის მამამ, უტერ პენდრაგონმა, მერლინის ჯადოქრობით სახე იცვალა და დაემსგავსა კორნუოლის ჰერცოგ გორლოისს, დედოფალ იგრეინის ქმარს, და დედოფალთან ერთად ღამე გაატარა, რის შედეგადაც ჩაისახა მეფე ართური.

თინთაჯელი მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან ტურისტული ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ ციხესიმაგრე უელსის პრინც უილიამის მფლობელობაშია, როგორც კორნუოლის საჰერცოგოს მიწის ნაწილი, მას English Heritage მართავს.

  1. Local expertise with a national reputation. Cornwall Archaeological Unit (16 October 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 20 January 2021
  2. A feast of finds from Cornwall's First Golden Age: Excavations at Tintagel Castle. Archaeology (13 July 2017). ციტირების თარიღი: 20 January 2021
  3. King Arthur's Britain: The Truth Unearthed. BBC Two documentary (16 September 2018). ციტირების თარიღი: 20 January 2021
  4. Secrets of the Dead: King Arthur's Lost Kingdom. PBS (27 March 2019). ციტირების თარიღი: 19 January 2021