თიესტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიესტესი (ბერძ. Θυέστης) ბერძნულ მითოლოგიაში — პელოფსისა და ჰიპოდამეას ძე, ატრევსის ტყუპისცალი.

პელოფსის მოდგმა დაწყევლილი იყო მირტილოსის ვერაგული მკვლელობის გამო. თიესტესმა და ატრევსმა დედის, ჰიპოდამეას, ჩაგონებით მოკლეს ქრისიპოსი, პელოფსის და ნიმფა აქსიოქეს ვაჟი. შემდეგ გაიქცნენ მიკენში, სადაც მეფე ევრისთევსის კარს შეაფარეს თავი. როდესაც ევრისთევსი გარდაიცვალა, ძმები ერთმანეთს აეშალნენ მიკენის ტახტისათვის. თიესტესმა აცდუნა ატრევსის მეუღლე აეროპე და მისი დახმარებით მოჰპარა ძმას ოქროს საწმისიანი ბატკანი. წინასწარმეტყველება კი ასეთი იყო: ოქროს საწმისის მფლობელი გახდებოდა ტახტის მემკვიდრე. ზევსი ატრევსის მხარეს დადგა, თიესტესმა დატოვა მიკენი, მაგრამ მაინც არ მოისვენა. მან წააქეზა ატრევსის ვაჟი პლისთენესი, აღმდგარიყო მამის წინააღმდეგ. შეთქმულება გამომჟღავნდა, ატრევსმა დახოცა დამნაშავენი არ იცოდა რა, რომ მათ შორის იყო მისი ძეც.

გავიდა ხანი. ატრევსმა განიზრახა შური ეძია ძმაზე. მოიწვია მიკენში, ვითომცდა შესარიგებლად, გაუწყო სუფრა და შეაჭამა წინდაწინ მზაკვრულად მოკლული მისი შვილების ხორცი. როდესაც თიესტესმა გაიგო, რაც მოხდა დაწყევლა ძმა და პელოპიდების მთელი მოდგმა. ორაკულმა განაცხადა, რომ ატრევსს დასჯის თიესტესის ვაჟი, რომელსაც გაუჩენს მისივე ქალიშვილი. იმდენად მძლავრად იყო ჩაბუდებული თიესტესში შურისძიების გრძნობა, რომ მან თავის თავზე აიღო სისხლის აღრევის ცოდვა. როდესაც მისმა ქალიშვილმა პელოპიამ შვა ვაჟი, მას ეგისთოსი შეარქვეს. მართლაც, როდესაც გაიზარდა ეს ეგისთოსი და ოჯახის ამბები შეიტყო, მიკენისაკენ გაეშურა, მოკლა ატრევსი და მამამისი გაამეფა. მოგვიანებით თიესტესი ტახტიდან ჩამოაგდო სპარტის მეფე ტინდარეოსმა, რომელმაც მიკენი ატრევსის ძეს, აგამემნონს დაუბრუნა. ეს ის აგამემნონია, რომლის მეუღლე კლიტემნესტრა ეგისთოსის საყვარელი გახდება და მასთან ერთად ტროადან დაბრუნებულ გამარჯვებულ მეფეს სიცოცხლეს გამოასალმებს. ეს სიუჟეტი აღწერილი არის ესქილეს ორესტეაში.

თიესტესის მითოსში აისახა გვაროვნული საზოგადოების კანონები და დამოკიდებულებანი, სისხლის აღების ადათი, ნათესაური ქორწინება, კანიბალიზმის გადმონაშთები, მამათა მიერ ჩადენილი ცოდვების გამო შვილთა პასუხისმგებლობის ხვედრი და სხვა.

თიესტესის თემას ეძღვნებოდა სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები, რომელთა სათაურებია მხოლოდ შემორჩენილი და სენეკას ქმნილება „თიესტესი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტონია ნანა, მითოლოგიური ენციკლოპედია: ყმაწვილთათვის, თბ.: ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003.