თიანეთის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თიანეთის რაიონი)
ადმინისტრაციული ერთეული
თიანეთის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
ადმ. ცენტრი თიანეთი
კოორდინატები 42°08′00″ ჩ. გ. 45°03′00″ ა. გ. / 42.13333° ჩ. გ. 45.05000° ა. გ. / 42.13333; 45.05000
ფართობი 906.3 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 9468 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 10,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
ოსები 0,2 %
რუსები 0,15 %
სომხები 0,1 %
ბერძნები 0,1 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,77 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://www.tianeti.org.ge/?l=E
თიანეთის მუნიციპალიტეტი — საქართველო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკუთვნოდა თიანეთის მაზრას, ხოლო 1924 წლიდან — დუშეთის მაზრას, 1932 წლიდან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი.

თიანეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით საზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ახმეტის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 906,3 კმ², რაც რეგიონის ტერიტორიის 15 %-ია.[3]

ტერიტორიის 60 % ტყეებს უჭირავს, ხოლო 34 % — სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო და მაღალმთიანია მთიანია, სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-3000 მ-ის ფარგლებში იცვლება. თიანეთის მუნიციპალიტეტში ჰავა შესამჩნევად იცვლება ზონალობის მიხედვით. 1000-1300 მ-ის ფარგლებში კლიმატი შედარებით რბილი და მშრალია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 8.5 °C-ს აღწევს, ხოლო ნალექების რაოდენობა 620 მმ-ს. მაღალ ზონაში ჰავა მკაცრდება, ამასთანავე ნალექიანობა 1300-1800 მმ-მდე იზრდება.[3]

მუნიციპალიტეტში მდინარეთა ქსელი წარმოდგენილია მდინარე იორითა და მისი შენაკადებით. იორზე მოწყობილია სიონის წყალსაცავი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის და სარწყავად.[3]

თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით 9468 კაცია. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კლების ტენდენციით ხასიათდება. სულ 82 დასახლებული პუნქტია. მუნიციპალიტეტში ორი ურბანული დასახლებაა (თიანეთი და სიონი), რომელთა საერთო მოსახლეობა 2850 კაცია.[3]

მუნიციპალიტეტის წამყვანი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, კერძოდ კი მეცხოველეობა. მუნიციპალური განვითარების 2007-2012 წლების გეგმის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების აღდგენა-მოწყობა, ტურიზმის განვითარება, მცირე ჰესების მოწყობა, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (გზები, კანალიზაცია, წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება) გაუმჯობესება.[3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბა თიანეთის ცენტრალური ქუჩა
დაბა თიანეთის ცენტრალური ქუჩა

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირედ კი ჩადაბლებებს. ძირითადად გაბატონებულია ეროზიული, ძველ მყინვარული და წყალ-აკუმულაციური რელიეფის ფორმები.

მუნიციპალიტეტის დასავლეთით აღმართულია უმეტესად საშუალომთიანი ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთები. ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩოსმთა (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედზე მდებარე სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია: სასვავეთავი (2780 მ), ელიასნიში (2265 მ), ჩარგლისთავი (2767 მ), შაშური (2112 მ), ხეობა (1492 მ) და სხვ.

გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ფუტკარული (2300 მ), რომელიც აკავშირებს არაგვისა და ივრის ხეობებს.

ქართლის ქედის გეოლოგიურ აგებულებაში ძირითადად მონაწილეობენ ცარცული ნალექები. გვხვდება ასევე იურული და პალეოგენური ნალექები. ქედი ატარებს ძველი გამყინვარების ნიშნებს - მყინვარული ცირკებს და სხვ., რაც მოწმობს იმაზე, რომ წარსულში ქედმა გამყინვარება განიცადა. ქართლის ქედი მის სხვადასხვა ადგილებში განსხვავებული ჰიფსომეტრიული ნიშნულებით ხასიათდება. მაგ.: ჩრდილოეთით მდებარე მწვერალები სიმაღლეში 3000 მ-ს სჭარბობენ, სამხრეთის მონაკვეთის მთები კი 1400 მ-მდე დაბლდებიან. ჩრდილოეთით მდებარე ჭიჩოსმთასა და სამხრეთით მდებარე მთა დოლოშას შორის სიმაღლეთა სხვაობა უდრის 1666 მ-ს. ქართლის ქედი მეტ-ნაკლებადაა დანაწევრებული ხევ-ხეობებით. მისი კალთებიდან არაერთი მდინარე იღებს სათავეს მ.შ. აძეძი, ქუსნო, ხაშრულა, ძაღლიანთხევი, ხინჭებისხევი, წირდალისხევი, ჩარგლულა და სხვა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით აღმართულია ეროზიულ მერიდიანული კახეთის საშუალომთიანი ქედი, რომელზეც აღმართულია მთები გარეჯა (2496 მ), მუხათი (2042 მ), ლაღისმთა (2595 მ), შახვეტილა (1325 მ) და სხვ. კახეთის ქედის ჩრდილო ნაწილი აგებულია ზედაიურული კარბონატული ქანებით, სამხრეთ ნაწილი კირქვიანი თიხა-ქვიშაქვების წყებებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში კახეთის ქედს გამოეყოფა ჭიაურის ქედი, რომელიც გაწოლილია იორსა და საგამს შორის. ჭიაურის ქედზე აღმართღულია ჭიაურის მთა (2018 მ), რომელიც მდინარე ჭიაურისწყლის სათავეში მდებარეობს და ახასიათებს გუმბათისებრი ფორმა. კახეთის ქედიდან ჩამოედინებიან მდინარეები: საგამი, ბაბხისხევი, წისქვილისწყალი (დასავლეთ კალთებიდან), ილტო და მისი მთელი რიგი მარჯვენა შენაკადები.

ოროგრაფიულად კახეთის ქედის გაგრძელებას წარმოადგენს გომბორის საშუალომთიანი ქედი, რომელიც მუნიციპლიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია აღმართული და აგებულია უმეტესად ცარცული და მესამეული ასაკის წყებით. გომბორის ქედზე გვხვდება პენეპლენიზებული რელიეფის ფრაგმენტები, რომელიც განისაზღვრება ქვედამიოცენური ასაკით.

ქართლისა და კახეთის ქედები ერთმანეთთან გადაბმულნი არიან თიანეთის ქედის მეშვეობით, რომელიც ეროზიული რელიეფით ხასიათდება და აღმართულია მუნიციაპლიტეტის ჩრდილოეთით. თიანეთის ქედზე მდებარეობს მწვერვალი მასარა (3279 მ).

თიანეთის მუნიციპალიტეტის რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია თიანეთისა და ერწოს ქვაბულები.

თიანეთის ქვაბული ივრის ხეობის გაფართოებული ნაწილია და იფარგლება იგი ქართლისა და კახეთის ქედებით. ქვაბული ვრცელდება 1050 მ-დან (სამხრ.) 1150 მ-მდე (ჩრდ.). თიანეთის ქვაბულის ფსკერი წარმოადგენს აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია ფხვიერი ნალექებითა და ლიასით. იგი შექმნილოია ტექტონიკური პროცესებით.

თიანეთის ქვაბულის მსგავსად ერწოს ქვაბულიც ღრმულისებრი ტექტონიკური ჩადაბლებაა, რომელიც ირწყვის მდინარე აძეძით. ქვაბულის სიმაღლეა 1000-1100 მ. ერწოს ქვაბულის ფსკერი აკუმულაციური ბრტყელი ვაკეა, რომელიც ნაგებია თიხებით, რიყნარითა და ქვიშებით.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიანეთის მუნიციპალიტეტის ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია.

მთავარ სამდინარო არტერიას ქმნის მდინარე იორი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. იორი თიანეთის მუნიციპალიტეტს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს და გაუყვება მას სათავიდან სოფელ ბოჭორმამდე. მდინარე იორი სათავეს იღებს თიანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ივრის სათავეს ქმნის სამი პატარა ნაკადული, რომელთაგან უდიდესია დასავლეთის ტოტი, რომელიც თავის მხრივ, ოთხი წყალვარდნილის შეერთებით იქმნება. მდინარის ზემო წელის ხეობა ვიწროა, შუა მონაკვეთში რამდენადმე ფართოვდება და ქმნის თიანეთისა და ერწოს ქვაბულებს. იორი სწორედ თიანეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივითარებს საკმაოდ დიდ აუზს, რაც უპირველესად აიხსნება აქაური ოროგრაფიის მჭიდრო ხასიათით. თიანეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივრის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია: აძეძი, ქუსნო, ხაშრულა, ძაღლიანთხევი, ხინჭებისხევი, ხატხეურა (მარჯვ.); საგამი, ბაბხისხევი, წისქილისწყალი, ჭიაურისწყალი, კორსავისხევი (მარცხ.).

ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებით მნიშვნელოვანია მდინარე ქუსნო (სიგრძე 20 კმ), რომელიც სათავეს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იღებს. მდინარის ზემო წელს ვერხველი ეწოდება. მთავარი შენაკადია - თეთრახევი.

მდინარე აძეძი (სიგრძე 16 კმ) მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში გაედინება და იწყება ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზაფხულში წყალმოვარდნები იცის, ხოლო ზამთარში წყალმცირობა. აძეძის მთავარი შენაკადებია: თრანულა, მთიულთხევი და ჩიტაურებისხევი.

ივრის ხეობაში, სოფელ ლელოვანსა და დაბა სიონს შორის მდებარეობს სიონის წყალსაცავი, რომლის ფსკერი ვაკეა. წყალსაცავის სარკის ფართობია 12,8 კვ.კმ. უდიდესი სიღრმე - 67 მ. სიონის წყალსაცავს ერთვის მცირე მდინარე ჩეკურაანთგორისხევი. მისგან სამხრეთით აგებულია სიონჰესი.

თიანეთის მუნიციპალიტეტში არის მცირე ტბებიც, მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელველების ტბა, რომელიც მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. გაწოლილია ივრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე უფრო მაღლა.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის დაბალ ადგილებში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ზღვის დონიდან 1000-1100 მ სიმაღლეზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრითა და ხანგრძილი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის -4,1 °C, 4,7 °C. ზაფხულში კი შესაბამისად 18,3 °C, 18,5 °C. ნალექები 790 მმ-იდან 880 მმ-მდე. მაღალმთიანეთში მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა, სადაც არის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ჰავა. ივრის აუზში მკაფიოდ არის გამოხატული კლიმატის კონტინენტურობა და ამით იგი გამორჩეულია საქართველოს სხვა მდინარეთა აუზებისაგან.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგები. მაღალ ადგილებში (ქედების კალთებზე) ჩამოყალიბებულია ტყის გაეწრებული და ყომრალი ნიადაგები, რომელსაც უფრო მაღლა კორდიანი და კორდიან ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგი ცვლის. მუნიციპალიტეტის დაბალ ადგილებში გავრცელებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები. ერწოსა და თიანეთის ქვაბულებში გავრცელებულია ალუვიური ნიადაგები. სიონის ქვაბულის ფსკერზეც ალუვიური ნიადაგია.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. მთათაშუეთი ქვაბულები, ძირითადად ალუვიური ნიადაგებითა და მუხნარ-რცხილნარით;
  2. ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები მუხნარითა და რცხილნრით;
  3. ტყის ყომრალი ნიადაგი წიფლნარითა და რცხილნარით;
  4. ტყის ყომრალი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი წიფლის ტყეებით;
  5. სუბალპური მდელოები;
  6. ალპური მდელოები.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყესა და ბუჩქნარს უკავია მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის დაახლ. 50 ათ. ჰა. წიფლნარი გაბატონებულია კახეთის, ქართლისა და გომბორის ქედების თხემზე. თიანეთის ქვაბული ადრე მთლიანად ფართოფოთლოვანი ტყით იყო შემოსილი. დღევანდელი მდგომარეობით ტყე მხოლოდ ფერდობებზეა შემორჩენილი. ერწოს ქვაბულში ტყე მხოლოდ კალთებზე გვხვდება. ქართლის, კახეთისა და გომბორის ქედებზე მთის ტყეთა სარტყელს ზემოთ ცვლის სუბალპური მდელოები.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქაური მიწები ფაუნით მდიდარია. სიონის წყალსაცავის ახლოს ბინადრობს ქურციკი. ის საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. აქვე მაღალ მთებში არის არჩვი. შემონახულ ტყეებში გვხვდება კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ირემი, მაჩვი, მგელი, მელა და კვერნა. იშვიათად გვხვდება ფოცხვერი და დასავლური ჭრელტყავა. ორივე ძუძუმწოვარი მტაცებელია. მღრღნელებიდან გავრცელებულია ძილგუდა, მემინდვრია, ტყის თაგვი, იშვიათად წავი.

ორნითოფაუნას ქმნიან კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, კრავიჭამია, ჭკა, მთის არწივი, კოდალა და სხვ. მდინარე იორი და მისი შენაკადები მდიდარია თევზით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა - 9468 კაცი[4]; სიმჭიდროვე — 10,4 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 76 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 74 სოფელი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 15 128
2002 14 005
2014 9 468
2021[5] 10 300

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთი და სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 18 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი: თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიანეთის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით.

თვით დაბა თიანეთთან აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი „ცხრაკარა“, რომელიც მიეკუთვნება XI ს. აღსანიშნავია ასევე ისტორიული კახეთის ერთ-ერთი ცენტრი ბოჭორმა. დღემდე შემორჩენილია ბოჭორმის ციხესიმაგრის ნანგრევები. სოფელ ნადოკრიდან ახლოს დგას მცირე ზომის ეკლესია. მნიშვნელოვანია ასევე ადრინდელი შუა საუკუნეების კახეთის კულტურულ პოლიტიკური ცენტრი „ჟალეთი“, რომლის ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია. მნიშვნელოვანია ასევე ოჩანის ციხე და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაზავა ი., ზარდალიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 679-680.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]