თვინიერი
„თვინიერი“ | |
---|---|
Кроткая | |
ქართული გამოცემა | |
ავტორი | ფიოდორ დოსტოევსკი |
ქვეყანა | რუსეთი |
ენა | რუსული |
გამოცემის თარიღი | 1876 |
მედია | ბეჭდური |
მომდევნო | ძმები კარამაზოვები |
თვინიერი (რუს. Кроткая) 一 რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა, რომელიც 1876 წლის ნოემბერში დაიწერა. მის ქვესათაურს წარმოადგენს „ფანტასტიკური ამბავი“, რასთან დაკავშირებითაც თავად ავტორი მოთხრობის ეპილოგში დასძენს, რომ ის შესაძლოა იყოს „არა იმდენად ფანტასტიკური, რამდენადაც რეალისტური“.[1] ცნობილია, რომ ნაწარმოების დაწერის იდეა ავტორს მას შემდეგ მოუვიდა, რაც ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის 1876 წლის აპრილის გამოცემაში წაიკითხა სტატია მკერავის თვითმკვლელობის შესახებ. დოსტოევსკიმ მას უწოდა „თვინიერი თვითმკვლელობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსვენებას დაუკარგავს ნებისმიერ მსმენელს“.[2]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთხრობა იწყება უსახელო მევახშის ნარატივით, როცა მის სახლში მოთავსებულია საკუთარი, ახლადგარდაცვლილი მეუღლის გვამი. ამის შემდეგ, თხრობა წარსულში ინაცვლებს და მკითხველი იგებს იმის შესახებ, თუ როგორ დაუახლოვდა ლომბარდიორი თავისზე გაცილებით პატარა ასაკის მქონე გოგონას. ის მევახშესთან საკუთარ ნივთებს ტოვებდა, მიღებული თანხით კი გაზეთში აქვეყნებდა განცხადებას გუვერნანტად მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. ნარატორი ხვდებოდა, რომ ახალგაზრდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ, ის ხშირად იმაზე მეტს გადასცემდა მას, ვიდრე, რეალურად, ღირდა ესა თუ ის საქონელი. თანდათანობით, განმეორებითი შეხვედრების პარალელურად, ნარატორს უჩნდება ინტერესი მისი უცვლელი კლიენტის მიმართ. მევახშე შეიტყობს მეტს გოგონას შესახებ და გაიგებს, რომ მას ორი ხარბი დეიდის მფარველობის ქვეშ უწევს ცხოვრება. ამ უკანასკნელთ, როგორც მთხრობელი იგებს, გადაუწყვეტიათ გოგონას მითხოვება მსუქან გამყიდველზე, რომელიც არც თუ ისე კარგი რეპუტაციის მატარებელი იყო 一 ის ეჭვმიტანილი იყო ორ ყოფილ მეუღლეთა მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებში. მას შემდეგ, რაც მან გოგონას ცოლად შერთვა შესთავაზა, იმავდროულად, ნარატორმაც გადაწყვიტა, შეეთავაზებინა მისთვის ქორწინება, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მას არ უნდოდა „უწყინარი სულის მოძალადის ხელში ჩაგდება“. საბოლოოდ, გოგონა გადაწყვეტს, დაქორწინდეს მთხრობელზე. საწყის მომენტში, მათი კოლაბორაცია ამართლებდა, თუმცა, მევახშის ძუნწი ქმედებები ხშირად გოგონას ზარალის მიზეზი ხდება. მათ ხშირად ჰქონდათ უთანხმოება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს მისი ბიზნესი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნარატორი იბრალებდა, რომ ისინი სრულებით არ ჩხუბობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მეუღლე იწყებს მევახშის სახლიდან გაქცევას გაურკველი მიმართულებით. აღმოჩდება, რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში, და არამხოლოდ, ნარატორის ყოფილი პოლკის წევრ ეფიმოვიჩთან დადიოდა. ეფიმოვიჩისგან ქალი იგებს იმის შესახებ, თუ რა სამარცხვინოდ დაითხოვეს ნარატორი პოლკიდან. ქალი კვლავაც აგრძელებს ვიზიტს ეფიმოვიჩთან. ერთხელაც, მთხრობელი მიჰყვება ცოლს და თან წაიყოლებს რევოლვერს. იგი ჩუმად უსმენს საკუთარი მეუღლისა და ეფიმოვიჩის დიალოგს მოსალოდნელ დუელთან დაკავშირებით, რაც მას სიცილადაც არ ჰყფნის. საუბრის ბოლოს, მთხრობელი შეიჭრება ოთახში და იბრუნებს საკუთარ მეუღლეს. ისინი შინ ბრუნდებიან, თუმცა ღამეს ცალ-ცალკე ათევენ. დილით, ნარატორი შენიშნავს, თუ როგორ უახლოვდება მას საკუთარი მეუღლე, მისივე რევოლვერით ხელში, რომელიც მას ამ უკანასკნელს შუბლთან მიუბჯენს. მიუხედავად იმის გათვიცნობიერებისა, რა ხდება რეალურად, მევახშე მაინც ხუჭავს თვალებს და ფიქრობს, რომ მისი მეუღლის აზრით, უკვე მისი სიკვდილის დროა. თუმცა, ქალი იარაღს არ გაისვრის, მეორე დღეს კი მისთვის ქმარი ახალ საწოლს იყიდის. იმავე დღეს, ქალი უცნობი სენით ავადდება. მთხრობელი არ იშურებს ხარჯებს ცოლის სამედიცინო დახმარებისთვის და ის ნელ-ნელა, მართლაც, გამოჯანმრთელდება. ასე გრძელდებოდა თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში, გარდამტეხი მომენტი კი მაშინ იწყება, როცა მეუღლე მევახშის თანდასწრებით იწყებს სიმღერას. მევახშე მეუღლეს ფეხებზე კოცნის და ჰპირდება, რომ ის შეიცვლება. ის დეტალურად აღუწერს განვლილი პოლკის ინცინდენტის შესახებ და ჰპირდება, რომ მას აუცილებლად წაიყვანს ბულონ-სურ-მერში. რამდენიმე დღის შემდეგ მთხრობელი პასპორტების მოსაწყობად მიდის. როდესაც მთხრობელი სახლში ბრუნდება, ის გადაეყრება მისი სახლის წინ მდგომ ხალხის ბრბოს. მისმა ცოლმა თავი მოიკლა 一 ღვთისმშობლის ხატით ხელში, ის ფანჯრიდან გადახტა. მთხრობელი დარწმუნებულია, რომ მას სახლში დასაბრუნებლად სულ რამდენიმე წუთი დააგვიანდა.
ანალიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთხრობელი თითქმის იმავე თვისებების მატარებელია, რა თვისებებსაც ფლობს მთავარი გმირი დოსტოევსკს სხვა ნაწარმოებში 一 ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან 一 ასევე ის მევახშეები, რომლებიც პერსონაჟებად გვევლინებიან რომანებში დანაშაული და სასჯელი და იდიოტი 一 ისინი ქმნიან იმ ადამიანთა სახეს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას სიმდიდრის დაგროვების გზით.[3] მთხრობელისა და მისი მეუღლის თვითმკვლელობა აღქმულია, როგორც კრიტიკა იმისა, რასაც თავად დოსტოევსკი უწოდებდა სულიერ სტაგნაციას (რუს. косность), რომელიც გამოწვეულია გადამეტებული მატერიალიზმით.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://saba.com.ge/books/details/8912/%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98
- ↑ Ludmila Koehler. Five Minutes Too Late... Dostoyevsky Studies, Vol. 6, p. 113, 115: 1985. დაარქივებული July 4, 2012, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Koehler, p. 113.]
- ↑ Koehler, p. 121-22.