თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია ინდოეთში
თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია ინდოეთში (ინგლ. Self-Employed Women's Association of India, SEWA) — ინდური არაკომერციული ორგანიზაცია პროფკავშირის ფორმით, რომელიც აერთიანებს დაახლოებით ერთ-ნახევარ მილიონ წევრ ქალს მთელი ინდოეთის მასშტაბით. ეს ქალები საკუთარი შრომით ირჩენენ თავს ან მართავენ მცირე საწარმოებს.[1] [2] [3] [4]


SEWA არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის აფილირებული ორგანიზაცია.[1]
SEWA-ს საქმიანობა ორ მთავარ მიზანს ემსახურება:დაეხმაროს ქალებს სრული დასაქმების მიღწევაში, რაც მათ მისცემს ხვალის დღის იმედს სამუშაოს, შემოსავლის, საკვები პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და სოციალური დაცულობის კუთხით და დაეხმაროს თითოეულ ქალს ცალკე და ყველას ერთად, რომ იგრძნონ თვითკმარობა, დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია[5]დააარსა განდისტი აქტივისტმა ელა ბჰატმა 1972 წელს.
SEWA-ს სათავეში ქალები დგანან. საკვანძო თანამდებობები შემდეგნაირად არის განაწილებული: ელა ბჰატი (დამფუძნებლის საპატიო თანამდებობა), პრეზიდენტი — ბჰანუბენ დანაბჰაი სოლანკი; ვიცე-პრეზიდენტი — მანალიბენ შაჰი; ვიცე-პრეზიდენტი — მანიბენ ჰარიბჰაი პატანი; ვიცე-პრეზიდენტი — გაურიბენ რამაბჰაი ბრაჰმანი; გენერალური მდივანი — ჯიოტიბენ მაკვანი; მდივანი — მატტალბენ შაჰი; ხაზინადარი — ნამრატა ბალი.[3]
ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს აჰმადაბადში, გუჯარათში (ინდოეთი).
SEWA-ს ყველა წევრი დაყოფილია ოთხ კატეგორიად მათი საქმიანობის პრინციპის მიხედვით: სახლში მომუშავეები, მოვაჭრეები, დამტარებლები/გამყიდველები, აგრეთვე მომსახურების მიმწოდებლები და მცირე მწარმოებლები.
ასოციაციას მხარდაჭერას უწევს მსოფლიო ბანკი.[6][7]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს ელა ბჰატს შესთავაზეს, ინდოეთის ტექსტილის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის (Textile Labor Association, TLA) ქალთა ფრთის ხელმძღვანელობა.[1][5]
მუშაობისას მას დიდად აღელვებდა ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა არ იცავდა სახლში მომუშავე ქალების უფლებებს, განსხვავებით იმ ქალებისგან, რომლებიც იმავე სამუშაოს საწარმოებში ასრულებდნენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მან სცადა ქალების გაერთიანება ტექსტილის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ფარგლებში, მისი პრეზიდენტის, არვინდ ბაშის მხარდაჭერით. 1972 წელს კი თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია (Self Employed Women’s Association, SEWA) დააარსა.
1972 წელს SEWA პირველად ჩამოყალიბდა როგორც ქალთა კოლექტივი, რომელიც მუშაობდა ტექსტილის ფაბრიკების გარეთ და არ იყო ორიენტირებული შემოსავლის სხვა ფორმალიზებულ წყაროებზე — ეს ის ინდივიდები იყვნენ, რომლებზეც TLA არ ვრცელდებოდა.
SEWA-ს წევრების ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათგან 97% ღარიბ უბნებში ცხოვრობდა, 93% წერა-კითხვის უცოდინარი იყო, საშუალოდ ოთხი შვილი ჰყავდათ და ყოველი მესამე ქალი ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო. მისი პირველი დიდი პროექტი იყო SEWA კოოპერატიული ბანკი, რომელიც 1974 წელს დაარსდა დაბალშემოსავლიანი წევრებისთვის სესხების გაცემის მიზნით.
არვინდ ბაში გახდა ახალი ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო ელა ბჰატი — მისი გენერალური მდივანი 1972-დან 1996 წლამდე.
ელა ბჰატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა ამ მიღწევის უკან იდგა SEWA-ს დამფუძნებელი ელა ბჰატი. ბჰატი დაიბადა აჰმადაბადში 1933 წლის 7 სექტემბერს, ადვოკატებისგან შემდგარ ბრაჰმანთა კასტის ოჯახში, და თავადაც ადვოკატი იყო TLA-ში 1950-იანი წლების დასაწყისიდან. ბჰატმა აღმოაჩინა, რომ აჰმადაბადის ღარიბი ქალები მხოლოდ შინამოსამსახურეები არ იყვნენ; ისინი სახლში მრავალფეროვან ბიზნესს ეწეოდნენ — როგორც ქუჩის მოვაჭრეები, გამყიდველები, სამშენებლო მუშები — და არ იყვნენ წარმოდგენილი ინდოეთის ეკონომიკაში.
წარმოუდგენელია, მაგრამ 2009 წლისთვის ინდოელი მომუშავე ქალების 94% თვითდასაქმებული იყო, თუმცა არაოფიციალური პროფკავშირის ჩამოყალიბებას 1972 წლამდე დასჭირდა.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ელა ბჰატს თავის ერთ-ერთ სამაგალითო ფიგურად მიიჩნევდა. ჰილარიმ SEWA-ს პირველად 1995 წელს ესტუმრა. ერთ-ერთ გამოსვლაში მან ელა „რბილი საუბრის მანერის მქონე და შორსმჭვრეტელ ლიდერად“ აღწერა.[8]
უახლესი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის ივნისში, ინდოეთის მასშტაბით ათობით ათას ქალზე უნიკალურმა სადაზღვევო პოლისმა დაიწყო ანაზღაურების გაცემა, რათა დაეხმაროს მათ ექსტრემალური სიცხის შედეგად გამოწვეული გავლენის დაძლევაში. ეს პოლისი 50,000 ქალს ფარავს ინდოეთის 22 რაიონში, რომლებიც განლაგებულია შემდეგ შტატებში: რაჯასტანი, მაჰარაშტრა და გუჯარათი.
SEWA სცდება მხოლოდ პროფკავშირის ფარგლებს და დამატებით ემსახურება როგორც შესაკრები ადგილი ღარიბი, ინდოელი ქალებისთვის, რომლებიც რეგულარულად მარგინალიზებული არიან როგორც სოფლად, ასევე ურბანულ ღარიბ უბნებში (სლამებში).
ეს მოდელი აჰმადაბადიდან გავრცელდა გუჯარათის სხვა ნაწილებში, ისევე როგორც ინდოეთის სხვა შტატებში, უფრო დიდი ფედერაციის, SEWA ბჰარატის ფარგლებში.
SEWA-ს ორგანიზაციული მოდელი ერთმანეთთან აკავშირებს ქალებს სხვადასხვა კასტიდან და კლასიდან, რომლებსაც საერთო აქვთ შრომითი ექსპლუატაციის გამოცდილება. SEWA-ს წევრთა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქალები სრული დასაქმებისა და თვითკმარობის მიზნებს აღწევენ ინტერპერსონალური აღიარების მეშვეობით, რამაც ასევე დაამტკიცა ორგანიზაციის შიგნით პროდუქტიულობის ზრდა .
SEWA ასევე აკავშირებს ერთსა და იმავე ბიზნესში დასაქმებულ მუშაკებს 50-ზე მეტი კოოპერატივის ფარგლებში. SEWA ემსახურება როგორც სამაგალითო მოდელი წარმატებული ქვემოდან ზემოთ დემოკრატიული ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციული მოდელის ხაზგასმით.
ასოციაციის განვითარებამ განაპირობა მრავალი კოოპერატივისა და ამხანაგობის შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ დაფინანსებას, ტრენინგებს (სწავლებას), კვალიფიკაციის ამაღლებას, კვლევებს, სამედიცინო მომსახურებას, ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებს და საცხოვრებელ პროგრამებს.
1980-იანი წლების დასაწყისში SEWA ინდოეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოსახლეობის ღარიბი ფენის დედებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. 2009 წლისთვის, SEWA-ს საქმიანობა ჯანდაცვის სფეროში მრავალფეროვანი მიმართულებებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის: სამედიცინო მომსახურების გაწევა 60 სტაციონარული სამედიცინო ცენტრისა და მოძრავი სამედიცინო ბანაკების მეშვეობით, სანიტარულ-საგანმანათლებლო საქმიანობა და ტრენინგები, იაფი მედიკამენტების მიწოდება ადგილობრივი სააფთიაქო პუნქტების გავლით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული საქმიანობა და ტრადიციული მედიცინის პრეპარატების წარმოება და მარკეტინგი. დროთა განმავლობაში, SEWA-მ არამარტო გააფართოვა თავისი გავლენა მთელი ინდოეთის მასშტაბით, არამედ გლობალურ მოძრაობად იქცა, რომელმაც მიმდევრები სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური ორგანიზაციების შესაქმნელად შთააგონა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт: sewa.org.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Awardees Biography. Ramon Magsaysay Award Foundation. ციტირების თარიღი: 2013-12-15
- ↑ Леслие Вриэнхук. Отмечая 40-летие SEWA. streetnet.org.za. ციტირების თარიღი: 2015-04-28
- 1 2 SEWA. streetnet.org.za. ციტირების თარიღი: 2015-04-28
- ↑ Кто несет ответственность перед женщинами?. Фонд ООН для развития в интересах женщин UNIFEM (2010). ციტირების თარიღი: 2015-04-28
- 1 2 Религиозная премия мира Нивано присуждена активистке из Индии Эле Бхатт. blagovest-info.ru (2010-02-25). ციტირების თარიღი: 2015-04-28
- ↑ Voices of the Poor: Can Anyone Hear Us დაარქივებული 2015-03-04 საიტზე Wayback Machine. , The World Bank, New York, N.Y.: Published for the World Bank, Oxford University Press, 2000
- ↑ Gender in Bolivian Production: Reducing Differences in Formality and Productivity of Firms (World Bank Country Study) by World Bank, p. 43.
- ↑ Hillary Clinton and Elaben Bhatt: Why the former US First Lady saw the late founder of SEWA as a role model en (2023-02-04). ციტირების თარიღი: 2023-02-04