შინაარსზე გადასვლა

თვალჭყეტიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თვალჭყეტიასებრნი

ინდური თვალჭყეტია (Burhinus indicus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Burhinidae (Mathews, 1912)

თვალჭყეტიასებრნი[1][2] (ლათ. Burhinidae) — ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

XX საუკუნის პირველ ნახევარში ოჯახი შეიყვანეს მეჭვავიასნაირთა რიგის წინტალების ქვერიგში.[3] 70-იან წლებში, საბჭოთა ორნითოლოგებმა გამოიკვლიეს მეჭვავიასნაირთა, წეროსნაირთა და თვალჭყეტიასებრთა ტაქსონებში შემავალი ფრინველები და ეს უკანასკნელი წეროსნაირებს მიაკუთვნეს.[4] თანამედროვე კლასიფიკაციით ისევ შეიყვანეს მეჭვავიასნაირთა რიგში.[5]

მათი სხეულის სიგრძეა 40–57 სმ,[6] მასა — 0,4-დან 1,1 კგ-მდე. ფეხები გრძელია, კისერი უმთავრესად მოკლე (აქვს 16 მალა, როგორც იაკანებს), თავი დიდი, ნისკარტი წაგრძელებული (თავის სიგრძის ნახევარზე მეტი) და შესამჩნევად სქელი. თვალები დიდია.

შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ფერად ქვიშისფერ-ყავისფრები არიან, აყრია გრძივი ან ღვენთისებური მუქი ლაქები. სხეულის ქვედა ნაწილი, წარბები, თავის გვერდითა ზოლები ღიაა. კუდზე და ფრთებზე შავი და თეთრი ფერის მონაკვეთებია.

გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა, უპირატესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებში. ბინადრობს ღია ლანდშაფტებში — თიხოვან და ქვიშიან უდაბნოებში და ნახევარუდაბნოებში, შეთხელებული ბალახოვანი საფარის მქონე სტეპებში. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება თვალჭყეტია.[7]

აქტიურები არიან შებინდებისას და ღამით. ძირითადად მიწის ფრინველებია, კარგად ფრენენ და დარბიან. მონოგამები არიან, სახლობენ ცალკეულ წყვილებად. ბუდეს მიწაზე აკეთებენ. დედალი დებს 2–3 ლაქებიან კვერცხს. ინკუბაცია 4 კვირამდე გრძელდება, კრუხობს ან ორივე მშობელი, ან დედალი. ზოგჯერ სეზონზე ორჯერაც მრავლდებიან. ბარტყები თვალახილულნი და შემოსილნი იჩეკებიან და როგორც წესი, მეორე დღიდანვე შეუძლიათ მშობლებს ადევნება; საფრთხის შემთხვევაში მშობლები მათ მალავენ. ფრთიანდებიან 1,5–2 თვის ასაკში. ბუდობის პერიოდში ერთიანდებიან გუნდებად, ზოგიერთ ასეთ გუნდში რამდენიმე ათეული ფრინველია თავმოყრილი. იკვებებიან მწერებით (უმთავრესად ხოჭოებით), მოლუსკებით, პატარა ხვლიკებით.[8]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 7, 116, 188.
  2. Burhinidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. Дементьев Г. П., Гладков Н. А., Спангенберг Е. П. Птицы Советского Союза. Т. 3 / Под общ. ред. Дементьева Г. П. и Гладкова Н. А. — М.: Советская наука, 1951. — 680 с.
  4. Иванов А. И., Штегман Б. К. Краткий определитель птиц СССР. Изд. 2-е, испр. и доп. (В серии: Определители по фауне СССР, издаваемые ЗИН АН СССР. Вып. 115) — Л.: Наука, 1978. — 560 с.
  5. Коблик Е. А., Редькин Я. А., Архипов В. Ю. Список птиц Российской Федерации. — М.: Товарищество научных изданий КМК, 2006. — 256 с. — ISBN 5-87317-263-3
  6. Биологический энциклопедический словарь / Гл. ред. М. С. Гиляров; Редкол.: А. А. Баев, Г. Г. Винберг, Г. А. Заварзин и др. — М.: Сов. энциклопедия, 1986. — С. 7—8. — 831 с. — 100 000 экз.
  7. კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 673.
  8. Коблик Е. А. Разнообразие птиц. часть 2.. — Москва:: изд-во МГУ, 2001. — С. 150—153. — 400 с.