თეტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეტისი – (ბერძნ.) ნერეიდა, ნერევსისა და დორისის ასული, აქილევსის დედა.

თეტისი ნერევსის უფროსი ქალიშვილი იყო და ამიტომ ნერეიდების გუნდის წინამძღვრობა ევალა. ტიტანომაქიაში იგი ახალი თაობის ღმერთებს ეხმარებოდა. სწორედ მან უხმო ბრიარეოსს, ასხელა ბუმბერაზს, ზევსის დასახმარებლად. მასთან იმალებოდა ჰეფესტო მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ზევსმა ოლიმპოსიდან გადმოსტყორცნა. მზრუნველობას არ აკლებდა იგი დიონისესაც.

თეტისის გულის მოგებას ცდილობდნენ პოსეიდონიცა და ზევსიც. მაგრამ მოხდა ისე, რომ ზევსს უწინასწარმეტყველეს: თუკი თეტისს მოიყვანდა ცოლად, დაიბადებოდა ვაჟი, რომელიც მამაზე აღმატებული იქნებოდა ძალმოსილებით. ეს არ მოეწონა ზევსს და თეტისი ძალით მიათხოვა უკვდავ პელევსს (სხვა ვერსიით, პელევსმა თავად დაიმორჩილა ცეცხლად, წყლად, გველად თუ ლომად გარდასახული თეტისი). საყოველთაოდ არის ცნობილი თეტისისა და პელევსის ქორწილი, რომელიც დიდი ზეიმით აღნიშნეს ღმერთებმა კეთილი კენტავრის, ქირონის, მღვიმეში. სანადიმოდ გაშლილ სუფრასთან ყველა ღვთაება ილხენდა. არსად ჩანდა მხოლოდ განხეთქილების ქალღმერთი ერისი, რომლის მიპატიჟებაც დავიწყებოდა მაცნე ირისს. განრისხებულმა ღვთაებამ შუა ქორწილში სუფრაზე გააგორა ოქროს ვაშლი, რომელიც მოგვიანებით ტროას ომის მიზეზი გახდა („განხეთქილების ვაშლი“).

პელევსისაგან თეტისს შეეძინა აქილევსი, სახელოვანი გმირი (სხვა ვერსიით, თეტისმა შვა შვიდი ვაჟი. აქილევსის გარდა ყველა დაიფერფლა იმ ცეცხლში, სადაც მათ დედა აწვენდა, რათა უკვდავება მიენიჭებინა). თეტისი ღამ-ღამობით მას ცეცხლში აწრთობდა. ეს რომ პელევსმა იხილა, გამოიტაცა ბავშვი ცეცხლიდან. განრისხდა თეტისი, რადგანაც ვერ მოასწრო თავისი ვაჟის უკვდავყოფა და ზღვის სიღრმეში გაუჩინარდა. იგი მამის სახლში დაბრუნდა. სხვა მითოსი კი გვიამბობს, რომ თეტისი სტიქსის წყალში განბანდა ხოლმე აქილევსს. სწორედ ამიტომ ვერას აკლებდა მტერი ამ გმირს. მისი სუსტი ადგილი იყო ქუსლი, რომლითაც ეკავა ხოლმე დედას ჩვილი სტიქსის წყალში ამოვლებისას. თეტისს უყვარდა აქილევსი და მზრუნველობას არ აკლებდა. იცოდა ნერევსის ასულმა, რომ ტროას ომში დაღუპვა ეწერა მის ვაჟს, ამიტომ მისი დამალვა სცადა: ქალის სამოსით შემოსა და კუნძულ სკიროსზე გაგზავნა, რათა ვერავის გამოერჩია იქაური მეფის მრავალრიცხოვან ასულთა შორის. მხოლოდ ეშმაკმა და მოხერხებულმა ოდისევსმა გამოიცნო იგი და წაიყვანა საბრძოლველად. ყველამ იცოდა, რომ აქილევსის გარეშე ტროას ომს ვერ მოიგებდნენ. რას გააწყობდა თეტისი. იგი მხოლოდ კეთილ რჩევებს აძლევდა თავის შვილს. მანვე აღჭურვა აქილევსი ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი ბრწყინვალე აღსაკაზმავით.

გამომსახველობით ხელოვნებაში ყველაზე ხშირად გვხვდება პელევსის მიერ თეტისის დამორჩილებისა და მათი ქორწინების ამსახველი სცენები. ასევე სურათები სახელწოდებით „თეტისი ჰეფესტოს სამჭედლოში“ (პომპეის ფრესკებიდან).

რესურსები ინტერნენში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/თეტისი