შინაარსზე გადასვლა

თერმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომაული თერმები ქალაქ ბათში, ინგლისში.

თერმები (ლათ. thermae < ბერძ. θερμός — „თბილი, ცხელი“) — საზოგადოებრივი აბანოები რომში. თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა, იყენებდნენ სხვა დანიშნულებითაც (სპორტული, საგანმანათლებლო, სოციალური), იყო დასვენების ადგილიც. სხვა პატარა კერძო აბანოებისგან (balneae) განსხვავებით, თერმები ორგანიზებული იყო სახელმწიფოს ან საქალაქო თემის მიერ და ღია იყო ყველასთვის.[1]

როგორც შენობის ტიპი, ჩამოყალიბდა ძვ. წ. II საუკუნეში. ძირითად შენობას ჰქონდა სიმეტრიული გეგმა, რომლის ღერძზე განლაგებული იყო რამდენიმე ოთახი — ფრიგიდარიუმი, ტეპიდარიუმი, კალდარიუმი (ცივი, თბილი, ცხელი აბანოები). ზოგიერთ თერმაში იყო ორთქლის აბანო – სუდატორიუმი (ტენიანი ორთქლის აბანო) და ლაკონიკუმი (მშრალი ორთქლის აბანო). თერმებში შესაძლოა ყოფილიყო აპოდიტერიუმი (გასახდელი), ოთახები მასაჟისათვის, ბურთის სათამაშოდ, აუზები, ბიბლიოთეკა, ექსედრები (ნახევარწრიული ღრმა ნიშები დასაჯდომებით) საუბრებისთვის. გარე პერიმეტრზე განლაგებული იყო ღია კოლონადები, პალესტრები. იმპერიის ეპოქაში დაიწყეს დიდი ზომის და დიდებული მორთულობის თერმების მშენებლობა („საიმპერიო ტიპის“). მათთვის დამახასიათებელი იყო ძირითადი სათავსების ორმაგი სიმეტრია მთავარი ღერძის გასწვრივ. რომში ყველაზე მეტად ცნობილი იყო აგრიპას, ტიტუსის, ტრაიანეს, კარაკალას, დიოკლეტიანეს თერმები.[1]

  1. 1.0 1.1 Алмазова Н. С. Термы // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 82.