თერიზინოზავრი
| თერიზინოზავრი | |||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
თერიზინოზავრის რეკონსტრუქცია | |||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||
| Therizinosaurus Maleev, 1954 | |||||||||||||||||
| ტიპური სახეობა | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
თერიზინოზავრი (ლათ. Therizinosaurus, ძვ. ბერძნ. θερίζω — ვთიბავ, ვჭრი და σαῦρος — ხვლიკი, სიტყვასიტყვით — „მთიბავი ხვლიკი“ ან „მცელავი ხვლიკი“) — დიდი თეროპოდი დინოზავრების გვარი. თერიზინოზავრები ცხოვრობდნენ ზედა ცარცული პერიოდის ბოლოს (მაასტრიხტის ხანა),[1] დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ, დღევანდელი ნემეგტის ფორმაციის ტერიტორიაზე. ისინი იყვნენ თავიანთი უნიკალური ჯგუფის, თერიზინოზავრების ერთ-ერთი ბოლო და უდიდესი წარმომადგენლები. თავდაპირველად ნამარხები კუს ნაშთებად მიიჩნეოდა (აქედან მოდის სახეობის სახელი, Therizinosaurus cheloniformis — „კუსებრი მთიბავი ხვლიკი“). ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ძვალი (წინა კიდურები, უკანა კიდური[2]), მათ შორის გიგანტური ბრჭყალები, რის გამოც მან მიიღო თავისი სახელი.
აღმოჩენის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თერიზინოზავრის პირველი ნამარხი აღმოჩენილ იქნა 1948 წელს გობის უდაბნოში საბჭოთა-მონღოლური ერთობლივი ექსპედიციის მიერ. სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში, ნემეგეტის ფორმაციაში, ექსპედიციამ რამდენიმე გიგანტური ბრჭყალი აღმოაჩინა, რომლებიც სიგრძეში ერთ მეტრს ან მეტსაც აღწევდა.
აღნიშნული ნამარხები 1954 წელს საბჭოთა პალეონტოლოგმა ევგენი მალეევმა აღწერა, რომელიც ფიქრობდა, რომ ისინი დიდ კუს ეკუთვნოდა.[3] თუმცა, ის თუ რომელ არსებათა ჯგუფს განეკუთვნებოდა, უცნობი იყო 1950-იანი წლების დასაწყისამდე, მანამდე სანამ შემდგომმა ექსპედიციებმა უფრო სრულყოფილი ნამარხები აღმოაჩინეს: რამდენიმე ბრჭყალი და წინა და უკანა კიდურების ნაწილები. ჩრდილოეთ ჩინეთში მოგვიანებით გაკეთებულმა აღმოჩენებმა პალეონტოლოგებს საშუალება მისცა, ცხოველის ზოგადი ჩონჩხის სტრუქტურა აეწყოთ და დადგინდა, რომ ეს დინოზავრი იყო და არა კუ.
სისტემატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერლიკოზავრისა და სეგნოზავრის თეროპოდებად იდენტიფიცირებამ ხელი შეუწყო თერიზინოზავრთან მათი კავშირის გარკვევას. სეგნოზავრიდების წარმოშობის ასახსნელად სხვადასხვა თეორია არსებობდა, ზოგიერთი მეცნიერი კი ვარაუდობდა, რომ ისინი ზავროპოდომორფების შთამომავლები იყვნენ, მაგრამ ახალმა, კარგად შემონახულმა აღმოჩენებმა, როგორიცაა ალშაზავრი 1993 წელს და ბეიპიაოზავრი 1996 წელს, წარმწარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია ოჯახის პრიმიტიული წევრის მენჯის, ფეხებისა და თავის ქალას ფრინველისებრი აგებულების შესახებ და დაადასტურეს, რომ სეგნოზავრიდები იმავე დინოზავრების ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რასაც თერიზინოზავრი (ამიტომაც მათ თერიზინოზავრიდები უწოდეს), და რომ თერიზინოზავრი ბალახისმჭამელი თეროპოდი იყო.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ თერიზინოზავრის ნამარხი ნაშთები ჩვენამდე არასრულად არის მოღწერული, მისი ფიზიკური მახასიათებლების შესახებ დასკვნების გაკეთება შესაძლებელია მონათესავე თერიზინოზავრიდების საფუძველზე. ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, თერიზინოზავრი, სავარაუდოდ, 9-12 მეტრი სიგრძის იყო, გააჩნდა გრძელ კისერზე მოთავსებული პატარა თავის ქალა, ორფეხა სიარულის მანერა და მძიმე, 5 ტონამდე სხეულის მასა (რასაც სხვა თერიზინოზავრიდების ფართო მენჯი მოწმობს)[4][5][6]
მისი წინა კიდურები შესაძლოა 2.5 მეტრს აღწევდა სიგრძეში, ხოლო ყველაზე მსხვილ ინდივიდების – 3.5 მეტრამდე.[7] უკანა კიდურებს ოთხი საყრდენი ბრჭყალი ჰქონდა, განსხვავებით სხვა თეროპოდი დინოზავრებისგან, რომლებსაც შემცირებული პირველი თითი ჰქონდათ.
თერიზინოზავრიდების ყველაზე გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენდა სამი გიგანტური ბრჭყალის არსებობა წინა კიდურების თითოეულ თითზე. ისინი განსაკუთრებით დიდი იყო თერიზინოზავრის შემთხვევაში და, მიუხედავად იმისა, რომ ბრჭყალების ყველაზე დიდი ნიმუშები არასრულია, ისინი, სავარაუდოდ, თითქმის 1 მეტრს აღწევდა სიგრძეში.
- თერიზინოზავრის ბრჭყალები
- თერიზინოზავრის წინა კიდურები
- თერიზინოზავრების რეკონსტრუქცია
- ზომების შედარება
ბრჭყალების დანიშნულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორ იკვებებოდნენ თერიზინოზავრები, უცნობია, რადგან მისი თავის ქალას ნაშთები არ არის ნაპოვნი. ეს შესაძლოა მის თავისებურ დიეტაზე მიუთითებდეს. თუმცა, სხვა თერიზინოზავრების მსგავსად, ის, სავარაუდოდ, ძირითადად ბალახისმჭამელი იყო.
თერიზინოზავრის ბრჭყალებს რამდენიმე დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა: მაგალითად, მას შეეძლო მათი გამოყენება ისეთი მტაცებლებისგან თავის დასაცავად, მაგალითად, როგორიცაა, ტარბოზავრი; და აგრეთვე სავარაუდოა შიდასახეობრივი დაპირისპირება ტერიტორიის ან მდედრის გამო. თერიზინოზავრს შეეძლო ბრჭყალებით ფოთლოვანი ტოტების პირთან მიტანა. თუ ვივარაუდებთ, რომ თერიზინოზავრი მწერიჭამია იყო, მაშინ ლოგიკურია წარმოვიდგინოთ, რომ დინოზავრი თავისი ბრჭყალებით ჭიანჭველებისა და ტერმიტების ბუდეებს თხრიდა.[8][9] ბრჭყალები, შესაძლოა, ყველა ამ ფუნქციას ერთდროულად ასრულებდა.
საბჭოთა პალეონტოლოგმა ლევ ალექსანდროვიჩ ნესოვმა თერიზინოზავრი ხეზე მცხოვრებ ცხოველად აღწერა, რომელიც ბრჭყალებს ხეზე დასაკიდებლად იყენებდა, ისე როგორც თანამედროვე ზარმაცასებრნი.
ბუმბული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ დროისთვის არ მოიძებნა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ თერიზინოზავრს ბუმბული ჰქონდა. თუმცა, თანამედროვე მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ თერიზინოზავრი ბუმბულით იყო დაფარული, რადგან აღმოჩენილი ზოგიერი თერიზინოზავრიდის ნიმუშის საფუძველზე, დაასკვნეს, რომ მათ (კერძოდ, ბეიპიაოზავრს) ნამდვილად ჰქონდათ ბუმბული.[2]
თერინოზავრი მასობრივ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თერიზინოზავრი გამოჩნდა BBC-ის დოკუმენტურ ტელესერიაში „დინოზავრებთან ერთად სეირნობა“, რომელიც საკმაოდ რეალისტურად გამოიყურებოდა, თუმცა მას ბუმბული არ ჰქონდა. თერიზინოზავრი ასევე ბუმბულის გარეშე იყო გამოსახული მულტფილმ „ტარბოზავრში“. ბრმა თერიზინოზავრი გახდა ფილმის „იურული სამყარო: ბატონობა“ ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი, სადაც გრძელი ბრჭყალებით ტირანოზავრთან ერთად კლავს გიგანოტოზავრს.
თერიზინოზავრი გინესის რეკორდების წიგნში ორი მიზეზით შევიდა: პირველ რიგში, მას ჰქონდა ყველაზე გრძელი ბრჭყალები, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა, და მეორეც, ის აღიარებულ იქნა „ყველაზე უცნაურ“ დინოზავრად.[10]
ნემო რამჯეტის (ჯევდეტ მეჰმეთ ქიოსემენი) სამეცნიერო-ფანტასტიკურ წიგნში „All Tomorrows“ (2006) წარმოდგენილია თერიზინოზავრთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიუჟეტური ელემენტი. ახლად კოლონიზებულ უცხო პლანეტაზე ინჟინრები აღმოაჩენენ გიგანტური ფრინველისმაგვარი არსების ნამარხებს საშინელი ბრჭყალებით, რომელსაც „Panderavis pandora“ უწოდეს. მოგვიანებით ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ის იყო მაღალგანვითარებული თერიზინოზავრი — ბალახისმჭამელი თეროპოდების განშტოების წევრი, რომელიც დედამიწაზე მილიონობით წლის წინ გადაშენდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თერიზინოზავრი“ ვიკისაწყობში.
ვიკისახეობებს აქვს გვერდი თემაზე Therizinosaurus- თერიზინოზავრი — ბუნებისმეტყველების მუზეუმი
- 3D თერიზინოზავრის 3D ბრჭყალი — Sketchfab
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Therizinosaurus(ინგლისური) ინფორმაცია საიტზე Paleobiology Database.ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2017.
- 1 2 Paul, Gregory S.,, The Princeton field guide to dinosaurs, 2nd edition, Princeton, N.J.. — გვ. 1 online resource (360 pages), ISBN 978-1-4008-8314-1.
- ↑ Maleev, E. A. (1954). „Новый черепахообразный ящер в Монголии“ [New turtle like reptile in Mongolia]. Природа [Priroda] (რუსული) (3): 106–108. Translated paper.
- ↑ Holtz, T. R.; Rey, L. V. (2007) Dinosaurs: The Most Complete, Up-to-Date Encyclopedia for Dinosaur Lovers of All Ages. Random House. ISBN 9780375824197. Genus List for Holtz 2012 Weight Information
- ↑ Paul, G. S. (2016) The Princeton Field Guide to Dinosaurs, 2nd, Princeton, New Jersey: Princeton University Press, გვ. 162−168. ISBN 9780691167664.
- ↑ Campione, N. E.; Evans, D. C. (2020). „The accuracy and precision of body mass estimation in non-avian dinosaurs“. Biological Reviews. 95 (6): 1759–1797. doi:10.1111/brv.12638. PMID 32869488. S2CID 221404013. Supporting Information
- ↑ Пауль Г., Полевое руководство описания динозавров. (იგნლისური) // Издание Принстонского университета, 2010.
- ↑ Rozhdestvensky, A. K. (1970). „О гигантских когтевых фалангах загадочных рептилий мезозоя“ [On the giant claws of enigmatic Mesozoic reptiles]. Paleontological Journal (რუსული). 1970 (1): 131–141.
- ↑ დინოზავრები: ილუსტრირებული ენციკლოპედია.
- ↑ Ramjet, Nemo. All Tomorrows: A Billion Year Chronicle of the Myriad Species and Mixed Fortunes of Man. 2006.