თეოდოშიუ II (ბრაგანსის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეოდოშიუ II
Teodosio II de Braganca.JPG
ბრაგანსის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 22 თებერვალი, 1583
მმართ. დასასრული: 29 ნოემბერი, 1630
წინამორბედი: ჟუან I
მემკვიდრე: ჟუან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 აპრილი, 1568
გარდ. თარიღი: 29 ნოემბერი, 1630, (62 წლის)
მეუღლე: ანა დე ველასკო ი გირონი
შვილები: ჟუან IV, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ბრაგანსები
მამა: ჟუან I, ბრაგანსის ჰერცოგი
დედა: კატარინა პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

თეოდოშიუ II (პორტ. Teodósio II; დ. 28 აპრილი, 1568 — გ. 29 ნოემბერი, 1630) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაგანსის ჰერცოგ ჟუან I-ისა და კატარინა პორტუგალიელის უფროსი ვაჟი. ბრაგანსის ჰერცოგი 1583-1630 წლებში. პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდოშიუ დაიბადა 1568 წლის 28 აპრილს ვილა-ვიკოზას სასახლეში, პორტუგალიაში. იგი იყო ბრაგანსის ჰერცოგ ჟუან I-ისა და მისი ცოლის, კატარინა პორტუგალიელის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან იგი პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის შთამომავალი, ხოლო დედის მხრიდან მეფე მანუელ I-ის შვილთაშვილი იყო. 1578 წელს მაროკოელებთან ბრძოლაში დაიღუპა პორტუგალიის მეფე სებასტიან I, რომელსაც შვილები არ დარჩენია, რის გამოც ტახტი მისმა მოხუცმა ბიძამ, ენრიკე I-მა დაიკავა, რომელიც 1580 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებით შეწყდა ავისის დინასტია და პორტუგალიაში ესპანეთის მეფე ფილიპე II გამეფდა ჰაბსბურგთა დინასტიიდან, რომელიც მეფე მანუელ I-ის შვილიშვილი იყო.

თეოდოშიუს მშობლები პორტუგალიის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდნენ და თავებს მის მეფე-დედოფლადაც კი მოიხსენიებდნენ. მამამისი 1583 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც თეოდოშიუ ბრაგანსას ჰერცოგი გახდა. მეფე ფილიპე II-მ მაშინვე დააკავა თეოდოშიუ და პორტუგალიიდან გააძევა. დევნილობისას მან თავი ნეაპოლის სამეფოს შეაფარა (რომელიც ასევე ესპანეთის დაქვემდებარებაში იყო). ნეაპოლელთა მფარველობის მოსაპოვებლად, აქ იგი ნეაპოლის გუბერნატორის ასულ ანა დე ველასკოზე დაქორწინდა, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა.

1614 წელს დედამისი, კატარინა პორტუგალიელი გარდაიცვალა და თეოდოშიუმაც უარი თქვა ტახტზე პრეტენზიაზე, რის გამოც მეფე ფილიპე III-მ მას და მის ოჯახს ნება დართო დაბრუნებულიყო პორტუგალიაში. თეოდოშიუ 1630 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა 62 წლის ასაკში, ვილა-ვიკოზას სასახლეში. 1640 წელს მისმა ვაჟმა მოახერხა პორტუგალიის მეფე გამხდარიყო და ქვეყნიდან ესპანელები გაეძევებინა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟუან IV (1604-1656), ბრაგანსის ჰერცოგი და პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ლუიზა დე გუსმანი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ორი მეფე: აფონსუ VI და პედრუ II, ასევე ინგლისისა და შოტლანდიის დედოფალი კატარინა ბრაგანსა;
  2. დუარტე (1605-1649), ვილა-დე-კონდეს სენიორი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. კატარინა (1606-1610), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ალექსანდრე (1607-1637), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Nobreza de Portugal e Brazil", Vol. II, page 448. Published by Zairol Lda., Lisbon, 1989.