თეოდოსი ჩერნიგოველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის ეკლესია

წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის ეკლესია — რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, ყოფილი ეკლიანი ხევის ახლანდელი ვანო სარაჯიშვილისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის შესაყარსა და ფოსტის მოედანზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მაცხოვრებლების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ეკლიანი ხევის დასახლებაში (დღევანდელი ალ. გრიბოედოვისა და ვ. სარაჯიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია) ცხოვრობდა, მიმართა თბილისის მმართველობას თხოვნით ყურადღება მიექციათ მათი ქუჩებისათვის, რადგან ამტერიტორიაზე განთავსებული იყო უამრავი დუქანი და საეჭვო რეპუტაციის სახლი. დუქნებიდან გამოსული მთვრალი ხალხი ბევრ პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეისმინა მოსახლეობის თხოვნა, მოქალაქეებმა თხოვნა საქართველოს ეგზარქოსს ვლადიმერს გაუგზავნეს, რათა მათ უბანში გახსნილიყო სამლოცველო სახლი. 1896 წლის 8 დეკემბერს ეგზარქოსისაგან მოსახლეებმა კურთხევა მიიღეს წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის სამლოცველო სახლის გახსნაზე.

თბილისელმა ქალბატონმა ზოსიბერგმა უსასყიდლოდ დაუთმო სასულიერო პირებს თავისი სახლის სამი ოთახი, თუმცა ეს სამი ოთახი ძალიან მალე არასაკმარისი აღმოჩნდა მრევლისათვის. ამიტომ ეგზარქოს ვლადიმერის გადაწყვეტილებით ამ სამოთახს მიემატა კიდევ ხუთი ოთახი: ერთი მოძღვრისათვის, ერთი ოთახი ბიბლიოთეკისათვის და სამკითხველოსათვის, მესამე ოთახი ხატმწერებისათვის, ბოლო ორი ოთახი უმწეოთა თავშესაფრად და სასადილოდ. ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა იასონ ლაბაძე, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა მრევლს.

ეკლესია 1899 წლიდან თბილისის ეპარქიის სასულიერო-საგანმანათლებლო საძმოს მფარველობაში გადადის. საძმოს გადაწყვეტილებით სამლოცველოს გაუკეთდა რემონტი. სამივე ოთახი გააერთიანეს და დადგეს კაკლისხის კანკელი. შენობა გარედანაც შეკეთდა.

1900 წლის 12 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიიდან დაიწყო მსვლელობა, მოაბრძანებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელიც საქართველოს ეგზარქოსმა შესწირა წმიდა თეოდორე ჩერნიგოველის ეკლესიას. პროცესიას მოჰყვებოდა უამრავი ხალხი. პირველი წირვა ახლადგარემონტებულ სამლოც ველო სახლში აღავლინა გორის ეპისკოპოსმა კირიონმა. ამ პერიოდიდან სამლოცველომ მიიღო კარის ეკლესიის სტატუსი.

ამავე პერიოდიდან იწყება მისიონერების საძმოს ზრუნვა კარის ეკლესიის ახალ დამოუკიდებელ შენობაში გადატანაზე. ახალი დამოუკიდებელი შენობისათვის აირჩა თავად ეკატერინე ხიმშიაშვილის მიწის ნაკვეთი. ხიმშიაშვილებმა თანხმობა განაცხადეს გადაეცათ საძმოსათვის მიწის ნაკვეთი ეკლესიის ასაშენებლად, სანაცვლოდ კი მოითხოვეს ვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მათთვის გამოყოფილიყო საგვარეულო საძვალე. 1901 წელს შედგა შეთანხმება და საძმოს გადაეცა მიწის ნაკვეთი ახალი ეკლესიის ასაშენებლად.

ეკლესიის ასაშენებელი თანხები ყოფილი საქართველოს ეგზარქოსის და შემდგომ მოსკოვის მიტროპოლიტის ვარლაამის ინიციატივით შეგროვდა მოსკოვის 27 ეკლესიაში. ასევე ეკლესიის ასშენებლად თანხები გაიღეს მოსკოვში მცხოვრებმა რუსმა დიდგვაროვნებმა. 1904 წელს ინჟინერმა კ. ანტონოვმა შეადგინა ასაშენებელი ეკლესიის პროექტი.

თუმცა, იმ პერიოდში თბილისში არსებული არეულობების გამოე კლესიის მშენებლობის დაწყება 1905 წლის შემოდგომამდე ვერ მოხერხდა. მშენებლობა დაიწყო 1906 წლის 16 აპრილს. საძირკვლის კურთხევას სამღვდელოებასთან ერთად დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი თავადი ე. ვორონცოვ-დაშკოვი მეუღლითურთ. ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობდა გენერალ-ლეიტენანტი გ. ხიმშიაშვილი და საძმოს თავმჯდომარე ს. გოროდცევი. მაგრამ, სახსრების უქონლობის გამო მშენებლობა მალევე შეჩერდა. ეკლესიის მშენებლობა 1909 წელის 4 ოქტომბერს დასრულდა და ის 1910 წლის 4 აპრილს აკურთხეს. ეკლესიაში ქადაგებდნენ სასულიერო სემინარიის რექტორები არქიმანდრიტები სერაფიმე და გერმოგენი, მღვდლები ი. ლაბაძე, ე. ჯაოშვილი, დ. ბიგულოვი და სხვები.

ეკლესიასთან გახსნილი იყო საკვირაო სკოლა, სადაც ღარიბი ოჯახის ბავშვებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ხელსაქმეს. ამავე წლიდან ეკლესიასთან გაიხსნა ხატწერის სახელოსნო, რომელშიც ასწავლიდა ხატმწერი ნიკოლაი ანდრეევი. ასევე აღსანიშნავია, რომ ღარიბი ოჯახების ბავშვებისათვის აწყობდნენ ლიტანიობას, დაჰყავდათ სხვადასხვა ეკლესიებში, სიონში, მცხეთის სვეტიცხოველში, აჩვენებდნენ სიწმინდეებს.

ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა XX საუკუნის 20-იანწლებში. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში განთავსებული იყო თბილისის ისტორიის მუზეუმი, ჭადრაკის სასახლე და სხვა და სხვა ორგანიზაციები.

წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის ეკლესია მდებარეობდა დღევანდელი ვ. სარაჯიშვილის ქუჩის № 2–ში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობას თავდაპირველად ჰქონდა რუსული მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თუნუქის ხუთი გუმბათი, ტიხრული ვიტრაჟები ორ ღიობზე და პროფილირებული სვეტები შესასვლელში. XX საუკუნის ოციანი წლებიდან, ეკლესიის ფუნქციონირებასთან ერთად ნაგებობამ სახე იცვალა: ეკლესიას გუმბათები მოხსნეს, ვიტრაჟები მოშალეს, პროფილირებული სვეტები ბეტონის ყალიბში მოაქციეს და ფუნქცია შეუცვალეს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 494-497