თეოდოსია (ლეონის მეუღლე)
თეოდოსია | |
---|---|
![]() | |
ბიზანტიის დედოფალი | |
მმართ. წლები: | 813-820 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 775 |
გარდ. თარიღი: | 826 წლის შემდეგ |
მეუღლე: | ლეონ V |
შვილები: |
სიმბატიოს-კონსტანტინე ბასილი გრეგორი თეოდოსიოსი ანა |
მამა: | არსაბერი |
თეოდოსია (ბერძ. Θεοδοσία; დ. დაახლ. 775 — გ. 826 წლის შემდეგ) — ლეონ V მეუღლე, ბიზანტიის დედოფალი.
ის ბიზანტიელი პატრიცის, არსაბერის ასული იყო. მამამისის სახელისა და წოდების შესახებ ვიცით როგორც გენესიოსის, ასევე თეოფანე კონტინუატუსის, თეოფანე აღმსარებლის მატიანეს გამგრძელებლისაგან. დედის სახელი უცნობია.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]808 წელს არსაბერი ნიკიფორე I წინააღმდეგ ჩაფლავებულ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. ჯორჯ ფინლის წყაროზე დაყრდნობით: „მიუხედავად ამისა, 808 წელს, მართლაც მომზადდა შეთქმულება რომ პატრიცი არსაბერი, რომელსაც კვესტორისა თუ კანონმდებლობის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ტახტზე დაესვათ. მისი სომხური წარმომავლობის მიუხედავად, მასთან მრავალმა გავლენიანმა ადამიანმა შეკრა პირი; ნიკეფორემ მხოლოდ მისი მამულების კონფისკაცია მოახდინა და ის კი მონასტერში გაგზავნა.“[1]
დედოფლის მამის სახელი სომხურ წარმომავლობაზე მიუთითებს, თუმცა მისი წინაპრების სახელები არ შემოგვრჩენია. შესაძლოა ის კამსარაკანელთა შტოს შთამომავალი ყოფილიყო.[2]
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თეოდოსია ლეონ V სომეხზე, ცნობილ მხედართმთავარზე გათხოვდა, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეთამაშა იმპერატორ ნიკიფორე პირველის მიერ აჯანყებული ბარდანეს თურქის დამარცხებაში. მიხეილ I რანგაბეს 813 წელს გადადგომის შედეგად, ლეონმა ტახტის დაკავება მოახერხა.
პირველად წყაროებში მოხსენიებული ლეონის ერთადერთი ცოლი თეოდოსიაა. მიუხედავად ამისა, თეოფანე კონტინუატუსის ტექსტის კონკრეტული ინტერპრეტაციით შეგვიძლია იმ დასკვნაზეც გავიდეთ, რომ ლეონი ბარდანეს თურქის ქალიშვილზე დაქორწინდა. ეს კონკრეტული ინტერპრეტაცია ლეონს თეკლას, მიხეილ II პირველი ცოლის სიძედ აქცევს. უორენ თრიტგოლდი ამ თეორიას წიგნში „ბიზანტიის აღორძინება 780-842“ (1988) იყენებს.
გენესიოსი წერს, რომ პროკოპია, მიხეილ I ცოლი, მის მემკვიდრე დედოფალს „ბარკას“ ეძახდა. თრიტგოლდი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს სიტყვა მართლაც ყოფილიყო ვინმე დედოფლის სახელი, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ შემოგვრჩენია, და რომელიც ლეონის პირველი მეუღლე იქნებოდა. ეს ასევე ნიშნავდა იმას, რომ თეოდოსია ლეონს მხოლოდ მისი გამეფების შემდეგ უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მეორე მხრივ, სიტყვა ბერძნულად „ნავსაც“ აღნიშნავს, რა მეტსახელითაც პროკოპია შესაძლოა თეოდოსიას ამცირებდა.[3]
როგორიც არ უნდა ყოფილიყო თეოდოსიას, როგორც ლეონის მეუღლის სტატუსი, 820 წლის შობას, ქმრის მკვლელობისას, ის უკვე დედოფლად იჯდა. მიხეილ მეორის ტახტზე ასვლისას მან თეოდოსია და ლეონ მეხუთის ვაჟები კუნძულ პროტიზე გადაასახლა. იოანე ზონარა წერს, რომ ყოფილ სამეფო ოჯახს სამონასტრო ცხოვრების დაწყება არ აიძულეს. ამის ნაცვლად, მათ მიეცათ მოკლული იმპერატორის ქონების ნაწილი და მცირეოდენი შემოსავალი. მათ ასევე ჰქონდათ უფლება, ჰყოლოდათ მოსამსახურეები. თეოდორე სტუდიტემ გადაყენებულ დედოფალს 821 წლიდან 826 წლამდე პერიოდში წერილიც მისწერა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეონ V ყველა ცნობილი შვილი თეოდოსიას მიეწერება. იოსებ გენესიოსი ოთხი ვაჟის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას:
- სიმბატიოსი (Συμβάτιος); მოგვიანებით კონსტანტინე, თანაიმპერატორი 814-დან 820 წლამდე. მამის მკვლელობის შემდეგ კასტრაცია ჩაუტარეს და გადაასახლეს.
- ბასილი; მამის მკვლელობის შემდეგ კასტრაცია ჩაუტარეს და გადაასახლეს. 847 წელს ჯერ კიდევ ცოცხალია; გვაქვს წყარო, რომ მან მხარი დაუჭირა პატრიარქ ეგნატეს მმართველობაში მოსვლას.
- გრიგოლი; მამის მკვლელობის შემდეგ კასტრაცია ჩაუტარეს და გადაასახლეს. 847 წელს ჯერ კიდევ ცოცხალია.
- თეოდოსი (გ. 820 წ.); კასტრირების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
- ანა; დაქორწინდა ჰმაიაკზე, მამიკონიან უფლისწულზე (გარდაიცვალა დაახ. 797 წ.), რომელთანაც შეეძინა კონსტანტინოსი, იმპერატორ მიქაელ III სამეფო კარის ოფიცერი.[4][5]
შესაძლო შთამომავლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლოზ ადონცმა, თავის წიგნში - „იმპერატორ ბასილი პირველის ეპოქა და წარმოშობა“ (1933), გამოთქვა თეორია, რომ ლეონ V და თეოდოსია ბასილ I წინაპრები იყვნენ. თეორია ნაწილობრივ ეფუძნებოდა კონსტანტინე VII, ბასილის შვილიშვილის მიერ გადმოცემულ ცნობებს, ამავდროულად, თეოფანე კონტინუატუსის ჩანაწერებს.[3]
ბასილი I, ამ გადმოცემების თანახმად, გლეხის შვილი იყო. დედამისს კონსტანტინე VII „პანკალოს“ უწოდებს. მამის სახელი არსად დაფიქსირებულა, თუმცა შემოთავაზებულია სახელები: სიმბატიოსი და კონსტანტინე. ორივე მათგანი ბასილის უფროს ვაჟებს ერქვათ. ბიზანტიელები უფროს ბიჭებს ძირითადად ბაბუის სახელს არქმევდნენ.[3]
ბასილის მამის მამა მაიაქტესად მოიხსენიება. მამის დედის სახელი არ ვიცით, თუმცა ის ჩაწერილ იქნა როგორც ვინმე „ლეონის“, კონსტანტინოპოლის მოქალაქის ქალიშვილი. ადონცმა ეს „ლეონი“ ლეონ V დაუკავშირა, რა თეორიაც იმპერატორსა და თეოდოსიას ბასილის დიდ ბებია-ბაბუად აქცევდა.[3]
ადონცმა ასევე თქვა, რომ კონსტანტინე VII შეცდომა დაუშვა როცა მაიაქტესი ბასილის ბაბუად მიიჩნია. საწინააღმდეგოდ, მან წამოაყენა თეორია, რომ მაიაქტესი ბასილის დიდი ბაბუა იქნებოდა. კრუმ ბულგარელთან ბრძოლების დროს კი მომავალი ბასილი I საკმარისად დიდი არ იქნებოდა, რომ რაიმე ენახა.[3]
თეორია მიღებულ იქნა რამდენიმე გენეალოგის, მათ შორის კრისტიან სეტიპანის მიერ. სახელი „ანა“ დაერქვა თეოდოსიასა და ლეონის უცნობ შვილს, რადგან თითქმის ყველა იმპერატორის (ბასილი I, ლეონ VI ბრძენი, კონსტანტინე VII და რომანოზ II) ქალიშვილი, რომლებიც ამ პერსონის შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ, ამავე სახელს ატარებდნენ.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- George Finlay, History Of The Byzantine Empire From Dccxvi To Mlvii (1906), chapter "Reign of Nicephorus I", L 93
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://pantheon.world/profile/person/Theodosia,_wife_of_Leo_V
- https://europeanroyalhistory.wordpress.com/tag/theodosia/
- https://books.google.ge/books/about/Theodosia_Wife_of_Leo_V.html?id=IaWzlAEACAAJ&redir_esc=y
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ George Finlay, History Of The Byzantine Empire From Dccxvi To Mlvii (1906), chapter "Reign of Nicephorus I", L 93
- ↑ "Theodosia Empress of Byzantium"
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Chris Bennett, "The Relationship of Basil I to Leo V" (1995)
- ↑ Kaloustian, S. Saints and Sacraments of the Armenian Church. (1959), p. 17, Fresno, California: A-1 Printers.
- ↑ Koushagian, Torkom. Saints & Feasts of the Armenian Church. Translated by Haigazoun Melkonian. (2005), p. 5, New York: Diocese of the Armenian Church of America (Eastern).