თენგიზ უთმელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თენგიზ უთმელიძე (დ. 24 მაისი, 1938, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ჟურნალისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჟურნალისტიკა).

ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ჯერ მ. რაქვიაშვილთან, შემდეგ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რევაზ ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1957 წლიდან ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიწვევით გახდა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვამ „ქართული“, რომელსაც ნინო რამიშვილთან ერთად ასრულებდა. 1962–1970 წლებში იყო „საქინფორმისა“ და გაზეთ „კომუნისტის“ სპეც კორესპონდენტი საზღვარგარეთ. ღვაწლი მიუძღვის „სუხიშვილების“ ანსამბლის ისტორიის შექმნაში. შექმნა ანსამბლის საგასტროლო ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე. 1972–1974 წლებში მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში. 1974–1988 წლებში — საქართველოს სსრ უმაღლესი და სპეციალური განათლების სამინისტროში. 1988–1989 წლებში — სახალხო განათლების სამინისტროში. 1989–2001 წლებში საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროში. 2001 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფიულ მიოღვაწეთა საერთო–ეროვნული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2004 წლიდან თავმჯდომარე, პარალელურად საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე. ავტორია მრავალი პუბლიკაციის, რეპორტაჟის, მხატვრულ–დოკუმენტური ნოველის, ბროშურის; გადაღებული აქვს დოკუმენტური ტელეფილფილმი საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასტროლების შესახებ. არაერთი კონკურსისა და ფესტივალის მოთავე და ორგანიზატორია. 2005 წელს დააარსა „ქართული ქორეოგრაფიის დღე“ (ყოველწლიურად 11 ივნისი). მონაწილეობდა კინოფილმში „ეთერის სიმღერა“ (1956, აბესალომი, რეჟისორი სიკო დოლიძე). გასტროლები: მსოფლიოს 65 ქვეყანა ანსამბლთან ერთად.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]