თენგიზ სამსონაძე
თენგიზ მიხეილის ძე სამსონაძე (დ. 15 თებერვალი, 1928, საჩხერე — გ. 2008) — ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ზოგადი ფერწერის კათედრის გამგე, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თენგიზ სამსონაძემ 1949 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა. მისი სპეციალობები იყო ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური და კინო-სატელევიზიო მხატვრობა. იგი სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში.
თენგიზ სამსონაძე 1971 წლიდან იყო სამხატვრო აკადემიის ზოგადი ფერწერის კათედრის გამგე.
მუშაობდა ტელევიზიაში სცენოგრაფად. პირველი საზოგადოებრივი არხის პირველი გადაცემების ყველა ტიხარი, მოძრავი ქუდი მის შემოქმედებას წარმოადგენს. მისი ესკიზებით მზადდებოდა სტუდიები, ამ სტუდიებში იღებდნენ სატელევიზიო სპექტაკლებს, ფილმებს და მუსიკალურ გადაცემებს.
მხატვრის შემოქმედებაში გამოირჩევა პირველი სატელევიზიო სპექტაკლი, 1957 წელს რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის მიერ დადგმული ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა – ბებრები, სადაც სულ რამდენიმე საგნით – ღობითა და ტახტით – საოცარი სიზუსტით გადმოსცა ერთიანი ატმოსფერო. მისი მთავარი დამსახურებაა სატელევიზიო სცენოგრაფიის ახალი ტიპის შექმნა, რომელიც შემდგომ წლებში განვითარდა სხვა მხატვრებში.
თენგიზ სამსონაძე დამდგმელი მხატვარი იყო შემდეგი სატელევიზიო ფილმებისა: ფუნჯით ნათქვამი (1960), ექიმი მიდის ფეხბურთზე (1962), ციმბირის პაპა (დოკუმენტური. 1968), დილა მშვიდობისა (დოკუმენტური. 1974), კუჩხი ბედინერი (1978), სუფთა დაფა (1981) და სხვ. ასევე გაფორმებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი კონსტანტინე ლორთქიფანიძის კოლხეთის ცისკარი (1965).
გაფორმებული აქვს წიგნები: შოთა რუსთაველის აფორიზმები (1966), ვაჟა-ფშაველას სათაგური (1975), ნოდარ დუმბაძის მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი (1968), ქართული ხალხური ზღაპარი სიზმარა (1980) და სხვ.
მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმში და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
თავისი კარიერის განმავლობაში თენგიზ სამსონაძეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო და წოდება აქვს მიღებული, მათ შორის, 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება, ხოლო 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 33.
- ქართული წიგნის ხელოვნება, XX საუკუნე = Georgian book art, XX century. წიგნი 1, წიგნის გაფორმება. სატიტულო შრიფტები 1888-2008.- თბილისი : მერიდიანი, 2013. -გვ. 69-70.