თემურ ახობაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურ ახობაძე (დ. 1947, თბილისი – გ. 2014) — ქართველი მუსიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურ ახობაძე დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. დედა პიანისტი გახლდათ, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ლეილა სილიკაშვილი. მამა ვიოლინოზე უკრავდა, დედის ძმა კლარნეტზე. როგორც პიანისტი იგონებს, მის აღზრდაში დიდი წვლილი ბებიას მიუძღვის, რომელიც ინგლისური ენის სპეციალისტი იყო. თემურის ბავშვობის წლებს მძიმე მოგონებები ახლავს, რადგან მისი ოჯახი 1937 წლის რეპრესიებში მოჰყვა.

ვიკიციტატა
„ბავშვობა საკმაოდ დაძაბული მქონდა... 1937 წლის რეპრესიების დროს, ბაბუა ერთ ღამეს წაუყვანიათ და მეორე დღეს დაუხვრეტიათ. დედაჩემი იმ დროს, სულ რაღაც, 10 წლის იყო. დედაჩემის ოჯახი სახლიდან რომ გამოასახლეს იმის უფლებაც კი არ მისცეს, პიანინო წამოეღოთ. ისინი ჩიტაძის ქუჩაზე გადაასახლეს, სადაც საოცრად ლამაზი სახლი მახსოვს... ბებია ყოველთვის მაფრთხილებდა, ბავშვებთან რომ თამაშობ, ზედმეტი არ ილაპარაკოო... მაშინ მიზეზს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მივხვდი, ჩვენი ოჯახი მეზობლებისგან რომ განსხვავდებოდა. ეს შიში და კომპლექსი დიდი ხანი გამყვა.“

ხუთი წლის ასაკში თემურ ახობაძე კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში მიაბარეს. ამ სასწავლებელში გატარებულ წლებს პიანისტი სიამოვნებით იხსენებს: „ნიჭიერთა ათწლედში ჩემი მასწავლებელი ჩუტა მგალობლიშვილი იყო. მან თავიდანვე მასწავლა ფორტეპიანოზე ყველა ნოტის კონტროლი — ბელკანტო ანუ სიმღერა როიალზე. ჩვენ ვლაპარაკობთ ბგერაზე არც ერთი აკორდი დარტყმით. ეს პრინციპი მთელი ცხოვრება გამყვა“. შემდეგ იყო მოსკოვი, სადაც 13 წლის ასაკში, დედამ წაიყვანა ცნობილ მუსიკოსთან სასწავლებლად, მაგრამ მათი ერთმანეთს ვერ გაუგეს. 7-8 გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელმა განაცხადა, – არაფერი გამოდის, დროს ტყუილად ვკარგავთ, მაინც ისე უკრავს როგორც თვითონ უნდაო. საბედნიეროდ თბილისში დაბრუნებულ დედას პედაგოგმა თამარ ჩხარტიშვილმა ურჩია, ბავშვი სხვა მიმართულების პიანისტთან წაეყვანა, უფრო პოეტური და ლირიკული სულის მქონესთან. ასე მოხვდა თემურ ახობაძე მოსკოვის კონსერვატორიის წამყვან პროფესორთან, იაკობ მილშტეინთან. მასთან პირველი დღიდანვე შედგა არაჩვეულებრივი, მუსიკალური კონტაქტი და ასე გაგრძელდა 17 წლის განმავლობაში. მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, თემური კიდევ ხუთი წელი იაკობ მილშტეინის ასისტენტად მუშაობდა. პიანისტი თვლის, რომ პედაგოგების მხრივ ძალიან გაუმართლა. ჩუტა მგალობლიშვილი ლირიკულ-პოეტური, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ნოდარ გაბუნია უაღრესად განათლებული, დიდი იუმორით. იაკობ მილშტეინი — ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი, რომელმაც თითქმის ყველაფერი იცოდა, რაც კი ფორტეპიანოსთვის იყო დაწერილი. შემდეგი 12 წელი თემურ ახობაძემ თბილისის კონსერვატორიაში გაატარა. ფორტეპიანოს კათედრის დოცენტის თანამდებობა ეკავა. ამ პერიოდში კონსერვატორიის რექტორი სულხან ცინცაძე იყო.

1990–იან წლებში პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ყველაფერი აირია და ბევრი მუსიკოსი პრაქტიკულად, უსაქმურად დარჩა. თემურ ახობაძე მიხვდა, რომ აქ მომავლის პერსპექტივა ნულის ტოლი იყო და ეს მას შემდეგ, რაც ოთხასი სოლო კონცერტი ჰქონდა გამართული ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ევროპაში. ერთადერთ გამოსავალს მოღვაწეობის საზღვარგარეთ გაგრძელებაში ხედავდა. ბედი თავდაპირველად ავსტრიაში სცადა, შემდეგ საფრანგეთში, 1992 წლის ოქტომბერში კი ნიუ–იორკში ჩავიდა და პირველივე დღეებიდან მიხვდა, რომ სწორედ აქ შეძლებდა ახალი ცხოვრების დაწყებას. ნიუ-იორკის მუსიკალური ცხოვრება რთულია, კონკურენცია უაღრესად მაღალია, რადგან მთელი მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური ძალები იქ არიან თავმოყრილი. დასაწყისში თემურსაც გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ საკონცერტო ცხოვრებაც ააწყო და ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრის“ მუსიკალური კოლეჯის პროფესორიც გახდა. მოვიყვანთ რამდენიმე ეპიზოდს მისი წარმატებული მუსიკალური კარიერიდან: მაგალითად, მას 7 წლის მანძილზე იწვევდნენ ფლორიდაში პიანისტების პრესტიჟულ კონკურსზე, რაც იშვიათად ხდება; რამდენიმე წლის წინ ნიუ–იორკში მიუნხენის მუზეუმიდან ლისტის როიალი ჩაიტანეს. განსაკუთრებული შერჩევა მიმდინარეობდა, თუ ვის უნდა დაეკრა ისტორიულ როიალზე. არჩევანი თემურ ახობაძეზე შეჩერდა და იგი როიალზე ოცი წუთის განმავლობაში უკრავდა; „სტენვეი ჰოლის“ იუბილეზე დასაკრავადაც იგი მიიწვიეს. მას სახლში უზარმაზარმა ლიმუზინმა მიაკითხა, რომელშიც „სტენვეის“ როიალი იყო დამონტაჟებული, რათა მას რეპეტიცია, თუ სურდა, გზაშიც გაევლო.

2009 წლის ზამთარში თემურ ახობაძეს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად. მან ბარაკ ობამას საინაუგურაციო კონცერტზე დაუკრა. კონცერტს წინ დიდი სამზადისი უძღვოდა. ერთი წლით ადრე ნიუ-იორკში გაიმართა კონცერტების სერია, სახელწოდებით „მუსიკალური მარათონი“. მასში მონაწილეობდნენ ამერიკისა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო შემსრულებლები. თემურმა შეასრულა შუმანის „არაბესკები“, რაველის „ნავი ოკეანეში“ და ლისტის მეექვსე რაფსოდია. საინაუგურაციო კონცერტისთვის, ლისტის მეექვსე რაფსოდია შეარჩიეს. გაეროს შენობაში გამართულ კონცერტს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდნენ. იყო ფოლკლორი, კლასიკა, ჯაზი და ვოკალი. თემურ ახობაძეს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. იგი კონცერტზე ამერიკის სახელით გამოვიდა, თუმცა აღინიშნა მისი ქართული წარმომავლობა. 22 წელი გაატარა თემურ ახობაძემ ამერიკაში. მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ბოლო 15 წლის განმავლობაში იგი წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდიოდა. დროდადრო თბილისის კონსერვატორიაში კონკურსის ჟიურის წევრი იყო, მართავდა მასტერკლასებს. გაჭირვების წლებში კონსერვატორიაში „სტენვეიდან“ ჩამოჰქონდა როიალის სიმები, კლავიშები, რაც იმ დროს საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. თემურ ახობაძის ფრანგი მეუღლე მარი ქლაუდე პროფესიით ფსიქოლოგია, პარალელურად კითხულობს ფრანგულის ლექციებს კოლუმბიის უნივერსიტეტში. რამდენჯერმაა ნამყოფი და ძალიან უყვარს საქართველო. თემურის ქალიშვილი ნატალი ამერიკაში ცხოვრობს. მას და მის ქართველ მეუღლეს ქალიშვილი, 17 წლის ელენე ჰყავთ. თემურ ახობაძე მოულოდნელად გარდაიცვალა 2014 წელს. დაკრძალეს საქარეთველოში. 2015 წლის 6 დეკემბერს, გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ზანდუკელის №3–ში, მისი სახლის კედელზე ოჯახმა მემორიალური დაფა გახსნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალი თბილისელები, თბ., 2009 გვ. 26-27
  • ახობაძე თ., ქართველი პიანისტი, რომელიც ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე უკრავდა, რეიტინგი, თბ., 2009 გვ. 68
  • გაბრიჭიძე მ., ქართველი პიანისტის ცხოვრების პოემა : პიანისტი მანანა გაბრიჭიძე, ბომონდი. თბ., 2010 გვ. 35-36

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]