თემურლენგის მეორე ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თემურლენგის მეორე ლაშქრობა — შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მიმდინარეობდა 1387 წლის განმავლობაში.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურლენგმა ტყვედ აყვანილ ბაგრატ მეფეს თავისი პირველი ლაშქრობისას ჯერ კიდევ თბილისში შესთავაზა გამაჰმადიანება, სამაგიეროდ დიდ წყალობას დაპირდა. ყარაბაღში კი, როცა ბაგრატი დარწმუნდა, რომ ამის გარეშე თავს ვეღარ დააღწევდა ტყვეობას, მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა და თემურის "წყალობაც" დაიმსახურა – დამტკიცებულ იქნა საქართველოს მეფედ. თემურმა ბაგრატ მეფე და მისი გამაჰმადიანებული ამალა საქართველოში გამოისტუმრა და მოსახლეობის გამაჰმადიანება დაავალა, თნ 12 000-იანი ლაშქარი გამოაყოლა, რომელიც ბაგრატის დამხმარე იქნებოდა ამ საქმეში. ბაგრატმა მოახერხა შიკრიკის, აზნაურ რუს ეგნატაშვილის ფარულად გაპარება ბანაკიდან. ბაგრატი შვილებს უთვლიდა, ჯარით დახვედროდნენ და გაეთავისუფლებინათ მეფე ტყვეობიდან. გიორგი ბატონიშვილი მარჯვე ადგილას ჩაუსაფრდა, მოულოდნელად თავს დაესხა თემურის ლაშქარს და მთლიანად გაანადგურა. მეფე და მისი ამალა განთავისუფლებულ იქნა.

ამ ამბების გაგებამ. ცხადია, თემურლენგი მეტად აღაშფოთა, მაგრამ შუა ზამთრის გამო გამოლაშქრება შეუძლებელი იყო. ამიტომ ზამთარი ყარაბაღში გაატარა, 1387 წლის ადრე გაზაფხულზე, მარტში, როცა ჯერ კიდევ თოვდა და წვიმდა, მთელი მისი დიდი ლაშქრით საქართველოს დასასჯელად გამოემართა. ქართველები, რა თქმა უნდა, მოელოდნენ ხელახლა შემოსევას და სათანადო სამზადისიც ჩაუტარებიათ. ხალხი ციხესიმაგრეებში და კავკასიონის მთებში გახიზნეს და ჯარიც გაამზადეს სალაშქროდ. ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და დიდი ზიანიც მიაყენეს, მაგრამ ბოლოს ჯარის სიმრავლემ სძლია და თემურლენგმა გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა თემურმა საქართველოს დაპყრობა ვერ შესძლო – ჯერ კიდევ ბევრი კარგად გამაგრებული ციხე იყო ასაღები, თანაც დარუბანდის გზით აზერბაიჯანში კვლავ შემოიჭრა თოხთამიშის ლაშქარი და თემური იძულებული გახდა საქართველოდან გასულიყო. თოხთამიშის ეს ლაშქრობა, როგორც ჩანს ქართველებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თემურმა თოხთამიშს თავისი ვაჟი, მირანშაჰი დაადევნა, რომელმაც თოხთამიში დაამარცხა და განდევნა ამიერკავკასიიდან. შემდეგ თემურმა ნახჭევანში კარგად გამაგრებული ალინჯის ციხის აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ალყაშემორტყმულ ციხესთან თავისი ჯარის ნაწილი დატოვა, თავად კი შუა აზიაში დაბრუნდა. 1394 წლამდე თემური საქართველოში აღარ გამოჩენილა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 91