თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა — შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მოეწყო 1394 წლის შემოდგომაზე. მიმდინარეობდა არაგვის ხეობის ტერიტორიაზე.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1394 წელს 13 სექტემბერს თემური დიდი ლაშქრით კოლის ველიდან თრიალეთისა და ქვემო ქართლის გამოვლით არაგვის ხეობისკენ გაემართა. გზადაგზა ყველაფერს ანადგურებდა, მოსახლეობას ძარცვავდა და ხოცავდა. დიდი ბრძოლები გაიმართა არაგვის ხეობაში. როგორც ჩანს, თემურის მიზანი იყო დარიალის გასასვლელის ხელში ჩაგდება, რათა საბოლოოდ აღეკვეთა ქართველთა მოკავშირე ჩრდილოეთ კავკასიელი მოლაშქრეების გადმოყვანა და თოხთამიშის შესაძლო შემოსევა. საქართველოში თემურის ყოველი გამოჩენისთანავე თოხთამიში ცდილობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შემოჭრილიყო. ასე მოხდა ამჯერადაც. თემურლენგმა მთიელთა დიდი წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო დარიალის ხელში ჩაგდება. იგი იძულებული გახდა მთიდან დაშვებულიყო, თბილისზე გავლით შაქისკენ გაემართა. ამ დროს თემურმა შეიტყო, რომ თოხთამიში დერბენდის გზით შარვანში შეჭრილიყო და იქაურობას აოხრებდა. თემური სწრაფად გაემართა ამ მიმართულებით, მაგრამ ბრძოლას თავი აარიდა და კვლავ უკან დაბრუნდა. მისი ლაშქარი მდინარე მტკვრის პირას, მაჰმუდ-აბადს, დაბანაკდა და დაიწყო მზადება თოხთამიშის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის მოსაწყობად. თემურისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ამიერკავკასიას და, მათ შორის საქართველოსაც, ვერ დაიმორჩილებდა თუ თოხთამიშს არ დაამარცხებდა.

1395 წლის გაზაფხულზე თემური დარუბანდის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავია. თოხთამიშიც მომზადებული დახვდა. ბრძოლა მოხდა მდინარე თერგის პირად, რომელშიც თემურლენგმა გაიმარჯვა. გადაწვა და გაანადგურა ოქროს ურდოს დედაქალაქი სარაი-ბერქე და სხვა ქალაქები, რის შემდეგაც უკან დაბრუნებულმა დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან, დაუნგრია ქრისტიანული ტაძრები და ძალით მიაღებინა ისლამი.

თემურლენგი დერბენდის გავლით შარვანში მივიდა და იქ დაბანაკდა. მან ირანი და მისი მიმდებარე ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოც იგულისხმებოდა, თავის ვაჟს – მირანშაჰს დაუმტკიცა. 1397 წელს თემურლენგი სამარყანდში დაბრუნდა და დაიწყო მზადება ინდოეთში გასალაშქრებლად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 91-92