თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა — შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მიმდინარეობდა 1400 წლის გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში, ძირითადად ქართლის ტერიტორიაზე.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1399-1400 წლის ზამთარი თემურლენგმა ყარაბაღში გაატარა. საკვების მომარაგებისა და ლაშქრის შევსების შემდეგ თემურლენგი 1400 წლის გაზაფხულზე საქართველოსკენ გამოემართა და საზღვართან დაბანაკდა. გიორგი მეფეს (1393-1407) ელჩი გამოუგზავნა და მორჩილება და ბატონიშვილ თაჰერის გაცემა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს აოხრებით იმუქრებოდა

ვიკიციტატა
„მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ გცემ; უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოჴრებ სრულიად ქუეყანასა შენსა.“

სპარსული წყაროების მიხედვით გიორგი მეფემ მოციქულს "უხეში პასუხი" გასცა. ქართლის ცხოვრების გაგრძელების მიხედვით გიორგის ელჩისათვის განუცხადებია:

ვიკიციტატა
„მე შენისა უმცირესი არავარ და არცა გძალუძს მოოჴრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არა აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი.“

გიორგი მეფის ამ ზედმეტად "გაბედულმა" პასუხმა, ცხადია, უაღრესად პატივმოყვარე თემურლენგი დიდად განარისხა. ის მთელი თავისი უზარმაზარი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. მისი მიზანი საქართველოს მთლიანი განადგურება იყო. გიორგი მეფესაც დიდი სამზადისი ჩაუტარებია. მობილიზებული იყო "ყოველი საქართველო", დამხმარე ჯარი გადმოიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიიდანაც.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურლენგისა და ქართველთა ლაშქარი გოგჩის ტბასთან შეებნენ ერთმანეთს. ქართველთა ლაშქარს უკეთესი პოზიცია ეჭირა. ქარიანი დღე იყო და მტერს პირდაპირ სახეში აყრიდა მტვერს. ქართველებმა პირველივე შეტევისას თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის მეწინავე რაზმი. თუმცა თემურის ლაშქარი დიდად სჭარბობდა ქართველთა ლაშქარს. მთელი დღის ბრძოლის შედეგად მოღლილ ქართველებს საღამოს ახალი დიდი ძალებით შემოუტია თემურლენგმა. ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და ქვემო ქართლის მთებში, ციხესიმაგრეებსა და გამოქვაბულებში გამაგრებულიყვნენ. თემურლენგის მეომრები თოკებზე გამობმული კალათებით ეშვებოდნენ გამოქვაბულების წინ და ისრებით ცეცხლმოკიდებულ ჩვრებს შეისროდნენ. ასე გამოაირეს ქვემო ქართლის მთიანი ნაწილი. შემდეგ თბილისს მოადგნენ და დიდი ბრძოლებით ისიც აიღეს. თემურს გიორგი მეფის შეპყრობა სურდა და ყველაფერს აკეთებდა ამისათვის. მან სპეციალური რაზმები დაადევნა გიორგის. გიორგი მეფე ბრძოლით იხევდა უკან. მოწინააღმდეგეები ისე ახლო-ახლო იბრძოდნენ ერთმანეთთან, რომ გიორგის ამალის ზოგიერთი წევრი ტყვედაც კი ჩაიგდეს მონღოლებმა. გზადაგზა მტერი ანადგურებდა ეკლესიებს, ციხესიმაგრეებს, საცხოვრებელ სახლებს, ნათესებს, ხეხილის ბაღებს. ასე გავლეს მხრანი და მისი მიდამოები.

შემდეგ ქსნის მიდამოებში შეიჭრნენ. ქსნის ერისთავი ვირშელი ნახჭევანის ლაშქრობის მონაწილე იყო. როგორც ჩანს იქიდან წამოყვანილი ტყვეები ქსნის ხეობაშიც ყოფილან. თემურის ქსინს საერისთავოში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი მათი გათვისუფლებაც ყოფილა. ვირშელი ქნოღოს ციხეში გამაგრდა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია მომხდურებს. მტერმა ვიწრო ხეობაში დიდი ლაშქრის გაშლა ვერ მოახერხა და იზულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო, თუმცა ქსნის ხეობას ძალზედ დიდი ზარალი მიაყენა. ქსნის ხეობის შემდეგ მონღოლები ქართლში შეიჭრნენ. ქართლის მთავარი ჯანიბეგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დამორჩილებოდა, თუმცა მისი სამფლობელო აოხრებას მაინც ვერ გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ჯანიბეგის სამფლობელოშიც ყოფილა ნახიჭევანიდან წამოყვანილი მუსლიმანი ტყვეები.

შემდეგი დიდი ბრძოლა გაიმართა გორის ციხესთან. ქართველთა წინააღმდეგობის მიუხედავად თემურლენგმა ციხე მაინც აიღო. გიორგი მეფე კვლავ ბრძოლით იხევდა უკან, თემურლენგი კი გზად ყველაფერს ანადგურებდა. შვიდი დღის განმავლობაში იცავდნენ ქართველები კარგად გამაგრებულ ძამის ციხეს, რის შემდეგაც გიორგი მეფე იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, ალყა გაარღვია და დასავლეთისაკენ დაიხია. თემურის ჯარმა იქაურობა ააოხრა და მოსახლეობა უმოწყალოდ გაჟლიტა. ბოლო ბრძოლა გიორგი მეფემ ლიხის ქედის მიდამოებში გაუმართა მტერს. გიორგი მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თემურლენგმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა.

ამის შემდეგ იგი სამცხეს შეესია, გაძარცვა და ააოხრა. ტყვეებიც მრავლად მოაგროვეს. იქიდან თრიალეთის გამოვლით თეძმის ხეობაში ჩავიდნენ და იქაურობაც გაძარცვეს და ააოხრეს, მათ შორის რკონის მონასტერიც. შემდეგ ქვათახევის მიდამოებიც დაარბიეს, მონასტერს კი ცეცხლი წაუკიდეს და იქ თავშეფარებული ხალხი, მათ შორის ბერ მონაზვნები გამოწვეს. ამის შემდეგ მცხეთაში შევიდნენ და სვეტიცხოველი გაძარცვეს და დაანგრიეს. დიდი ბრძოლები გაიმნართა არაგვის ხეობაშიც. არაგვის მოსახლეობამაც დიდი ზარალი განიცადა. აქედან თემურლენგი სამხრეთით კოლის მინდვრისაკენ გაემართა, გზად ფანასკერტის ციხე აიღო, მისი მიდამოები გაანადგურა და კოლის მინდორზე დაბანაკდა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1400 წლის ლაშქრობა, რომელიც გაგრძელდა მთელი გაზაფხული-ზაფხული, ყველაზე ხანგრძლივი და ულმობელი იყო. დაანგრიეს, გაძარცვეს და გადაწვეს მრავალი ქალაქი და სოფელი, ციხესიმაგრე და ეკლესია-მონასტერი, ყანები და ხილის ბაღები; ტყვედ წაიყვანეს 60 000 და გაჟლიტეს გაცილებით მეტი ადამიანი. ყოველივე ეს თემურლენგის ისტორიკოსების თქმით იმიტომ მოხდა, რომ გიორგი მეფემ ნახიჭევანში, ალინჯას ციხის მოალყე თათრები დახოცა, ციხეში მომწყვდეული ბატონიშვილი თაჰერი გამოიყვანა და თემურის მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა მას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 93-94