თემრიუკ ყაბარდოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემრიუკ ყაბარდოელი
ყაბარდოს დიდი მთავარი
მმართ. წლები: 1554-1571
წინამორბედი: ქაითუკი
მემკვიდრე: შიაფშუკი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1502
ყაბარდია
გარდ. თარიღი: 1571
ყაბარდია
შვილები: მარია, რუსეთის დედოფალი
მამა: იდარი
რელიგია: სუნიზმი

თემრიუკ ყაბარდოელი (ადიღ. Идарыкъу Темырикъу; დ. 1502, ყაბარდია — გ. 1571, ყაბარდია) — ჩერქეზი დიდგვაროვანი და ყაბარდოს დიდი მთავარი 1554-1571 წლებში. რუსეთის ცარ ივანე IV-ის მეორე ცოლის, მარია თემრიუკოვნას მამა[1].

ალიანსი ივანე მრისხანესთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემრიუკი ჩერქეზეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ლიდერია რუსეთის ცარ ივანე IV-სთან ურთიერთობის გამო. ეს ჩერქეზულ-რუსული ალიანსი ჩერქეზმა ნაციონალისტებმა აღიქვეს, როგორც ჩერქეზი ერისათვის გამანადგურებელი ურთიერთობა. ამას, ცხადია, აქვს თავისი მიზეზი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ეს ალიანსი შემდეგში რუსეთის იმპერიის მთავრობამ გამოიყენა, როგორც „ჩერქეზეთის ნებაყოფლობითი შეერთების“ აქტი, რაც რეალობას იყო მოკლებული. აღსანიშნავია, რომ ჩერქეზეთი რუსეთ-ჩერქეზეთის ომში დამარცხების შემდეგ იძულებით იქნა ანექსირებული[1].

საკუთრივ თემრიუკი ჩერქეზეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველი და მხედართმთავარი იყო. მან სწორედ შეაფასა ოსმალეთისა და ყირიმელი თათრების დაახლოვების ის საფრთხეები, რომელიც ჩრდილოკავკასიურ ხალხებს უქმნიდა. ამის გამო თემრიუკმა აღმოაჩინა თათრების ოსმალეთთან დამაკავშირებელი საიდუმლო გზები, რაც ჩერქეზებს საშუალებას აძლევდა, რომ ნებისმიერ დროს დასხმოდნენ მათ თავს და ასე მაინც შეეფერხებინათ მათი კავშირი. ამ საქმეში თემრიუკმა ყველაზე კარგ მოკავშირედ სწორედ რუსეთის ცარი ივანე IV მიიჩნია, რადგანაც ყირიმელი თათრები წლების განმავლობაში აწიოკებდნენ რუსეთის სასაზღვრო სოფლებს, იტაცებდნენ ადგილობრივებს და შემდეგ ოსმალეთში მონებად ყიდდნენ, ცარს კი ამის აღკვეთა სურდა. ამრიგად, თემრიუკმა და ივანემ საერთო მტრის წინაშე გადაწყვიტეს გაერთიანება და უკვე 1557 წელს თემრიუკმა ოფიციალური დელეგაცია გააგზავნა მოსკოვის სამეფო კარზე და ივანეს მოკავშირეობა სთხოვა. დელეგაციაში თავად თემრიუკის ძეები: სულთან-ყული და ბულათ-გერიც შედიოდნენ, რომელთაც ცარი დიდი პატივით დახვდათ. საბოლოოდ, ივანე მრისხანე დათანხმდა ყაბარდოს მთავართან ალიანსის გაფორმებაზე[2].

ჩერქეზებსა და რუსებს შორის გაფორმებული ალიანსიდან გამომდინარე, ჩერქეზი ცხენოსნები თემრიუკის დავალებით რუსეთის მხარეს იბრძოდნენ პოლონეთ-ლიტვის წინააღმდეგ ბალტიისპირეთში მიმდინარე ლივონიის ომისას. ამასთან, ივანეც მხარს უჭერდა თემრიუკს თავისი ჩერქეზული სამფლობელოების გაფართოვებაში. თემრიუკმა მოზდოკში ააგო ციხესიმაგრე, რომელიც რუსი და ჩერქეზი ჯარისკაცების ერთად გაწვრთნის საშუალებას იძლეოდა. ამან თემრიუკს საშუალება მისცა დაეპყრო ყაბარდოსა და ჩერქეზეთის, ასევე ალანიისა და ინგუშეთის მიწები და პერიოდულად ქართული სამეფო-სამთავროებიც ერბია[3].

1560 წელს ივანე IV-ის ცოლი, დედოფალი ანასტასია რომანოვნა გარდაიცვალა. პოლონეთთან მშვიდობის დასამყარებლად ივანეს პრინცესა კატარინა იაგელონკაზე ქორწინება შესთავაზეს, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა და კატარინა შვედეთში გათხოვდა, რითაც თემრიუკმა მალევე ისარგებლა და ივანეს ცოლად თავისი ასული, მარია შესთავაზა. ცარი მალევე მოიხიბლა მარიას გარეგნობით, ამიტომაც იგი სასწრაფოდ მოანათლინა მართლმადიდებლად და 1561 წელს ცოლადაც შეირთო. რუსეთში ყოფნისას თემრიუკის უფროსმა ძემაც რუსი წარჩინებულის ასულზე იქორწინა, რომლის მამასაც სამეფო ხაზინა ებარა. ამრიგად, თემრიუკმა რუსეთთან არსებული ალიანსი დინასტიური ქორწინებებითაც გაამყარა[4].

არაერთი ისტორიული წყარო ახასიათებს თემრიუკს, როგორც ტირანსა და დიქტარორს, რომელიც მხოლოდ საკუთარ მმართველობაზე ზრუნავდა. თუმცა, ასევე არსებობს წყაროებიც, რომელთა მიხედვითაც თემრიუკი მხოლოდ თურქებისა და თათრებისაგან მომავალი დიდი საფრთხის ასარიდებლად ატარებდა მსგავს პოლიტიკას[2][3].

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1570 წელს თათრებმა მოსკოვი აიღეს და გადაწვეს. უკან დახევისას, 1571 წლის ზამთარში თათრები ჩერქეზეთისკენ დაიძრნენ. თემრიუკმა, მისი მრჩევლების საწინააღმდეგოდ კონტრშეტევა წამოიწყო. მან არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგის ჯარი 130,000 ოსმალ, ყაზანელ, ყირიმელ და ასტრახანელ თათარს აერთიანებდა და, რომ რუსეთის დახმარების გარეშე მარტო ვერ გაუმკლავდებოდა მათ. გადმოცემის მიხედვით, თემრიუკმა ლაჩრად წოდებას მარტო შებრძოლება არჩია, რა დროსაც იგი მოკლეს, მისი ორი ვაჟი კი თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Demidova, N.F. "Temruk Idarovich". Hrono. Retrieved 2021-09-09.
  2. 2.0 2.1 "Domestic and foreign policy of Ivan the Terrible.". Bibliotekar. Retrieved 2021-09-09.
  3. 3.0 3.1 Khasht, Ali. Circassian Prince Temroqwa Idar.
  4. Khasht, Ali. Circassian Prince Temroqwa Idar.
  5. Khasht, Ali. Circassian Prince Temroqwa Idar.