თელოვანის წმინდა ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელოვანის წმინდა ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნასოფლარ თელოვანთან. ტაძარს ირგვლივ ძველი სასაფლაო აკრავს. ტაძარს არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე X საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას სამხრეთის მინაშენი მთელ სიგრძეზე მიუყვება, რომელიც მიწის დონემდეა დანგრეული. ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ხუროთმოძღვრულ ძეგლს ორი სარკმელი აქვს: ერთი საკურთხევლისა და მეორე დასავლეთის მხრიდან. ტაძრის კედლებსა და კამარებზე მოხატულობის მცირე კვალი შეიმჩნევა. გარედან სადა ნაგებობას ერთადერთი სამკაული აქვს აღმოსავლეთ სარკმლის მორთულობის სახით. სარკმლის ღიობის თავზე აღმართულია მოგრძო ჯვარი და მის განაპირა არეებზე, ცენტრისაკენ მიმართული მოძრაობით გამოსახული ორი ერთნაირი ფრინველი. ფილის მარჯვენა ზედა მარჯვენა კუთხეში უფრო მომცრო ზომის ასეთივე ფრინველის გამოსახულებაა. ჯვრის მკლავების ქვევით ერთსტრიქონიანი დაქარაგმებული ასომთავრული წარწერაა მოთავსებული:

ვიკიციტატა
„ქრისტე შეიწყალე თევდორე“

დევი ბერძენიშვილი წარწერაში მოხსენიებულ თევდორეს ტაძრის ქტიტორის ან ამშენებელი ოსტატის სახელად მიიჩნევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 104
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987