თელეთის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თელეთის ბრძოლა 1522 – ბრძოლა ქართლის სამეფოსა და ირანის ლაშქარს შორის. 1518 წლიდან აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგო სეფიანთა ირანის ვასალები გახდნენ. ქართველი მეფე-მთავრები ვასალობიდან განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ. 1522 წელს შაჰ-ისმაილ I-მა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად ქართლში ლაშქრობა გადაწყვიტა. დავით X-მ შაჰს ზავი შესთავაზა. ისმაილმა დავითს მასთან გამოცხადება და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ამ პირობაზე დავითი არ დათანხმდა და თავდაცვისათვის მზადებას შეუდგა. მეფეს კახეთიდან და სამცხიდან მაშველი რაზმები მოუვიდა, დაიქირავა მთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მეომრები, გაამაგრა ციხე-კოშკები, განსაკუთრებით თბილისის ციხე.

ბრძოლა გაიმართა სოფ. თელეთთან (ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი). პირველ შეტაკებაში ქართველებმა მტერი უკუაქციეს, მაგრამ მტრის სარდლობამ ჯარი შემოაბრუნა და კვლავ შეუტია ქართველთა ლაშქარს. უფლისწული ლუარსაბი ენერგიულად ეკვეთა მტერს, მოსწვიტა ერთი ფრთა და გაქცეულ ყიზილბაშებს უკან დაედევნა. მაგრამ შაჰს რჩეული რაზმი ჩაესაფრებინა. როდესაც მტერს დადევნებული ქართველები ამ ადგილს გასცდნენ, ყიზილბაშებმა ზურგიდან დაარტყეს მათ. ქართველები დამარცხდნენ. მეფე შიდა ქართლში დაბრუნდა და ახალი ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. შაჰის ჯარმა ქალაქისთავის ღალატით თბილისი აიღო, ააოხრა, ეკლესიები გაძარცვა, გადაწვა და თბილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა.

თელეთის ბრძოლის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილს თელეთის ბრძოლა ნამდვილ ფაქტად მიაჩნდა. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით (დ. კაციტაძე, რ. კიკნაძე), შაჰ-ისმაილ I საქართველოში არ ყოფილა. ვახუშტის თელეთის ბრძოლის ფაქტი სჯეროდა, მაგრამ საეჭვოდ თვლიდა ამ ბრძოლაში თვითონ მონაწილეობას. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, შაჰ-ისმაილ I-ის ეს ლაშქრობა ლუარსაბ I-ის დროს მოხდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარსია გ., ქსე, ტ. 4, გვ. 647-648, თბ., 1979