შინაარსზე გადასვლა

თელათგორის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელათგორის ნაქალაქარიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელათგორის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, ახალქალაქ-წინარეხის გზის გასაყართან. კომპლექსი შედგება ნამოსახლარი გორის, ნაქალაქარისა და სამაროვნისგან. ნამოსახლარი გორა ამოზიდული ტიპისაა. ადგილობრივი მოსახლეობა მას „საფუზრების გორას“ უწოდებს. ნამოსახლარზე ზედაპირულად იპოვება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნაქალაქარი ნამოსახლარს ეკვრის სამხრეთიდან (ფართობი დაახლოებით 15 ჰექტარი). ნაქალაქარზე დასტურდება ორი კულტურული ფენა (ძვ. წ. lll-ll და ახ. წ. l-lll საუკუნეები). ორივე ფენაში გამოვლინდა სახლების ნაშთები, რომლებსაც იატაკი თიხატკეპნილი ჰქონიათ, ხოლო სახურავი კრამიტისა. ნასახლარებთან, ქვედა ფენაში, დიდი რაოდენობით იპოვეს წითლად მოხატული ქვევრები, ასევე წითლად შეღებილ-მოხატული ჭურჭელი. ნაქალაქარზე უხვადაა წითლად შეღებილი, ბრტყელი და ღარისებრი კრამიტები და ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ჭურჭლის მოხატულობაში ჭარბობს გეომეტრიული სახეები, სიუჟეტური ნახატი. ზედა ფენაში ძირითადად სადაზედაპირიანი ჭურჭელია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლინდა l-lll საუკუნეების, კერამიკული წარმოების ნაშთი. გვიანდელ ანტიკურ ხანაში, ქალაქის ტერიტორია მცირდება. ძვ. წ. lll-ll საუკუნეების ნასახლარებში გამოვლინდა l-lll საუკუნეების სამაროვანი. აქვე, ელინისტური ხანის სახლების ნაშთების ქვეშ, აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ერთი ორმოსამარხი. მიცვალებული ესვენა მოკუნტული, მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთისკენ. ინვენტარიდან აღსანიშნავია ფოთლისებრი სატევრისპირი. აქვე იყო ადრინდელი რკინის ხანის კიდევ ერთი ორმოსამარხი. დამარხვის წესი აქაც ანალოგიურია. ინვენტარიდან აღსანიშნავია კონუსურთავიანი საკინძები. l-lll საუკუნეების სამაროვანზე ერთდროულად ერთმანეთის გვერდით გვხვდება ორმოსამარხი, კრამიტსამარხი და ქვევრსამარხი. ყველა ტიპის სამარხებში დამარხვის წესი ერთგვარია, მიცვალებული ასვენია ხელფეხმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ინვენტარიც იდენტურია — წვრილი სუფრის ჭურჭელი და ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები. კრამიტსამარხში აღმოჩნდა ავგუსტუსისა და გოზარზის ვერცხლის მონეტები.