თელავის ჭიშკარი (ბახტრიონის ქუჩა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის ჭიშკარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს თელავის ცენტრალურ ნაწილში, ბახტრიონის ქუჩაზე (№ 21). სავარაუდოდ თარიღდება XVII საუკუნით.

ჭიშკარი აგურით ნაგები მოგრძო, მაღალი ნაგებობაა, ფართო, შეისრულთაღოვანი გასასვლელით ცენტრში. ეზოს მხრიდან იგი ბრტყელია, ქუჩის მხარეს კი ოთხი პილასტრით სამ ნაწილადაა დანაწევრებული, რომელთა შორის შუა თითქმის ოთხჯერ უფრო განიერია განაპირებზე. განაპირა ნაწილებში, მიწიდან ორმოცდაათიოდე სანტიმეტრის სიმაღლეზე, მოწყობილია თითო მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშა, რომელთა ზემოთ კედლის ზედაპირი აგურის ფიგურული წყობითაა გამოყვანილი. ანალოგიურადაა ნაწყობი გასასვლელის თაღსა და პილასტრებს შორის დარჩენილი სიბრტყეც. ჭიშკარი დაგვირგვინებულია ოდნავ გადმოშვერილი ლავგარდით, რომელიც ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის ორი რიგისგან შედგება. ნაგებობა გადახურულია ღარისებრი კრამიტის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]