თელავის საცხოვრებელი სახლი (ნადიკვრის 19)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი, მდებარეობს ნადიკვრის ქუჩაზე (№ 19), ვახვახიშვილების ციხის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

ნაგებია აგურით. გაირჩევა მშენებლობის ორი ეტაპი. პირველი ეტაპის მხოლოდ მარანია შემორჩენილი, რომელიც, მოგვიანებით, აღმოსავლეთისკენ წაუგრძელებიათ და ორ სათავსოდ გადაუკეთებიათ. ეს ორი სათავსო შემდგომი ეტაპის მშენებლობის დროს ცოკოლად გამოუყენებიათ. სახლი ე. წ. „გართული გეგმის“ ტიპისაა — საცხოვრებელი ოთახებითა და მათი გარეთ გატანილი, დამხმარე სადგომებით. შენობის ოთხივე ფასადი რუსული კლასიციზმისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა შემკული. კარისა და სარკმლების ღიობები დასრულებულია ერთმანეთის მონაცვლე ორი ტიპის — ფრონტონისებური და დაროსებრი თავსართებით. კარ-სარკმლებს, იატაკიდან 1 მეტრ სიმაღლეზე „გამაერთიანებელი სალტე-თარო“ შემოუყვება. ფასადებს ორსაფეხურიანი ლავგარდანი გასდევს. ფასადების ამგვარ გადაწყვეტას ვხვდებით თბილისის XIX საუკუნის 10-იანი და 20-იანი წლების სახლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]