თელავის საცხოვრებელი სახლი (ლ. კორძაძის 2)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ლადო კორძაძის ქუჩაზე (№ 2). აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია აგურით. შენობის გეგმა ერთმანეთზე სწორი კუთხით მიდგმული ორი ნაწილისგან შედგება. ქუჩის მხარეს სახლი სხვა სახლების მწკრივში დგას. რის გამოც მისი გარეგნული სახის განმსაზღვრელი — ქუჩის მხარეს მოქცეული ფასადია. ფასადზე ბრტყელი თაღით გადახურული ექვსი სარკმელი და სადარბაზო კარი გამოდის.  სარკმლების ღიობები მიწის დონიდან დაახლოებით 80 სანტიმეტრი სიმაღლეზეა. სარკმლები სადაა. მათ შორის რუსტირებული, პილასტრისებრი თითო შვერილია. სარკმლების ქვემოთ კი — იგივე სიგანის, შეღრმავებული არე, რომელშიც აგურის დეკორატიული წყობით გამოყვანილი რომბია. ჩასმული საფასადო კედელი საკმაოდ მაღალი პარაპეტით მთავრდება, რომელიც კედლის დანარჩენი ნაწილისგან მაღალი, პროფილირებული, ჰორიზონტალური სარტყლითაა გამოყოფილი. ფასადს განსაკუთრებულ იერს ანიჭებს სადარბაზო შესასვლელი — ხის, რელიეფურად დამუშავებული კარით და ამაღლებული პარაპეტით, რომლის შუაშიც წრიული ფორმის ჩაღრმავებაა. ამ არეში აგურის რელიეფური წყობით საათია გამოყვანილი. ეზოს მხარეს მოქცეული ფასადი ბევრჯერაა გადაკეთებული, მიდგმული აქვს გვიანდელი მინაშენებიც. მხოლოდ ერთგანაა შემორჩენილი ჭვირულფრიზიანი, ხის, ძველებური ჭვირული აივნის ფრაგმენტი. ეზოს მხარეს სახლს აქვს სარდაფი. შენობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]