თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 186)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 186). თარიღდება XIX საუკუნის I ნახევრით.

წარმოადგენს ქალაქური ტიპის საცხოვრებელს. შეიცავს ორ საცხოვრებელ სართულს და სარდაფს. იგი ერთი მობინადრისთვის იყო გათვალისწინებული და ერთ მთლიან ბინას შეადგენს. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ინტერიერი და სახურავისთვის გამოყენებულია ხის კოშკები. დროთა განმავლობაში მიღებული ძლიერი დაზიანებების და გადაკეთების გამო შენობის თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი, თუმცა გეგმარებითი სტრუქტურა და დეკორის ელემენტები, ძირითადად, შენარჩუნებული აქვს. საერთო აღნაგობით სახლი ორმხრივი ანფილადის ტიპს უახლოვდება. ნაგებობის გეგმა, ქუჩის გასწვრივ, მცირედ წაგრძელებულ სწორკუთხედს ქმნის, რომელსაც ორი მხრიდან ეზო აკრავს, მთავარი ფასადით კი ქუჩისკენაა მიმართული. მეოთხე კედელი, რომლითაც იგი გვერდით მდებარე სახლზეა მიბჯენილი - სრუიად ყრუა. ქუჩის მხარეს შენობა ორსართულიანია, ეზოს მხარეს კი - სამსართულიანი. სახლის ორივე სართულზე და სარდაფშიც ოთახების განლაგება იდენტურია. ინტერიერი შელესია, სართულებზე და სარდაფშიც იგი ტრადიციული, ქართული ელემენტებით, თახჩებით და განჯინებითაა დამუშავებული. გათბობისთვის გამოყენებულია კედლის ღუმლები და ბუხრები. სახლის თითოეულ სართულზე ხუთ-ხუთი ოთახია. მათგან ორი ქუჩის მხარესაა მოქცეული, ხოლო სამი - ეზოსკენ. ოტახები ერთმანეთისგან გამიჯნულია კაპიტალური კედლებით , რომელთა შორის ზოგიერთში განჯინა ზოგიერთში თახჩაა მოწყობილი. ქუჩის მხარეს მოქცეული ოთახებიდან ერთი მომცროა, მეორე - მოზრდილი. ორივე ოთახი სავაჭრო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა და გარეთკენ, ოთხი ფართო მილით იყო გახსნილი. მოგვიანებით სამი მილი ამოუშენებიათ. მათგან ორში სარკმელები, ერთში კი, სარკმელთან ერტად, შესასვლელიც მოუწყვიათ. ეზოს მხარეს მდებარე სამივე ოთახი თანაბარი ფართობისაა. სამივეში შესასვლელი აივნიდანაა. შესასვლელის გარდა, ამ კედელში თითო ფანჯარაცაა. დასავლეთით მდებარე ოთახს, კიდევ ორი ფანჯარა ვიწრო ფასადის მხარესაც აქვს. ეზოს მხარეს მდებარე ოთახები, აივნის გარდა, ერთმანეთს კარებითაც უკავშირდება. მათგან ორი - ქუჩის მხარეს მდებარე, მოზრდილ ოთახთანაც არის დაკავშირებული, ხოლო ერთია დასავლეთის - ქუჩის მხარეს მდებარე მომცრო ოთახთან. ამ უკანასკნელს დამოუკიდებელი შესასვლელი ვიწრო ფასადის მხრიდან აქვს მოწყობილი. კარის წინ არსებული ხის, ექვსსაფეხურიანი კიბის ავლით სახლის სართულები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მხოლოდ ხის, გარეგანი კიბით, რომელიც ეზოს მხარეს მდებარე აივანზე იყო მიდგმული. კიბე ამჟამად მთლიანად ჩამოშლილია.

სახლის მეორე სართულზე, ეზოს მხარეს მდებარე ოთახები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. მათ შორის კავშირი მხოლოდ აივნიდან ხორციელდება. ამავე მხრიდანვეა მოწყობილი სარკმელებიც. სამივე ოთახი ქუჩის მხარეს მდებარე ოთახებს თითო კარით უკავშირდება. ქუჩისკენ მდებარე ორივე ოთახიდან, ამ მხარეს არსებულ, დაკიდულ აივანზე კარები გადიოდა : მოზრდილი ოთახიდან - ორი, მომცროდან კი - ერთი. მოზრდილ ოთახს, აივნის მხარეს, კარების გარდა სამი სარკმელიც აქვს. მცირე ოთახი კი ორი სარკმლითაა განათებული. მათ შორის ერთი - აივანზე გადის, ხოლო მეორე - ვიწრო ფასადზე. სარდაფი ოთხ სათავსს შეიცავს. მათგან სამი, დაახლოებით თანაბარი ფართობის სათავსო ეზოს მხარეს მდებარე ნაწილშია, ხოლო ერთი - ქუჩის მხარეს მდებარე ნაწილში. მთავარი ფასადის მხარეს ამ სადგომს სამი განიერი, თარიზულად გადახურული, მკვეთრად დახრილი, საფეხუროვანი ძირის მქონე ღიობი აქვს. სადგომის კედლებში რვა ნიშაა მოწყობილი : ორ-ორი - თარიზულად გადახურული - აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ხოლო ოთხი დასავლეთ კედელში. ოთხივე გეგმით ნახევარწრიულია და კონქითაა გადახურული. აღმოსავლეთ კედლის შუაში ნიშებს შორის, თაღოვანი ბუხარია. ჩრდილოეთ კედლის კიბეებში კი კარები, რომლებიც ეზოს მხარეს განლაგებულ, მცირე სადგომებში გადის. ორივე სადგომს, ეზოს მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. შესასვლელის გარდა, ამავე კედელში თითო სარკმელიცაა. დამოუკიდებელი სარკმელი და ერთი შესასვლელი აქვს შენობის ამ ნაწილში მდებარე, მესამე სადგომსაც. ამ უკანასკნელს მეორე სარკმელიც აშუქებს, რომელიც ვიწრო ფასადზე გადის. სადგომის იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. იატაკის შუაში მცირე ქვევრია ჩაფლული. ბუხრის გარდა სადგომებში თითო ნიშაცაა კარები, ყველა სარკმელი და ნიშა სწორკუთხაა.

გადახურულია ხის ძელებით. სადგომების ჭერი ბრტყელია, შეუფიცრავი. სარდაფის წინ უმოაჯირო, ღია ბაქანია, რომელიც მხოლოდ გვერდებიდანაა შემოზღუდული. ორივე გვერდითი კედელი აგურისაა, ორივეში ბუხარია მოწყობილი. შენობის ფასადებიდან გამორჩეულია ქუჩის მხარეს მიქცეული ფასადი. ყველა ხუროთმოძღვრული დეტალი გამოყვანილია კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი აგურების წყობით. პირველი და მეორე სართულების გადახურვების დონეზე ხის შემკვრელი სარტყელია, რომელზეც დაყრდნობილი იყო ხის დაკიდული აივნის იატაკის კოჭები. ფასადის ქვედა ნაწილში, მთელ სიგრძეზე, ოთხი ფართო, მშვილდისებრი თაღით დასრულებული, შეუღრმავებელი არეა. მათ შორის სამი თანაბარი ზომისაა, ხოლო ერთი - ფასადის მარცხენა ნაწილში მდებარე - რამდენიმე უფრო განიერი. ამ უკანასკნელში ორი სარკმელია ჩასმული. მალებს ზემოთ, მალების თაღების მოხაზულობის შესაბამისად, ორსაფეხურიანი, შვერილი ზოლია გამოყვანილი. მეორე სართულის კედლის კიდეებში, გამოყვანილია თითო პილასტრი. მათ შორის კი თანაბარი ინტერვალებით, კარ-სარკმელებია განლაგებული. კარებიცა და სარკმელებიც მსვილდისებრთაღიანია და ირგვლივ სადა საპირე ევლება. ერთი პილასტრი ფასადის მარცხენა ნახევარშია, დიდი და მცირე ოთახების საზღვარზე. ეს უკანასკნელი განაპირა პილასტრებზე რამდენადმე მოკლეა და სარკმელტა ძირის დონეზე მდებარე ჰორიზონტალურ ზოლზეა დაყრდნობილი. შენობის გვერდით ფასადი თითქმის ყრუა. ფასადი ძირითადად რიყის ქვისაა, რომლებშიც თანაბარი ინტერვალებით, აგურის ორრიგიანი, თარაზულად გამავალი შვრეებია ჩართული. ფასადზე მხოლოდ სამი სარკმელი გამოდის : თითო-თითო მეორე - სართულის დონეზე, კედლის კიდეებსია, ერთი - პირველი სართულის მარცხენა კიდეში. ეზოს მხარეს, ალაზნის ველისკენ მიმართული, ორივე სართულის ფასადს, მთელ სიგრძეზე გაუყვებოდა ხის აივანი. აივნიდან მხოლოდ ორი მილიღაა შემორჩენილი - რვაწახნაგოვანი, კაპიტულებიანი სვეტებით. ფიცრული მოაჯირით, რომელშიც სხვადასხვა სახვებია ამოხერხილი და სვეტებს შორის მშვენიერი, აჟურული დეკორით შემკული ფრიზით. მოგვიანებით განაპირა მარჯვენა მალიც შეუმინავთ, როგორც ჩანს იმ დროს როდესაც აივნის ამ ბოლოში ღუმელი ააგეს. ორივე სართულიდან აივანზე გამოდის მშვილდისებრი თაღებით გადახურული კარ-სარკმელები საპირეების გარეშე. მათ შორის პირველი სართულის სარკმელები, ისევე როგორც სარდაფისა, ლითონის გისოსებითაა აღჭურვილი. კიბე აივანზე გარედან იყო მიდგმული და სანახევროდ მის

ფარგლებში იჭრებოდა. იგი როგორც ჩანს სამარშიანი ყოფილა და აივნის წინ მდგარ ორ სვეტს ეყრდნობოდა. შენობის კედლები დასრულებულია აგურით ნაწყობი, სამსაფეხურიანი ლავგარდნით დაგვირგვინებული, ყრუ პარაპეტით, შენობა გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით დახურული, ოთხკალთა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]