თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 15)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 15), აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში.

სახლი ერთსართულიანია, ნაგებია აგურით. სახლის მთავარი, ქუჩისკენ მოქცეული ფასადი იმპოზანტურად არის გადაწყვეტილი ფასადის ორივე ბოლოში ხის კეთილი მარკიზიანი, სადარბაზო კარია, რომლებსაც გვერდებზე რუსტირებული პილასტრისმაგავრი შვერილი აუყვება, შესასვლელებს შორის ხუთი განიერი, სწორკუთხა სარკმელია მაღალი, სოლისებრი „საჭექი ქვებით“ ზღუდრების შუაში. სარკმლებს შორისაც რუსტირებული, პილასტრისმაგავრი თითო შვერილია. ფასადი დასრულებულია საფეხუროვანი ლავგარდნით დაგვირგვინებული, მაღალი პარაპეტით, რომელიც დანაწევრებულია შვერილების ასწვრივ გამოყვანილი პილასტრებით. სარკმლების ზემოთ მოქცეულ ნაწილში თითო დაბალი, მოგრძო შეღრმავება. შესასვლელების ზემოთ არსებული ნაწილები კი, დანარჩენი ნაწილის მიმართ, შემაღლებული, ნახევარწრიული ფრონტონითაა დასრულებული. ცალ მხარეს სახლს ძველი ალაყაფის კარი აქვს, ინტერიერი ხალვათია. ნაწილობრივ შემორჩენილია ავთენტური იატაკი, ჭერი, კედლის ბუხრები და დარბაზები. ეზოს მხარეს სახლი სახეშეცვლილია, სარდაფები მაღალია, თაღოვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]