თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ახოსპირელის 2)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე (№ 2). აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.

სახლი დიდი ზომისაა. იგი მოხდენილადაა მორგებული საკმაოდ რთულ რელიეფს ახოსპირელის ქუჩის აღმართსა და მის გაგრძელებაზე, კიბე-ქუჩას. ახოსპირელის ქუჩის მხრიდან, სახლი ორსართულიანია. ეს ფასადი მხატვრულად საინტერესოდაა გადაწყვეტილი. კედლის ქვედა ნაწილი ნაგებია რიყის ქვისა და აგურის ჰორიზონტალური რიგების მონაცვლებით. ფასადს, ცენტრში და კიდეებზე. ორივე სართულის სიმაღლეზე, პილასტრისებრი, ვიწრო, შვერილი აუყვება. მსგავსი შვერილია გამოყვანილი სართულშუა გადახურვის დონეზეც ისე, რომ კედლის სიბრტყე ოთხ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. თითოეულ ნაწილში სარკმლის თითო ღიობია. პირველი სართულის სარკმლები სადაა. მეორე სართულის სარკმლები კი აგურით გამოყვანილ, რელიეფურ საპირეშია ჩასმული. ფასადი ფრონტონითაა დაგვირგვინებული. სახლის ამავე მხარეს, ეზოსკენ არსებული, ხის აივნების გვერდითა ფრთები გამოდის. ეზოს მხრიდან სახლი სამსართულიანია. მისი პირველი სართული დიდი, შეისრული თაღებითაა გახსნილი. მეორე და მესამე სართულების მთელ სიგრძეზე ხუს, რიკულებიანი აივნებია მოწყობილი. აივნები, ისევე როგორც აივანზე ასასვლელი კიბე, ახალია. მეორე სართულის აივანი აგურის, სწორკუთხა ფორმის ბურჯებს ეყრდნობა. აივნებზე ბრტყელი თაღით გადახურული კარ-სარკმლების ღიობები გამოდის. უკანა ფასადი ერთიან კედელს წარმოადგენს და ახოსპირელის ქუჩაზე გადის. შენობა, პირდაპირ მდგომ სახლებთან ერთად, ერთიან, ხუროთმოძღვრულ კომპლექს ქმნის. სახლი კრამიტითაა გადახურული. ნასყიდობის ქაღალდის თანახმად, მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი დგას 1800 წელს შეუძენია ვინმე მელქო თარხანოვს. თავიდან სახლი ერთსართულიანი იყო. მეორე სართული მოგვიანებითაა დაშენებული. დროთა განმავლობაში, შენობაში სხვადასხვა დაწესებულებები იყო განთავსებული, რის გამოც მან მნიშვნელოვანი გადაკეთებები განიცადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]