თელავის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი დროშა თელავის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

თელავი

რეგიონი

კახეთის მხარე

სიმჭიდროვე

84.4 [1] კაცი/კმ²

ფართობი

1094.5 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

68.000 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 81.6%
აზერბაიჯანელები 17%
ოსები 0.7%
სომხები 0.3%
რუსები 0.3%[2]

თელავის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

თელავის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიგა კახეთში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად.

გეოგრაფია

თელავის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საზღვრავს დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. თელავის მუნიციპალიტეტის ფართობია 1094,5 კვ.კმ.

რელიეფი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით რთული აგებულებისაა.

თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ნაწილი გაშლილია ალაზნის აკუმულაციურ ვაკეზე, რომელიც გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს ტექტონიკურ ერთეულს. შემოზღუდულია სამხრეთ-დასავლეთით გომბორის ქედით, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კახეთის კავკასიონით. აქაურ მიწებზე ვაკის სიმაღლე აღწევს 350-600 მ-ს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება გომბორის ქედი, რომელიც აგებულია მეზოზოური და კაინოზოური წყებებით. სწორედ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გომბორის ქედის უმაღლესი მწვერვალი - ცივი (1991 მ). მწვერვალი ცივი აგებულია მიო-პლიოცენური ფხვიერი ნალექებით - კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ასევე ანდარაზანის ქედი (კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოება), რომელიც მდინარეების დიდხევისა და ლოპოტის წყალგამყოფს წარმოადგენს. აგებულია ლიასის თიხაფიქლებით. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი (3039 მ). სამხრეთ მონაკვეთში კი აღმართულია მწვერვალი პატარა ანდარაზანი (2448 მ). თელავის მუნიციპალიტეტს უჭირავს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთი კალთები : საჯიხვე-გირგალისა და ნაქერალის შტოქედებს შორის. აგებულია იურული და ცარცული თიხაფიქლებით, აგრეთვე მერგელებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით.

შიგა წყლები

თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ჰიდროლოგიურ არტერიას ქმნის მდინარე ალაზანი და მისი აუზი. გამოსაყოფია მდინარე სტორი (სიგრძე 38 კმ), რომელიც წყალს იკრებს კახეთის კავკასიონის სამხრეთი კალთიდან. იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. მწვერვალ ცივის სამხრეთიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით იწყება მდინარე კისისხევი (სიგრძე 37 კმ), რომლის სათავეში განვითარებულია ბედლენდები.

საყურადღებო ჰიდროლოგიური ერთეულია მდინარე ლოპოტა (სიგრძე 33 კმ) მარჯვენა შენაკად დიდხევით. ლოპოტა ჩამოედინება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთიდან. იგი ჯერ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება შემდეგ კი იჭრება თელავის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში შემოსვლის შემდეგ მდინარე უხვევს დასავლეთისაკენ, ხოლო შემდეგ მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ. სოფლებს სანიორესა და ნაფარეულის გავლის შემდეგ ლოპოტა რამდენიმე ღელეს სახით მიემართება ალაზნისაკენ (ერთვის მარცხენა მხრიდან). ლოპოტა ზოგჯერ ღვარცოფულია. მისი მთავარი შენაკადია დიდხევი (სიგრძე 19 კმ).

პერიოდული მდინარეებიდან აღსანიშნავია მდინარე თურდო (სიგრძე 32 კმ), რომელიც სათავეს გომბორის ქედზე იღებს. ალაზნის ვაკეზე ქმნის გამოზიდვის კონუსს. მდინარის კვებაში მთავარ როლს თამაშობს წვიმის წყალი და შედარებით უმნიშვნელოდ თოვლის წყალი.

ტიპური სელური მდინარეა თელავისხევი (სიგრძე 21 კმ), რომელიც ალაზანს მარჯვნიდან შეერთვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება ასევე პატარა მდინარეები აკურისხევი (სიგრძე 9 კმ) და ვანთისხევი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებით ღარიბია.

ჰავა

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 39°, ნალექები 700-800 მმ წელიწადში.

გომბორის ქედზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. ცივის მწვერვალზე ტემპერატურა უდრის 4° -ს. კახეთის კავკასიონზე ზღვის დონიდან 1200 მ-მდე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ნალექები 1150 მმ. სუბალპურ ზონაში ნალექიანობა მატულობს 2000 მმ-მდე. ქალაქ თელავში ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. ნალექები 770 მმ წელიდადში.

ნიადაგები

ალაზნის მარცხენა მხარეზე ჩამოყალიბებულია მდელო-ტყის ალუვიური უკარბონატო ნიადაგი. მარჯვენა მხარეზე კი ალუვიური კარბონატული ნიადაგი. მთისწინეთის ზონაში განვითარებულია ყავისფერი ნიადაგი. კახეთის კავკასიონისა და ქედების კალთების ქვემო ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის ქვეშ, გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგი. გომბორის ქედის კირქვიან კონგლომერატებზე გვხვდება ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი.

ლანდშაფტები

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები :

  1. გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით პროლუვიური და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგებით;
  2. გამოზიდვის კონუსებიანი მთისწინეთი მუხნარით, ტყის ყავისფერი და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგებით;
  3. დაბალი მთები მუხნარით და მუხნარ-რცხილნარით ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;
  4. საშუალო მთები წიფლის, მუხისა და წაბლის ტყეებით, ტყის ყომრალი ნიადაგებით;
  5. სუბალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით;
  6. ალპური მდელოს ლანდშაფტი მთის მდელოს ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა

ფლორა

მუნიციპალიტეტის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს მთისწინეთის და დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარსა და სხვა ფართოფოთლოვან ტყეებს. ალაზნის ვაკეზე შემორჩენილია ლეშამბიანი ტყე.

გომბორის ქედის საშუალმთიანეთში გვხვდება მუხნარ-რცხილნარი და წიფლნარი. ზღვის დონიდან 2000 მ-მდე გაბატონებულია წიფლნარი, რომელშიც შერეულია რცხილა და არყის ხე. კახეთის კავკასიონის კალთაზე ზღვის დონიდან 800-1000 მ-მდე გაბატონებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელშიც შერეულია წიფელი, ზოგან ცაცხვი და წაბლი.

ზღვის დონიდან 2500 მ-მდე გვხვდება ტყე, ბუჩქნარი და მდელოები.

ფაუნა

თელავის მუნიციპალიტეტის ფაუნას შეადგენენ: მურა დათვი, არჩვი, შველი; თითქმის ყველგანაა კურდღელი, მგელი, მელა, ტურა, მემინდვრია, ვირთაგვა, ძილგუდა, გარეული ღორი და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან : ბუ, არწივი, კოდალა, ყვავი და ა.შ.

მდინარეებში გვხვდება კარჩხალი, ხრამული, კობრი, გოჭალა, ჭანარი და სხვ.

მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 71 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 84 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 31 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 30 სოფელი. დიდი სოფელია ყარაჯალა (8 ათასი).

თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები: ლაფანყური, ნაფარეული, სანიორე, ფშაველი, ართანა, ლეჩური, ლალისყური, თეთრი წყლები, პანტიანი, იყალთო, ვარდისუბანი, რუისპირი, ყარაჯალა, გულგულა, კურდღელაური, შალაური, ნასამხრალი, კისისხევი, კონდოლი, წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა.

ეკონომიკა

წამყვანი დარგია მევენახეობა, განვითარებულია აგრეთვე მებაღეობა, მარცვლეულის წარმოება, მებოსტნეობა, ეთერზეთოვანი კულტურების, ხორცისა და რძის წარმოება. მნიშვნელოვანი საწარმოებია ღვინის ქარხნები, კვების და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო მაგისტრალი. თელავი საჰაერო გზით დაკავშირებულია თუშეთთან.

კულტურა

რაიონში 34 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 7 საშუალო პროფესიული და 2 უმაღლესი სასწავლებელი (იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თელავის ფილიალი), 33 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი (ვაჟა-ფშაველას სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრი) და 2 მუზეუმი (ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი), თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, 5 სამუსიკო სკოლა.

ღირსშესანიშნაობანი

თელავის მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაარსებულია ერთ-ერთი ასურელი მამის ზენონ იყალთოელის მიერ VI საუკუნეში. აღსანიშნავია ასევე ძველი შუამთის მონასტერი. ანსამბლში შედის V საუკუნის ბაზილიკა, გუმბათოვანი და მცირე გუმბათოვანი ეკლესია. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II -ის მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი.

სოფელ კისისხევში დგას უძველესი (VI-VII სს) ღვთისმშობლის ეკლესია. სოფელ აკურას მიდამოებშია მამადავითის მონასტერი. სოფელ რუისპირში ასევე შემონახულია ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები.

  • სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლებია : ვანთის სასახლის კომლექსი, ადამაანთ ციხე და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

კახეთის რეგიონის ოფიციალური საიტი

ლიტერატურა

  • სულხანიშვილი ნ., ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 645-647.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • საბაშვილი მ., საქართველოს სსრ ნიადაგები, თბ., 1965;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

სქოლიო