შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ გოჩიტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეიმურაზ შალვას ძე გოჩიტაშვილი (დ. 30 სექტემბერი, 1946, სოფ. ბოდბე, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი) — ქართველი გეოლოგი, მეცნიერი სამთო მექანიკის, ენერგეტიკული რესურსებისა და მილსადენი ტრანსპორტის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1989), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1999), მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემიის წევრი (1997).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიური ფაკულეტეტი (1969) და ოქსფორდის ნავთობისა და ენერგეტიკული კვლევების კოლეჯი (1997). 1969-2006 მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში (1989 წლიდან — მთავარი მეცნიერ თანამშრომელი). 1979-2006 წლებში ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, შემდეგ — საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა სამთო სატრანსპორტო სისტემების ჯგუფს. 1994 წლიდან იყო რამდენიმე საერთაშ. პროგრამის ექსპერტი სამთო მრეწველობასა და ენერგეტიკაში, 1996–2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 2001-2002 წლებში სს „თბილგაზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლიდან ამავე კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. გოჩიტაშვილის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეხება მაგისტრალური მილსადენი სისტემების საიმედოობისა და მოწყობილობათა ჰიდროაბრაზიული ცვეთის, სათბობი რესურსების ტრანსპორტირებისა და გამოყენების საკითხებს.

  • საქართველოს ენერგეტიკა. გაზის სექტორის განვითარების პრიორიტეტები (ავტორი). - თბილისი, „მერიდიანი“, 2012. - 70გვ.. - ISBN: 978-9941-10-665-1
  • საქართველოს მაგისტრალური ნავთობ- და გაზსადენები : მონოგრაფია (თანაავტორი) // ნაწ. 1 : მაგისტრალური მილსადენების ფუნქციონირების ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სამართლებრივი და გეოპოლიტიკური ასპექტები. ნაწ. 2 : მაგისტრალური მილსადენების დაპროექტებისა და მშენებლობის საფუძვლები. - თბილისი, „მერიდიანი“, 2012
  • ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი მარშრუტები და თანამედროვე ტექნოლოგიები = NG new supply chains and modern technologies (ავტორი). - თბილისი, 2004. - 130გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]