თეთრსისხლა წერისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრსისხლა წერისებრნი

Channichthys aelita
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ოჯახი:  თეთრსისხლა წერისებრნი
ლათინური სახელი
Channichthyidae (T. N. Gill, 1861)

თეთრსისხლა წერისებრნი[1] (ლათ. Channichthyidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. ტანზე ქერცლი არ აქვთ, სიგრძეში 75 სმ-მდე არიან. შეფერილობა მოთეთროა შავი ლაქებით, ზოგჯერ მომწვანო და მოწითალო ელფერით. თავი დიდია; ყბები კბილიანია. აქვთ ზურგის ორი ფარფლი, პირველი — წვრილი ეკლიანი სხივებით. გვერდითი ხაზები 2 ან 3-ია. სისხლი უფერულია, თითქმის არ შეიცავს ერითროციტებს; ჟანგბადი შედის სხეულის კანის საფრის კაპილაური ქსელის მეშვეობით და გადაადგილდება პლაზმით. საცურავი ბუშტი არ აქვთ. ცნობილია 11 გვარი და დაახლოებით 20 სახეობა. მათი უმრავლესობა ანტარქტიკის, სუბანტარქტიკისა და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ განედებში გვხვდება. ფსკერის თევზებია, ბინადრობენ ძირითადად 700 მეტრამდე სიღრმეზე, Chionobathyscus dewitti — 1–2 ათას მეტრამდე. სქესობრივად მწიფდებიან 3–7 წლის ასაკში. შემოდგომაზე ფსკერზე ყრიან მსხვილ ქვირითს (დიამეტრი 4–5 მმ). ლიფსიტები ვითარდებიან წყლის სიღრმეში. იკვებებიან კრილითა და თევზით. რეწვის ობიექტებია; ხორცი და ქვირითი მაღალი საგემოვნო თვისებებით ხასიათდება.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. crocodile icefish — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Котляр А. Н. Белокровные рыбы // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 234.