თეთრი სამღვდელოება
თეთრი სამღვდელოება — მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებიც, შავი სამღვდელოებისაგან განსხვავებით, ცოლიანები არიან. ღვთისმსახურებისათვის გამორჩეულ კანდიდატს ჯვარი ხელდასხმამდე, ანუ დიაკვნად კურთხევამდე, უნდა ჰქონდეს დაწერილი. თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელს მეორედ ქორწინების უფლება არა აქვს.
იერარქიის მიხედვით, თეთრი სამღვდელოების წევრები არიან პროტოპრესვიტერი, დეკანოზი და დიაკონი. დადგენილი წესით, ისინი მუქი, უპირატესად შავი კაბით ან ანაფორით იმოსებიან და წვერთან ერთად მოზრდილ თმასაც ატარებენ. თეთრი სამღვდელოების ყველა წარმომადგენელი, გარდა დიაკვნისა, სამკერდე ჯვარს ატარებს. ამასთან დამსახურების მიხედვით მათ შეიძლება ენქერის, მიტრის ან გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებაც ჰქონდეთ მინიჭებული. თეთრი სამღვდელოების წევრს, საერო პირთა მსგავსად, შეუძლია ჰქონდეს საკუთარი, მათ შორის უძრავი ქონება. თეთრი სამღვდელოების ყველა წარმომადგენელი ვალდებულია იმ ეპარქიის ეპისკოპოსს დაემორჩილოს, რომელშიც მსახურობს და საეკლესიო საქმეთა აღსრულებისას მისი კურთხევით იმოქმედოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოპლატაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 10.