შინაარსზე გადასვლა

თეთრი ლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრი ლექსი — მეტრულად მოწესრიგებული, მაგრამ გაურითმავი ლექსი.

რითმიანი ლექსისგან განსხვავებით, თეთრ ლექსში სტრიქონთა დაბოლოებანი ბგერითი თანხმიერების თვალსაზრისით ცარიელია, „თეთრია“, ხოლო ვერლიბრისაგან განსხვავებით, თეთრი ლექსი ინარჩუნებს მეტრულ წესრიგს. ურითმობა მხოლოდ რითმიანი ლექსის ფონზე აღიქმება, ამიტომ იმ სალექსო სისტემების მიმართ, სადაც რითმა საერთოდ არ გამოიყენება ამ ტერმინის ხმარება მართებული არ არის.

თეთრი ლექსი განსაკუთრებით კარგად ეგუება დრამატულ ნაწარმოებთა სპეციფიკას. ევროპაში ამ ფორმის გავრცელება, ჩვეულებრივ, უილიამ შექსპირის პიესებს უკავშირდება. ქართულ პოეზიაში თეთრი ლექსის ნიმუშია შექსპირის პიესების ივანე მაჩაბლისეული თარგმანები, გრიგოლ ორბელიანის „მუშა ბოქულაძე“.

რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,

ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა?

მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,

ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული,

კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა,

სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,

ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია

შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა-პურისა!..

— გ. ორბელიანი, „მუშა ბოქულაძე“ (ფრაგმენტი), 1877.