თეთრიწყლების სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრიწყლების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ თეთრი წყლების შუაგულში. თარიღდება ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნით. ცნობილი გახდა 1949 წელს როცა თელავის სახელმწიფო ისტიტუტის მუზეუმისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მიიტანეს ბრინჯაოს მახვილები და სხვა სამარხეული ინვენტარი. არქეოლოგიური მასალა უხვად აღმოჩნდა 1953 წელს სოფლის ცენტრში ელექტროსადგურის მშენებლობის დროს 1965 წელს ჩატარებული დაზვერვითი ექსპედიციის დროს გაირკვა, რომ სოფელი გაშენებულია ძველი სამაროვნის ტერიტორიაზე რომელიციც გამუდმებით ზიანდებოდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გამო.

ძეგლის შესასწავლად გაკეთდა თხრილი რომელშიც 1 მ-ის სიღრმეზე გამოვლინდა 6 სამარხი. ნიადაგის სინოტივის გამო, სამარხეული ინვენტარი ცუდად იყო შემონახული. სამაროვანზეგათხრითი სამუშაოები ჩატარდა 1966, 1972 და 1974 წლებში. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შემდეგ არქეოლოგიური კვლევის ცენტრის და კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღვანელი კ. ფირცხელაური) მიერ. ორმოსამარხები სწორკუთხაა, დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. დაზიანებულ სამარხებში მიცვალებულთა დამარხვის პოზა არ დგინდება, დანარჩენ სამარხებში მიცვალებულები წვანან მარჯვენა(მამაკაცები) ან მარცხენა(ქალები) გვერდზე, ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით დასავლეთისკენ. ძეგლზე გამოვლინდა წვრილმარცვლოვანი, ქვიშანარევი თიხისაგან სამეურნეო მორგვზე დამზადებული, შავად, ყავისფრად ან ნაცრისფრად გამომწვარი, თხელკედლიანი ჭურჭელი (დოქი, კათხა, კოჭობი, ლანგარი, ჯამი, დენგი, ქოთანი, ქვაბქოთანა); მშვილდ-საკინძების ტიპის ბრინჯაოს საკინძი; თავგახსნილი,ერთმანეთზე თავგადადებული, მრგვალ-ბრტყელი, ჭდეულზედაპირიანი სამაჯურები; საარდიონის რამდენიმე ტიპის(სფერული, მრგვალ-ბრტყელი, ცილინდრული, შინდისებრი და სხვა, როგორც ორმხრივად, ისე ცალმხრივად გახვრეტილი) და თეთრი და ცისფერი პასტის ცილინდრული ლილისა თუ სფერული ფორმის მძივები დადასტურდა. აგრეთვე, ძვლის ან ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი მავთულისაგან დამზადებული, თავთან მრგვალი ან ოვალურნახვრეტიანი ნემსმახათები, ბრინჯაოს მდიდრულად ორნამენტირებული, მთლიანად სხმული მახვილები, სატევარი (ორი სატარე მანჭვლით); რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი (დაზიანებული); ძვლის ყუნწიანი ისრისპირი. ზოგიერთ სამარხში დადასტურდა ცხვრის მთლიანი ჩონჩხი. სამაროვანზე გვხვდება ეგრეთ წოდებული სამახსოვრო სამარხები (კენოტაფები) - სამარხები მიცვალებულის გარეშე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]