თედო რაზიკაშვილი
| თედო რაზიკაშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 13 ნოემბერი, 1869 |
| დაბადების ადგილი | ჩარგალი, დუშეთის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 19 იანვარი, 1922[1] (52 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ხელთუბანი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
| საქმიანობა | მწერალი[1] |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს სსრ |
| ნათესავ(ებ)ი | ვაჟა-ფშაველა და ბაჩანა |
თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1869, ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი, 1922, ხელთუბანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი, დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში) — ქართველი მწერალი. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1869 წლის 13 ნოემბერს (ახ. სტ.) სოფელ ჩარგალში. ექვსი წლის შეიყვანეს ჩარგლის დაწყებით სკოლაში. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. სემინარიაში ყოფნის წლებს ეკუთვნის თედოს პირველი პოეტური ცდა. 1886 წელს დაწერა ლექსი „მწყემსის სიმღერა“ და მოთხრობა „ნიბლია“.[2]
სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ თედო ერთი წლით უადგილოდ დარჩა. 1890 წელს კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ის სოფელ ხელთუბნის (გორიდან 7 კილომეტრის დაშორებით) სკოლის მასწავლებლად დანიშნა, სადაც 1905 წლამდე მუშაობდა.
დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები დაიქსაქსნენ: გიორგი თიანეთში დასახლდა და იქ ვექილობდა, ბაჩანა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში მასწავლებლობდა, ალექსანდრე თბილისში მსახურობდა. ჩარგალში მარტო ვაჟა დარჩა. ვაჟამ მოინდომა სოფელ ჩარგალში მამის ადგილას თედოს მღვდლად დანიშვნა, მაგრამ თედო არ დათანხმდა და საბოლოოდ ხელთუბანში დამკვიდრდა. იქ მასწავლებლობასთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასა და სოფლის მეურნეობასაც ეწეოდა. სოფელ ხელთუბანში იქორწინა ღარიბი გლეხის იშხანაშვილის ქალზე.[2]
1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 წელს სახლკარი გადაუწვეს. ერთხანს ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.
1890 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიკაციური წერილები და სხვა. რაზიკაშვილმა განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი აღიზარდა სამოციანელების, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრამული იდეები (მოთხრობები:„კოდალა“, 1900; „ცასწაალამ როგორ მოიხვეჭა სახელი“, 1906; ლექსი „ვაი ისე თუ სოფელმა...“, 1893 და სხვა). რაზიკაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია:პატრიოტიზმი (ლექსები: „ძმასთან მიწერილი“, 1891; „არაგვს“, 1898; „აკაკის“, 1919; მოთხრობა „ცირცელი“, 1899 და სხვა), ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: „ელეგია“, 1891; „გამხნევდით“, 1892; პოემა „შავი ფიქრები“, 1891 და სხვა), რევოლუციური სინამდვილე (ლექსები: „რაღა დროს ტკბილი ხმებია“, „გაზაფხული“, ორივე 1905; მოთხრობები: „ყორანი“, დაიბეჭდა 1934; „აშუღი მიმინო“, 1902; „გაზაფხულის სუნი“, 1905; „მოვლენ! მოვლენ!“, 1906 და სხვა).
განსაკუთრებით პოპულარულია რაზიკაშვილის საბავშვო მოთხრობები, რომელთა თემატიკაც ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ამოცანებით იყო განსაზღვრული. ჰუმანიზმითა და პატრიოტიზმით, ჩაგრულისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული რაზიკაშვილის თხზულებები თავისუფალია მშრალი დიდაქტიზმისაგან; ისინი მკითხველს ხიბლავენ მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით, მსუბუქი და ხატოვანი ენით; ბავშვს ძალდაუტანებლად აწვდიან ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველთა და ფრინველთა შესახებ („ნიბლია“, 1886; დაიბეჭდა 1891; „იის ამბავი“, 1890; „გარიელა“, 1892; „ფითრი“, 1896; „მონადირე“, 1903; „ქორის ბახალა“, 1908 და სხვა). რაზიკაშვილი ხალხური სიტყვიერების ცნობილი შემკრები იყო (შეკრიბა 3000-ზე მეტი ლექსი, 200-ზე მეტი ზღაპარი, ლეგენდა და სხვა), შეადგინა ხალხური ლექსიკონი (დაიბეჭდა „ივერიაში“, 1900).
თედო რაზიკაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ ფოლკლორისტიკაში. მან 3 000-ზე მეტი ლექსი, ასობით ზღაპარი და ლეგენდა შეკრიბა, შეადგინა ხალხური სიტყვიერების ლექსიკონი, რომელიც 1900 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა.
1922 წელს მოკლეს ყაჩაღებმა სოფ. ხელთუბანში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კინწურაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 290.
- სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბ., 1953, გვ. 317–320.
- ზანდუკელი მ., ლიტერატურული ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1961;
- მახარაძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, გამოც. მე-3, ტ. 2 თბ., 1974;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბ., 1974;
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 312, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თედო რაზიკაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თედო რაზიკაშვილი
- თედო რაზიკაშვილი — განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ 2.0 2.1 მამულიშვილთა სავანე // „დუშეთის მაცნე“, 15 მარტი, 2022, № 1 (110), გვ. 7.