თედორე ბუაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუაჩიძე.

თედორე (სოსო) მოსეს ძე ბუაჩიძე (დ. 1900, დაბა ხარაგაული ― გ. 1937) — სამხედრო მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1917 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისში, შემდეგ ხონის საოსტატო სემინარიაში. 1918-1920 წლებში პარტიულ ორგანიზატორად მუშაობდა შორაპნისა და გორის მაზრებში, აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული აჯანყების (1919 ოქტომბერი) მომზადებაში, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 წელს ბაქოში გაასახლეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის აპრილიდან მუშაობს პარტიის თელავის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1922 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო (ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში). 1924-1928 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, შემდეგ იყო ქართველ მსროლელთა დივიზიის სამხედრო კომისარი და პოლიტიკური განყოფილების უფროსი, ხოლო 1931 წლიდან - ფრუნზეს სახელობის მეორე ქართველ მსროლელთა დივიზიის მეთაური და სამხედრო კომისარი.

ბუაჩიძე იყო საკ. კპ (ბ) XVI და XVII ყრილობების დელეგატი, საქ. კპ (ბ) თბილისის საქალაქო კომიტეტის, საქ. კპ (ბ) ცკ-ისა და სსრკ ცაკის წევრი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. რეპრერისებულია (მოკლეს დაკითხვის დროს); სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივანიძე კ., ქსე, ტ. 2, გვ. 547, თბ., 1977
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 487, თბ., 1997