თეატინელები

თეატინელები, ოფიციალურად რეგულარულ სამღვდელოთა კონგრეგაცია (ლათ. Ordo Clericorum Regularium, Ordo regularum theatinum) — რომის კათოლიკური ეკლესიის მონაზვნური კონგრეგაცია, დაარსეს 1524 წელს კიეტის (ლათ. Teate) ეპისკოპოსმა ჯან პიეტრო კარაფამ (მომავალი პაპი პავლე IV) და წმ. გაეტან თიენელმა. 1540 წელს დაამტკიცა პაპმა პავლე III-მ.
ორდენმა მიიღო ავგუსტინელი ბერების წესდება. იგი დაარსდა კონტრრეფორმატული მოძრაობის დროს და მიზნად ისახავდა სამღვდელოების ზნეობის ამაღლებას, კათოლიკური აღმსარებლობის განმტკიცებას და გავრცელებას, ერეტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლას. თეატინელები უარყოფდნენ ყოველგვარ საკუთრებას, ცხოვრობდნენ ღმერთს მინდობილნი, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ ავადმყოფთა და მომაკვდავთა მიმართ. ორდენის ძირითადი სამყოფელი იყო ნეაპოლი და ვენეცია, საიდანაც გავრცელდნენ მთელ იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესპანეთში. მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ კავკასიაში, სპარსეთსა და ინდოეთში. XVIII საუკუნიდან თეატინელთა გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ორდენი დღესაც არსებობს და ითვლის დაახლოებით 160 წევრს.
თეატინელები საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1626 მაისში რომის სჯულის პროპაგანდის კონგრეგაციამ („დე პროპაგანდა ფიდე“) მიიღო დეკრეტი საქართველოში თეატინელთა ორდენის მისიონის დაარსების შესახებ. 1628 წლის დეკემბერში პაპ ურბან VIII-ის დავალებით საქართველოში ჩამოვიდნენ თეატინელი ბერები — პიეტრო ავიტაბილე და ჯაკომო დი სტეფანო, 1631 წელს — არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე ჯუდიჩე, 1632 წელს — კიდევ ექვსი თეატინელი ბერი, მათ შორის კრისტოფორო დე კასტელი. მეფე თეიმურაზ I-ის ხელშეწყობით მისიონერები გორში დაფუძდნენ, მეფის მიერ ნაჩუქარი დაზიანებული ეკლესია წმ. პეტრეს სახელზე აღადგინეს. იქვე ფუნქციონირებდა სასულიერო სასწავლებელიც. 1633 წელს საქართველოს მისიონი დაუქვემდებარეს ისპაჰანის ეპისკოპოსს.
მომდევნო წლებში გორის მისიონი მნიშვნელოვნად დასუსტდა. თეიმურაზ მეფესთან როსტომის გამარჯვების შემდეგ თეატინელებს ქართლის ხელისუფლების მხარდაჭერა მოაკლდათ. 1633 წელს ოდიშში გადავიდნენ არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე ჯუდიჩე, გურიაში კი — ქრისტეფორო დე კასტელი ორ მისიონერთან ერთად. შემცირებული გორის მისიონი ევროპიდან ახალი წევრებით — ფრანცისკო-მარია მაჯო და კლემენტე გალანო – შეივსო. გორის თეატინელთა ეკლესია დაინგრა 1635 წელს თეიმურაზსა და როსტომს შორის ომის დროს. 1638 წლისათვის თეატინელებმა გორი დატოვეს.

დასავლეთ საქართველოში გადასულ თეატინელებს დიდ დახმარებას უწევდა პატრიარქი მალაქია II. თეატინელი მისიონერები აქტიურად ებრძოდნენ ტყვის სყიდვას, აარსებდნენ კათოლიკურ სკოლებს, ზრუნავდნენ განათლებასა და კათოლიკობის გავრცელებაზე, უწევდნენ ხალხს საექიმო დახმარებას. 1639 წელს მალაქიას სიკვდილის შემდეგ ვახტანგ II გურიელმა მისიონერები გურიიდან განდევნა. ისინი ოდიშში გადავიდნენ, სადაც ლევან II დადიანის მფარველობით სარგებლობდნენ. 1644 წლის მაისში იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის მიწვევით ქრისტეფორო დე კასტელი ჩავიდა ქუთაისში, სადაც თეატინელებმა მიიღეს წმ. სოფიოს სახელობის ეკლესია და რამდენიმე სახლი. თეატინელთა მისიონმა ქუთაისში ორიოდე წელი იარსება. ლევან II დადიანის მოთხოვნით, კრისტოფორო დე კასტელის საბოლოოდ სამეგრელოში დაბრუნება მოუწია. თეატინელთა ყოფილი ეკლესია სავარაუდოდ 1692 წელს, თურქების მიერ ქალაქის გადაწვის დროს განადგურდა.
1657 წელს ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ საქართველოში აღარ დარჩა კათოლიკე მისიონრების მფარველი მთავარი. თეატინელთა მისიონი 1660 წელს უკვე პრაქტიკულად გაუქმებული იყო. 1700 წელს პატრი ტორიჩელის გარდაცვალებით საბოლოოდ დასრულდა თეატინელთა სამოცდაათწლიანი მისია ოდიშის სამთავროში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა ზაზა (თევზაძე), თეატინელები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.
- ნაცვლიშვილი ნ., კათოლიკური ეკლესიები საქართველოში: ისტორია და არქიტექტურა, სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2019.
- სურგულაძე კ., დიასამიძე ხ., ბარამძე ი., კოპალეიშვილი ტ., კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუკუნეებში, თბ., 2022.