შინაარსზე გადასვლა

თბური ტუმბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბური ტუმბო — სითბოს ტრანსფორმატორი, რომელიც შებრუნებული თერმოდინამიკური პროცესის განხორციელებისას უზრუნველყოფს სითბოს დაბალი პოტენციალიდან (გარემომცველი გარემოს — ჰაერი, წყალი, ტექნიკური სითბოს ნარჩენები) თბური ენერგიის გადატანას სითბოს მომხმარებლისაკენ.

ამ პროცესის განხორციელებას ემსახურება მუშა ნივთიერება (მაგ., ფრეონები), რომლის ცირკულირებას უზრუნველყოფს თბური ტუმბოს კომპრესორი ამაორთქლებლის და კონდენსატორის გავლით. თბური ტუმბო შედგება კომპრესორის, ელექტროძრავის, ამაორთქლებლისა და კონდენსატორისაგან. მუშა ნივთიერება ორთქლდება ამაორთქლებელში გარემოს დაბალტემპერატურული სითბოს ხარჯზე. შემდეგ მისი ტემპეატურა მაღლდება კომპრესორში და გადადის კონდენსატორში, სადაც იგი კონდენსირდება — გადასცემს რა სითბოს მომხმარებელს უფრო მაღალი ტემპერატურით.

თბური ტუმბოს უმარტივეს მაგალითს წარმოადგენს ინდივიდუალური კონდიციონერი შენობაში ჰაერის გაგრილების (ზაფხულში) და გათბობის (ზამთარში) უზრუნველსაყოფად. ამგვარად, ერთი და იგივე დანადგარი უზრუნველყოფს შენობის სიცივით და სითბოთი დაკმაყოფილებას. თბური ტუმბოს ძირითადი ენერგეტიკული მახასიათებელია ე.წ. სითბოს ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, რომლის პრაქტიკული მნიშვნელობაა 2–4, რაც ნიშნავს იმას, რომ თბური ტუმბო მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგორესურსებს.

  • ვეზირიშვილი ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • ვეზირიშვილი ო., პაპავა ლ., თბომასაგადამცემი დანადგარები და თბოფიკაცია, თბ., 2009.